ბათუმში გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ოჯახის წევრების განცხადებით, რამაზ დევაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ჰქონია.
დევაძის სიდედრის ნარგიზა ბერიძის განმარტებით, მისი სიძე 28 წლის იყო და მას მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.
ოჯახის ახლობელი იოსებ ლორია აცხადებს, რომ დევაძე გუშინ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და აფთიაქში წამლის შესაძენად შევიდა. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
"მუშაობდა საპატრულო პოლიციაში. მორიგე იყო მახინჯაური გვირაბის ტერიტორიულ მონაკვეთზე. საღამოს შეიქნა ცუდად, მივიდა აფთიაქში და გაისინჯა წნევა. აფთიაქის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ წნევა ჰქონდა დაბალი და სასწრაფოს გამოუძახებდნენ. მან უთხრა, რომ დაკავებული იყო და სასწრაფოს ვერ დაელოდებოდა. გუშინ ძალიან ბევრი სტუმარი იმყოფებოდა აჭარაში, ეს ბიჭი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და დაიღუპა გულის შეტევით", - აღნიშნა იოსებ ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დევაძე გუშინ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და პატრულირებდა.