დიდგორის ბრძოლა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ქართველი ერი, არის წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველი, რომელზეც მტკიცე, წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორის ველზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ დიდგორის ველი ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობის, თავისუფლების სიმბოლოა.
„დიდგორის ომში გამარჯვებამ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ჩვენ დღესაც ვიბრძვით ამ სტატუსის განმტკიცებისთვის. ერთ-ერთი გამოსვლისას საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ დიდგორი ჯერ არ დასრულებულა. დიახ, ჩვენი დიდგორი გრძელდება და ამ ველზე დაღვრილი ჩვენი წინაპრების სისხლი გვავალებს, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველთა ერთიანობისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს აშენებაა და მთავრობა ხალხის ნდობას გაამართლებს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, ქართველი ხალხისა და ქართული ჯარის საერთო სახალხო ზეიმზე, გამორჩეულ სამხედროს საბრძოლო გამარჯვებისთვის თავდაცვის სამინისტრო „დიდგორის ჯვრის მედალს“ გადასცემს.
პირველი მედალი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს დღეს მთავრობის მეთაურმა გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორ ცხადაძეს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო წარმატებები უსურვა.