Express News

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი-არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ირაკლი ზაქარეიშვილის დღევანდელ ინტერვიუს,ძნელია მის გამონათქვამებს მშვიდად შეხედო


არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ირაკლი ზაქარეიშვილის დღევანდელ ინტერვიუს, რომელიც მან ერთ-ერთ სააგენტოს მისცა. ძნელია მის გამონათქვამებს მშვიდად შეხედო. მისი არჩევანია, რა ღირებულებების მატარებელ ადამიანს დაიცავს და ამაში ვერავინ გაკიცხავს, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რომელიც ადვოკატმა, ზოგადად ადამიანმა არ უნდა გადალახოს. 

გურამ გირგვლიანის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე პასუხს არ გავცემ, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაზეც რესპოდენტი საუბრობს და რის შესახებაც სწორი ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამ ბატონის ნებაა რა თქმა უნდა, სასამართლოში წავა თუ სად. არც ის ვიცი ნასამართლევი არის თუ არა, ეს თემა საერთოდ განხილვის საგანი იყო თუ არა სადმე ან საერთოდ ვინმეს აინტერესებს თუ არა მისი ნასამართლეობა.


1. კომპენსაციასთან დაკავშირებით: წინა ხელისუფლების მხრიდან მართლაც მოხდა გირგვლიანების ოჯახისთვის დიდი თანხის - ნახევარი მილიონი დოლარის და ასევე „თბილისში ნებისმიერი შენობის საკუთრებაში გადაცემის“ შეთავაზება გაჩუმების სანაცვლოდ. ზედმეტად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ირინა ენუქიძეს და გურამ გირგვლინს შეთავაზება არ მიუღიათ. რაც შეეხება ევროსასამართლოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაციის თანხას - გურამ გირგვლიანს იქედან არც ერთი თეთრი არ აუღია. ამ თანხით სვანეთში აშენდა სანდროს სახელზე სახლი, სადაც მის მეგობრებს აქვთ შესაძლებლობა ავიდნენ ნებისმიერ დროს. ეს სახლი ფუნქციონირებს როგორც სალონი. ამ სახლმა წელს უმასპინძლა სამთო-სათხილამურო ჩემპიონატს, რომლის გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები "სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდი"-სგან (ამსახველი ფოტო-მასალა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ბ-ნი გურამ გირგვლიანის გვერდზე).

2. ძიებასთან დაკავშირებით: საქმე შედგება რამდენიმე ეპიზოდისგან, რომელთაგან ერთ-ერთი არის ოქროყანას ეპიზოდი. რესპოდენტს მოჰყვას ამონარიდი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომლის ერთ-ერთი პასაჟის მიხედვით, სასამართლოს არ დაუსკვნია, რომ დანაშულის საფუძველი კაფე „შარდენის“ სუფრის წევრების ბრძანება იყო. ბატონ ირაკლის მინდა შევახსენო, რომ საქართველოს შსს სამინისტრომ, შემდგომ კი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაანადგურეს მტკიცებულები და არ ჩაატრეს საქმეზე ყოვლისმომცველი გამოძიება. სწორედ იმის გამო, რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილად ჩატარებული, ხოლო მტკიცებულები განადგურებული (შეგახსენებთ ბ-ნი ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოკამერიდან ამოღებული ჩანაწერის „გაქრობას“, რომელზეც ასახული იყო ობიექტების გადაადგილება ოქროყანის სასაფლაოს მიმართულებით; ანძების მიხედვით სატელეფონო საუბრების ამოღებას და შემდგომ საქმის მასალებიდან „გაქრობას“ და ა.შ.), ევროსასამრთლომ დაადგინა, რომ საქმე ფალსიფიცირებული იყო და ამ ფალსიფიცირებაში ჩართული იყო მთელი ხელისუფლება. სწორედ ამ დარღვევის - საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩაუტარებლობისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გამო დაევალა საქართველოს, რათა ჩაატროს საქმის ხელახლა გამოძიება.

3. ბატონმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა კუდის თანამშრომლების მიერ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან შემხებლობა. ვისაც წაუკითხავს როგორც საქართველოს, ისე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები გირგვლიანის საქმეზე, ეს გარემოება დადასტურებულია და ის ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. განაჩენები არის დამდგარი კუდის თანამშრომლების მიმართ (ბატონები: გ. ალანია, ა.აფციაური, ა.ღაჭავა, მ.ბიბილურიძე). უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებაში (საქმე #177აპ) მითითებულია, რომ ბ-ნი გ.ალანია იყო კუდის პირველი სამმართველოს უფროსი (განჩინება, პარაგრაფი 4), ბატონები: ა.აფციაური და ა.ღაჭავა - ალანიას დაქვემდებარებული სამმართველოს თანამშრომლები), ხოლო ბ-ნი მ.ბიბილურიძე - კუდის მეორე განყოფილების უფროსი.

4. რესპოდენტის განცხადებით სანდრო გირგვლიანი არ უწამებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე ნათლად სჩანს ის, თუ რა დაზიანებები აღენიშნება სანდრო გირგვლიანს (განგებ არ ვურთავ ფოტოებს), მინდა მეტი სიცხადისთვის მოვიშველიო საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 28.01.2006წ-17.02.2006წ. N116 დასკვნა, რომელიც წარდგენილი იქნა თავის დროზე ევროპული სასამართლოსათვის, ასევე თავად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებშიც ვკითხულობთ :

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 28.01.2006წ-17.02.2006წ. N116 დასკვნის მიხედვით:

ა) სანდრო გირგვლიანის გვამზე, კისრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა 11 (თერთმეტი), ხოლო მარცხენა მხრის არეში 1 (ერთი) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელთაგან ჭრილობა პირობითად N7 შემავალია ხორხის სანათურში, ჭრილობები პირობითად N1,N2,N3,N4,N5,N6,N9,N10,N11 აზიანებენ კანს და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებს, ხოლო ჭრილობები პირობითად N8 და N12 აზიანებენ კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებს და კუნთებს.

აღნიშნული ჭრილობები მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად.

ბ) გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობისა, სანდრო გირგვლიანის გვამზე აღინიშნებოდა ხაზოვანი და რკალოვანი ფორმის ნაკვეთი ჭრილობები, კერძოდ: მარცხენა წინა მხარეზე 7 შვიდი) განივად მდებარე, მარცხენა მხარეზე 4 (ოთხი) განივად მდებარე, მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე ერთი განივად მდებარე, სიგრძეებით: 7.6სმ, 5.0სმ, 7.5სმ, 7.8სმ, 7.0 სმ, 7.2 სმ, 6.8 სმ, 7.4 სმ, 8.3 სმ, 4.0 სმ, 7.0 სმ ჭრილობები. მარცხენა მხარეზე არსებულ განივ ჭრილობებს კვეთს სიგრძივად მდებარე ნაკვეთი ჭრილობა, სიგრძით 12.8სმ; წინა მხარზე განივარ მდებარე ჭრილობებს კვეთს სიგრძივად მდებარე რკალოვანი ფორმის ორი ნაკვეთი ჭრილობა სიგრძით 13.0 სმ და 13.3 ს. ამავე წინა მხრის გარეთა ზედაპირზე, წინა და უკანა ზედაპირების საზღვარზე, აღინიშნება სიგრძივად მდებარე ასეთივე ხასიათის ნაკვეთი ჭრილობა, ხაზოვანი - მცირე რკალოვანი ფორმის, სიგრძით 12.0 სმ. ამავე წინა მხრის უკანა ზედაპირზე, ზედა ნახევარში აღნიშნება ასეთივე სიგრძივად მდებარე ნაკვეთი ჭრილობა 9.5 სმ.

აღნიშნული ჭრილობები განვითარებული არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

გ)გვამზე არსებული ზემოხსენებული ჭრილობების მიდამოებიდან გამოსაკვლევად აღებული იქნა კანის პრეპარატი, გამოსაკვლევად წარმოდგენილ კანის პრეპარატზე აღინიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც თავისი მორფოლოგიური სურათდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი - შესაძლებელია დანით.

დ) სანდრო გირგვლიანის სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღინიშნებოდა მრავილობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულნია არიან რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით.

ე) სანდრო გირგვლიანის გვამზე არსებული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია.

ვ) სანდრო გირგვლიანის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია, რომელიც განვითარდა კისრის წინა მარცხენა ზედაპირზე არსებული, ხორხის სანათურში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან (პირობითად ჭრილობა N7) განვითარებული სისხლდენის შედეგად სისხლის სასუნთ გზებში მოხვედრის გამო.

საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N25091/07) განჩინება სტრასბურგი,26 აპრილი, 2011 წ. - ამ ჭრილობების შეფასება ევროპული სასამართლოს მიერ (პარაგრაფები 271 და 272):

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების თანახმად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სანდრო გირგვლიანი წელს ზემოთ გააშიშვლეს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მას მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი იარაღით, შესაძლოა დანით, მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენეს. პროკურატურისა და სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ ეს ქმედებები ოქროყანის სასაფლაოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა მოსამსახურემ ჩაიდინა. ერთადერთი შესაძლო ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ამ ორი დადგენილი ფაქტიდან გამომდინარე, ის არის, რომ ბოროტმოქმედებმა, ოქროყანის სასაფლაოზე, ჯერ გააშიშვლეს სანდრო გირგვლიანი, რომელიც, თავისთავად, ადამიანის მიმართ განზრახ, დამამცირებელი მოპყრობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ხოლო შემდეგ, ჯგუფის, მინიმუმ, ერთმა წევრმა დაიწყო მისი სასტიკად წვალება დაუდგენელი მჭრელი იარაღის გამოყენებით.

დააკვირდა რა ამ ჭრილობების ბუნებას უფრო ახლოდან - საუბარია მრავალრიცხოვან ჭრილობებზე მსხვერპლის მთელ სხეულზე, რომელთა სიგრძე 4 სმ-სა და 15 სმ-ს შორის მერყეობს და, რომლებიც ასევე მოიცავს ღრმა ჭრილობებს ყელის არეში, რომელთაგან ერთი, რომელმაც მსხვერპლის ხახა გახვრიტა, ფატალური აღმოჩნდა (მეტი დეტალებისთვის იხ. ზემოთ პუნქტები 20-22) - სასამართლოს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაასკვნას, რომ სანდრო გირგვლიანი გახდა განსაკუთრებით სასტიკი, სიცოცხლისთვის საშიში არაადამიანური მოპყრობის საგანი. უფრო მეტიც, რადგან ბოროტმოქმედმა (ბოროტმოქმედებმა) მსხვერპლს, ესოდენ ფაქიზ ადგილას, როგორიცაა ყელის არე, რაღაც მჭრელი იარაღით თორმეტი ჭრილობა მიაყენა (მიაყენეს), ერთადერთი გონივრული ვარაუდი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ბოროტმოქმედს (ბოროტმოქმედებს) რეალურად განზრახული ჰქონდა (ჰქონდათ), მოეკლა (მოეკლათ) სანდრო გირგვლიანი. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ხაზს უსვამს ჩადენილი დანაშაულის სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს, ის იყო, რომ, სულ მცირე, ერთმა ბოროტმოქმედმა მაინც ცემცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ყველა ამ ფაქტზე დაყრდნობით, სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის კვალიფიკაციის შერჩევისას და დამნაშავეთათვის სასჯელის სახით 7-8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, რომელი სასჯელის საკმარისობაც ნამდვილად საეჭვოა, შიდა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ისეთი აშკარად დამამძიმებელი გარემოებება, როგორიცაა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მსხვერპლის მიმართ სრულიად შეგნებულად ჩადენილი დამამცირებელი და განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT