სამხედრო ფორმის ტანსაცმლის უკანონოდ ტარება დასჯადი ქმედება გახდება
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება იქნება. ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.
პროექტის თანახმად, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაკავშირებული იქნება 200-ლარიანი ჯარიმის გადახდასთან.