Express News

ჟურნალისტური გამოძიება - დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000-20 000 დოლარად იყიდებოდა?!



მათ შორისაა შენობა, რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 448,535.15 ლარი დაუჯდა
აფხაზეთიდან დევნილებისთვის, საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ, თანხის გამოძალვის ფაქტზე სს საქმე აღიძრა. თანხა, რომელიც დევნილებმა საცხოვრებელ ფართის მისაღებად გადაიხადეს, ინდივიდუალურია და 5 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. საუბარია საცხოვრებელ ბინებზე, რომლებიც დევნილებს სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ უნდა მიეღოთ და რომელთა რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 448,535.15 ლარი დახარჯა. სამშენებლო კომპანია კი, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, შავ სიაში რამდენჯერმე მოხვდა.
საქართველოში მცხოვრებ დევნილებს დევნილობიდან 20 წლის შემდეგაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. 20 წლის მანძილზე სახელმწიფომ დევნილთა მხოლოდ 30%-ისთვის მოახერხა საცხოვრებლის უზრულველყოფა. 70% კი დღემდე არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს, რასაც მოსდევს თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა, პირის ამოკერვა და სხვადასხვა საშუალებებით ბრძოლა არსებობისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის მარტში მოწოდებული სტატისტიკით, სამივე კონფლიქტის შედეგად, საქართველოში 252 578 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. აქედან აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობა 217 402-ს შეადგენს, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალიდან 24 682 დევნილია და 1991-1993 წლებში ე.წ. ძველი დევნილების რაოდენობა კი 10 494-ია.
_____________________________________________
დევნილთა მძიმე ისტორიები _ რა ხდება დღეს?!
_____________________________________________
დღეს, დევნილობიდან 20 წლის შემდეგაც დევნილთა რეალური ისტორიები იდენტურია. ერთ-ერთი დევნილის მძიმე ისტორიის შესახებ, გაზეთ “პრემიერში” მარტში დაიწერა. ჟურნალისტურ მოკვლევაში საუბარი იყო 12-ჯერ ნაოპერაციებ, თავზე შუნტირებულ 3 წლის და 6 თვის ლუკა მაღლაკელიძის სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, როგორც ლუკას დედა ინეზა გიგანი აცხადებდა, “მაწანწალა ცხოვრებისა” და არანორმალური პირობების გამო, ძალიან მძიმეა და ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი წლებია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინას ითხოვდა და თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. ამის შესახებ იმ წერილშია საუბარი, რომელიც ინეზა გიგანმა სამინისტროს გაუგზავნა. ამ ისტორიას საკმაოდ ვრცელი მოკვლევა მივუძღვენით და დევნილთა სამინისტროსთანაც არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია. სამინისტროდან მიღებული პასუხით, ამ ოჯახმა ბინა იმიტომ ვერ მიიღო, რომ მათ საცხოვრებელი ფართი აქვთ.
სტატიაში საუბარი იყო, რომ ლუკას სამედიცინო ფურცლები, რეცეპტები, ექიმის დანიშნულებები, გამოკვლევები ათეულობით გვერდს ითვლის. ყველა ფურცელი იწყება სიტყვებით: “ჩაუტარდა....” “დაუდგინდა”... “სჭირდება”... ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეული კი ექიმის დასკვნის სწორედ ის ნაწილია, სადაც საუბარია, რა სჭირდება ბავშვს, რადგან წინასწარ იციან, რომ ექიმის დანიშნულებას ვერ შეასრულებენ. იციან ისიც, რომ მედიკამენტებს მხოლოდ მაშინ იყიდიან, როცა საშუალება ექნებათ, ან რამდენიმე დღის სამყოფს იყიდიან და შემდეგ მკურნალობაც შეწყვეტენ.
ვრცელი სტატიისა და სამინისტროსთან არაერთგზის კომუნიკაციამ შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით ინეზა გიგანის წერილი მივიღეთ: “დიდი მადლობა, ბინა მივიღე. რომ არა თქვენი ჩარევა, ვინ იცის, კიდევ რამდენი წელი მოგვიწევდა ტანჯვა მე და ჩემს შვილებს. ხომ დარწმუნდით, რომ მართალი ვიყავი? სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბინა იმიტომ არ მეკუთვნოდა, რომ თურმე ბინა გამაჩნდა. თუ ბინა მქონდა, რატომ მომცეს?...”
მსგავსი ათასობით ისტორია არსებობს, ერთმანეთზე მძიმე მოსასმენი და სანახავი. დევნილები 20 წლის მანძილზე ცხოვრობენ იქ, სადაც მოახერხებენ. ზოგი მიტოვებულ და გადაგდებულ მატარებლის ვაგონში, ზოგი მუყაოსგან და ნაგავში მოქექილი ნარჩენებიდან აშენებულ ფიცრულში, ზოგი _ უბრალოდ ქუჩაში, ზოგიც კი ისეთ შენობაში, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება დაინგრეს. ამ ოჯახებს ჰყავთ შვილები, რომლებიც ყოველგვარი ადამიანური პირობებისგან შორს არიან. მათთვის ფუფუნებაა სველი წერტილი, სადილი, ვახშამი, ჰიგიენა, საბავშვო ბაღზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ათასობით დევნილი 20 წელზე მეტია, ასეთ პირობებში ცხოვრებას უძლებს და ელოდება, რომ დღეს თუ ხვალ, მისი დროც დადგება. ამასობაში კი წლები გადის, ბავშვები იზრდებიან, მრავლდებიან და მათი შვილებიც იგივე პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.
ყოფილი “საშენ მასალათა განყოფილება” ერთ-ერთია, სადაც დევნილები წლობით არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. მდგომარეობა აქაც ისეთივეა, როგორც სხვაგან _ მწყობრიდან გამოსული კანალიზაცია; ანტისანიტარია; გაბზარული კედლები; ოთახში ისევე წვიმს, როგორც გარეთ; ზამთარ-ზაფხულ საჭმელს შეშაზე აკეთებენ; გათბობითაც მხოლოდ მაშინ თბებიან, როცა შეშა აქვთ.
საიდა წურწუმია, აფხაზეთიდან დევნილი: “აქ ისეთი ნესტი და საშინელი პირობებია ყველა ასთმითაა დაავადებული. ბავშვებს მუდმივი ენტეროვირუსი აქვთ, შენობაც ავარიულია. სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ, როგორ მოხდება საკითხის გადაწყვეტა, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასა და ადამიანურ პირობებში ცხოვრებას ვითხოვთ”.
დიასახლისებს ჭურჭლის რეცხვა სიბინძურეში უწევთ _ იქ, სადაც ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ და ბანაობენ კიდეც. შენობის მდგომარეობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომაც შეისწავლა. დასკვნის მიხედვით: “საშენ მასალათა განყოფილებას მძიმე, მესამე კატეგორიის დაზიანებები აღენიშნება და არც გამაგრებას ექვემდებარება”.
_ ________________________________
კორუფცია და გარიგებები
___________________________________
საცხოვრებელი ფართის მომლოდინე, დევნილთა სამინისტროს ეზოში შეკრებილი თუ ბინის გარეშე დარჩენილი დევნილები ხშირად საუბრობენ, რომ მათ მინიმალური თანხის გადახდა რომ შესძლებოდათ, დღეს საცხოვრებელი ფართის გარეშე არ იქნებოდნენ. არაოფიციალურად, პირდაპირ საუბრისას, მათ შორის მინისტრთან მიღებაზეც კი დევნილებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ, ბინის სანაცვლოდ, რომელიც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ ეკუთვნოდათ, თანხას სთხოვდნენ და ვინც თანხის გადახდა შეძლო, ბინა მიიღო კიდეც. დევნილები კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ, თუმცა, ოფიციალურ ნაწილს თავს არიდებენ. არც სამინისტროს ხელმძღვანელი პირები უარყოფენ იმას, რომ დევნილები ბინის მიღების სანაცვლოდ, გარკვეულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ, თუმცა ოფიციალური განცხადების დაწერას გაურბიან.
“დევნილები ამბობდნენ, რომ მათ სახელმწიფოსგან კუთვნილი 10 000-დოლარიანი კომპენსაცია რომ მიეღოთ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში გაიცემოდა, თანხის ნაწილს ატოვებინებდნენ, მაგრამ მსგავს გარიგებებზე ოფიციალური წერილის შემოტანას თავს არიდებენ. მხოლოდ პირადი საუბრისას აცხადებენ. მინისტრთან მიღებებზეც უთქვამთ, რომ 10 000-დოლარიანი კომპენსაციიდან 3000-4000 დოლარს სთხოვდნენ”, _ ამბობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია.
ის, რომ დევნილები კორუფციულ გარიგებებზე მხოლოდ პირადი საუბრისას ყვებიან, არაერთხელ გაუჟღერებია თავად მინისტრსაც, თუმცა, დავით დარახველიძის თქმით, სამინისტრო არ არის სადამსჯელო ორგანო და მსგავსი საქმეების გამოძიება მის ფუნქციებში არ შედის.
კორუფციულ გარიგებებზე ჩვენი რესპონდენტებიც საუბრობენ და კონკრეტულ თანხებსაც ასახელებენ, რაც მათ სახელმწიფოსგან რეაბილიტირებული ბინის მისაღებად გადაიხადეს.
ლ.გ., აფხაზეთიდან დევნილი: “ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ უცხოელების თანადაფინანსებით დევნილთა სამინისტრო ტაშკენტის ქუჩაზე არემონტებდა ბინებს, რომელიც მალე დასრულდებოდა. მითხრა, რომ შემეძლო, გარკვეული თანხა გადამეხადა და მიმეღო დევნილებისთვის განკუთვნილი ბინა. წინადადებამ მომხიბლა, რადგან ბინა იყო 1.5-ოთახიანი, ქალაქის ცენტრში და 5000 დოლარი უნდა გადამეხადა. ჩემს მეგობარს, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა. მითხრა, ყველა სახლი უკვე გაყიდულიაო, ადგილები არ არისო. მაინც შეგახვედრებ ერთ ქალბატონს, ვინც ამ საქმეს კურირებსო. შემახვედრა ქალბატონ დავარ (ნონა) კვარაცხელიას, ჩვენი შეხვედრა მოხდა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში. მან პროექტის ნახაზი ამოიღო, გადაშალა, დეტალურად ამიხსნა ყველაფერი. მითხრა, რომ ეს იყო დევნილთა სამინისტროს პროექტი. მითხრა, რომ ერთ-ერთმა მყიდველმა უარი თქვა და ერთი ბინა გამომითავისუფლდაო და ამ ბინას მთავაზობდა. ამ ქალმა თავიდან დამაეჭვა და გავაფრთხილე, რომ ყველა ინფორმაციას გადავამოწმებდი. მითხრა, რა თქმა უნდა, შეგიძლია, გადაამოწმოო. მე მსგავს რამეს როგორ გავბედავ, ჩემს უკან ხალხი რომ არ იდგასო. წავედით, სახლი დავათვალიერე და ძალიან მომეწონა”.
მეორე ისტორიაც იგივენაირად იწყება. აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონ ლიას ქალბატონი დავარ კვარაცხელია ახლობელმა გააცნო. “მან მითხრა, რომ ეს იყო სახელმწიფო პროექტის ნაწილი, რომლის მიხედვითაც დევნილებს საცხოვრებელი ბინები სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცემოდათ. დავიჯერე და არაფერი გამკვირვებია, რადგან სახელმწიფო დევნილებს ხომ აძლევდა ბინებს. ვიფიქრე, გამიმართლა-მეთქი. ბინა დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. თან, იაფი იყო. 8 000 დოლარს ითხოვდა. ისე შინაურულად ამიხსნა ყველაფერი, გასაღებიც თავად ჰქონდა... დამარწმუნა, რომ მართლაც სამინისტროს წარმომადგენელი იყო. თან მითხრა, რომ ამ შენობას პრეზიდენტი გახსნის და გასაღებსაც სიმბოლურად პრეზიდენტი დაარიგებსო”.
მსგავს ისტორიას ათობით დევნილი ყვება. ყველას ამბავი ერთნაირად იწყება. რომ მათ ახლობლისგან გაიგეს, რომ ბინა ძალიან მოეწონათ და ფასიც მისაღები იყო. დევნილები ამბობენ, რომ ზოგმა ქალბატონ კვარაცხელიას 5 000 დოლარი გადაუხადა, ზოგმა _ 7 000, ზოგმა _ 10 000 და ზევით.
იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა დევნილთა საჩივრები და არის თუ არა სს საქმეები აღძრული მსგავს კორუფციულ გარიგებებზე, წერილებით არაერთ უწყებას მივმართეთ. კერძოდ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს; შინაგან საქმეთა სამინისტროს; თბილისის საქალაქო სასამართლოს; მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ცალკეულ დეპუტატებს.
კულუარულად კი ისიც გავარკვიეთ, რომ დევნილებს, რომლებმაც ბინისთვის თანხა გადაიხადეს, მაგრამ ბინა არ მიუღიათ, ადვოკატი აუყვანიათ. ადვოკატმა კი დევნილების სახელით განცხადება შსს-ს ვაკის ქვეგანყოფილებაში შეიტანა. როგორც ადვოკატმა გვითხრა, აღნიშნულ საქმეზე სს საქმე აღძრული იყო და დევნილები დაიკითხნენ კიდეც, თუმცა, საქმის ძიებიდან გამომდინარე, კონკრეტული ინფორმაციისგან თავი შეიკავა.
ზემოჩამოთვლილ უწყებებს შემდეგი ხასიათის კითხვებით მივმართეთ: დევნილებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადასაცემი ბინების ნაცვლად თანხის გამოძალვის ფაქტზე აღძრულია თუ არა სს საქმე; არსებობს თუ არა დაზარალებულ დევნილთა საჩივრები; საქმეებში ფიგურირებს თუ არა დავარ კვარაცხელია; არის თუ არა ვინმე დაკავებული და ფლობენ თუ არა ზემოჩამოთვლილი უწყებები მსგავს კორუფციულ გარიგებებზე კონკრეტულ ინფორმაციას.
აღნიშნული ინფორმაცია ძალოვანმა უწყებებმა თავდაპირველად არ დაგვიდასტურეს. მაგალითად, შსს-ში გვითხრეს, რომ მსგავს საქმეებზე საქმე არ იყო აღძრული. მოგვიანებით კი, როცა კონკრეტულო ფაქტი დავუსახელეთ, დევნილთა საჩივარი რომელ განყოფილებაში იყო შესული და ვინ იყო გამომძიებელი, გვითხრეს, რომ გაარკვევდნენ. კიდევ უფრო მოგვიანებით კი დაგვიდასტურეს, რომ ძიება მიმდინარეობს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: “დევნილთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გადმოგზავნა მასალები საგამოძიებო სამსახურში და თქვენ მიერ ნახსენებ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაზარალებულთა რაოდენობას, დანაშაულის ნიშნებსა და სავარაუდო დამნაშავეებზე ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”.
მთავარი პროკურატურის პასუხი კი შემდეგია: “ამ საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ფინანსურ პოლიციასა და შსს-ში”.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ მსგავს კორუფციულ გარიგებებზე დევნილები საუბრობენ, თუმცა, ოფიციალური განცხადებით, სამინისტროსთვის არ მიუმართავთ: “კორუფციული გარიგებების შესახებ შიდა აუდიტის დეპარტამენტამდე არც ერთი საჩივარი არ მოსულა... ჩვენი ხელისუფლების პირობებში 10 000-დოლარიანი კომპენსაციები არ გაცემულა. 2008 წლის დაზარალებულების საქმე შესწავლილ იქნა აუდიტის მიერ და იქ აღმოჩენილი სისხლის სამართლის ნიშნების გამო გადაიგზავნა მთავარ პროკურატურაში, რაზეც სისხლის სამართლის საქმე 182-ე მუხლით აღიძრა და საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს... ტაშკენტის ქუჩაზე არსებული ობიექტის შესახებ საჩივარი შიდა აუდიტის დეპარტამენტში არ შემოსულა, თუმცა, იქ მაცხოვრებელი პირების მიერ საჩივარი პროკურატურაში გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით იქნა შეტანილი...”
დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია კი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ დევნილთა სამინისტროს პროკურატურაში არაერთი განცხადება აქვს გადაგზავნილი:
_ დევნილმა ბინისთვის ფულის გადახდის შესახებ განცხადება რომ დაწერა, ეს მაშინვე პროკურატურაში გადაიგზავნა. სამინისტროს 14 საქმე აქვს გადაგზავნილი პროკურატურაში და მათ შორის ერთ-ერთი არის ეს საქმე. საქმეების ნაწილზე საქმე აღიძრა, ყველაზე _ არა. ოფიციალური ინფორმაცია, დაკავებულია თუ არა ვინმე, არ მაქვს.
_ ფლობთ თუ არა ინფორმაციას დავარ კვარაცხელიაზე, რომელიც, დევნილების განცხადებით, დევნილებისთვის განკუთვნილ ბინებს ყიდდა?
_ დავარ კვარაცხელიაზე იყო შემოსული საჩივარი, რომელიც გადაიგზავნა პროკურატურაში. დევნილები ხელს ადებდნენ მას, რომ თანხები გამოართვა ბინის სანაცვლოდ.
_ დავარ კვარაცხელიას დევნილთა სამინისტროსთან ჰქონდა რამე კავშირი?
_ ის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი იყო. ხშირად დადიოდა სამინისტროში, ყველას ნახულობდა, მოძრაობდა. მისი შვილი იყო ერთხელ ჩემთან მოსული ბინის სათხოვნელად. მინისტრთან მიღებაზე დევნილები კი ამბობდნენ, რომ მათ 10 000-იდან წილს ართმევდნენ, მაგრამ მერე არც ერთი არ წერდა განცხადებას.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიღებულ პასუხებს, აღნიშნულ უწყებაში მოგვიანებით დაგვიდასტურეს, რომ დევნილებისთვის სახელმწიფოს მხრიდან უსასყიდლოდ გადასაცემი ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით აძრულია სს საქმე.
“2013 წლის 15 თებერვალს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ შსს-ს გადმოუგზავნა, ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადება, შემდგომი შესწავლის მიზნით. შსს-ს მიერ მოპოვებული მასალებიდან გამომდინარე 2013 წლის 17 აპრილს ზედამხედველმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიება დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე). გასაუბრების ოქმებიდან და ნოტარიული ხელშეკრულებებიდან გამოიკვეთა, რომ თანხა 100 000-ს აჭარბებდა, ამის გათვალისწინებით საქმე მალევე გადაკვალიფიცირდა 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე”, _ ვკითხულობთ შსს-ს პასუხში.
შსს დავარ კვარაცხელიას, რომელიც თავადაც დევნილია, დაკავების ფაქტსაც გვიდასტურებს: “2013 წლის 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, დავარ კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დააკავეს (განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე)”.
როგორც სამინისტროში გვითხრეს, ამ საქმეზე ასევე დაკითხულია ბესიკ წერედიანი, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე იყო. დავარ კვარაცხელიას მხრიდან დევნილებისთვის გამოძალული თანხის ოდენობა კი 100 000 დოლარს აღწევს.
აღნიშნულ საკითხზე ბესიკ წერედიანსაც დავუკავშირდით, მისი თქმით, ის იცნობს დავარ კვარაცხელიას, როგორც დევნილს, რომელიც სამინისტროში სხვადასხვა პრობლემებზე მასთან დადიოდა მიღებებზე: “კვარაცხელია სამინისტროში სხვადასხვა პრობლემებზე დადიოდა. უბინაობას ჩიოდა და ბინას ითხოვდა, შვილები მიკვდებიან შიმშილითო. მაგის თაღლითობის შესახებ რომ მცოდნოდა, როგორ ფიქრობ, ახლოს გავიკარებდი?” _ ამბობს წერედიანი.
ისევ შსს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 2013 წლის 31 დეკემბერს, დავარ კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დააკავეს (განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება). დავარ კვარაცხელია ვითომდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი, უთანხმდებოდა მოქალაქეებს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მათ, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს, სამინისტრო გადასცემდა ახლად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს. თანხის მიღების შემდეგ დავარ კვარაცხელია არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და წყვეტდა მათთან კავშირს. აღნიშნული ქმედებებით დავარ კვარაცხელიას თაღლითური გზით დაუფლებული აქვს 525.000 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს დაახლოებით 866.250 ლარს. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 33 დევნილი პირი”.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საქმეზე აღძრულია სს საქმე და მიმდინარეობს ძიება, ძალოვანი უწყებები სხვა, დამატებით ინფორმაციას არ იძლევიან. დაზარალებული დევნილები სასამართლოს მოლოდინში არიან, რომ სასამართლო დავარ კვარაცხელიას, რომელმაც დევნილებს თანხა გამოსძალა, ფულს უკან დააბრუნებინებს. დევნილებს იმის მოლოდინიც აქვთ, რომ გამოძიება იმ პირთა წრესაც გამოააშკარავებს, ვინც სამინისტროდან კვარაცხელიას ზურგს უმაგრებდა. მათივე თქმით, სხვანაირად შეუძლებელია, კვარაცხელიას ყველა საცხოვრებლის გასაღები და ნახაზი ჰქონოდა. დევნილები იმასაც ამბობენ, რომ კვარაცხელიას სხვა დევნილებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, რომლებმაც თანხა გადაიხადეს და ბინები მიიღეს კიდეც, მაგრამ, რადგან ისინი ბინებით უზრუნველყოფილნი არიან, პრეტენზიები არ აქვთ.
როგორც დევნილები აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან რეაბილიტირებული, დევნილებისთვის გადასაცემი ბინები არა მხოლოდ ტაშკენტის ქუჩაზე, არამედ მთელ თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე იყიდებოდა. მაგალითად, ქერჩის #6-ში. აღნიშნულს დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთიაც ადასტურებს. მისი თქმით: “საუბარია სხვადასხვა ადგილზე ბინების განაწილებაზე. სია იყო გაკეთებული, კვარაცხელია სხვადასხვა ადგილზე ჰპირდებოდა დევნილებს ბინას. როგორც ვიცი, დაახლოებით 70-კაციანი სია იყო”.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ინფორმაცია იმის შესახებაც გამოვითხოვეთ, რა დაუჯდა სამინისტროს ტაშკენტის ქუჩა #7-ში ბინების რეაბილიტაცია. სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს შპს “გრეისმოდუსმა” საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისთვის სამინისტროსგან 18,510.00 ლარი მიიღო. ამავე წელს, შპს “მონოლითმშენს” კი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 255,000.00 და 171,100.00 ლარი გადაერიცხა. მთლიანობაში ტაშკენტის ქ. #7-ში სამშენებლო სამუშაოებისთვის #5085/22 29.08.2011 წლის კონტრაქტით დევნილთა სამინისტროს მხრიდან გადარიცხულია 448,535.15 ლარი.
ტაშკენტის ქუჩა #7-ში, “საქნავთობის” ყოფილ შენობაში დღეს შეჭრილები ცხოვრობენ. ამ ობიექტზე შეჭრა 2012 წლის 3 ოქტომბერს მოხდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სხვადასხვა ობიექტებში შეჭრა და მათი თვითნებური დაკავება მაშინ მასიურად ხდებოდა. დაკავებული შენობების ნაწილი დაიცალა, ნაწილში კი დევნილები და სოციალურად დაუცველები დღემდე რჩებიან. მათ შორის ტაშკენტის #7-ში. ამ შენობაში თვითნებურად მაცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ. “ჩვენ ამ შენობაში იმიტომ შემოვედით, რომ 20 წლის მანძილზე სახელმწიფო გვატყუებდა. მათგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ხან სად ვცხოვრობდით და ხან _ სად. აქ ყველა გაჭირვებული და უსახლკაროა. ეს შენობა რომ გაარემონტა დევნილთა სამინისტრომ, რატომ არ შეუშვა დევნილები საცხოვრებლად. 1 წელი ჰქონდათ გარემონტებული და დაკეტილი და სამინისტროს დაცვა იცავდა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს თავიანთთვის უნდოდათ, თავიანთი ხალხი ჰყავდათ და კაპიკებში აძლევდნენ ბინებს, ყიდდნენ. ეს რომ გავიგეთ, შემოვედით და ვცხოვრობთ. სამინისტროც მოგებული იყო, ფულს შოულობდა და ის ხალხიც მოგებული იყო, ვინც ფულს იხდიდა, რადგან 5 და 7 000-ად ვერანაირ ბინას ვერ იყიდდი თბილისში. ჩვენ რომ გვქონოდა საშუალება, ჩვენც გადავიხდიდით და გვექნებოდა ბინა”, _ აცხადებს ტაშკენტის #7-ში მცხოვრები ქალბატონი ნანა, რომელსაც ამ შენობის სხვა მობინადრეებიც ეთანხმებიან.
დევნილთა სამინისტროს მაშინდელი ოფიციალური განცხადებები და არსებული დოკუმენტაცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დევნილთა მაშინდელი მინისტრის დალი ხომერიკის პირველი მოადგილე გიორგი ჟღენტი ტაშკენტის #7-თან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებში ამბობს, რომ ეს შენობა დევნილთა სამინისტროს არ ეკუთვნის, ის ეკონომიკის სამინისტროს შენობაა და იქ დევნილთა შესახლება არც იგეგმება.
ანალოგიური შინაარსის ოფიციალურ განცხადებას აკეთებდა მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილიც: “ეს არ არის დევნილთა და განსახლების სამინისტროს შენობა, შესაბამისად, დევნილები აქ ვერ იცხოვრებენ. ის არ არის დევნილთა განსახლების ობიექტი”.
არადა, საინტერესოა დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის დასახელება, სადაც შავით თეთრზე წერია: “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართების, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: ქ. თბილისში ტაშკენტის ქუჩის შესახვევი #7-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია საცხოვრებელ სახლად დევნილთათვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა”, – 2011 წელი.
ამავე სატენდერო დოკუმენტის მიხედვით: “სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 653969,70 ლარს”.
დოკუმენტს ასევე ერთვის შენობის 6 ნახაზი. როგორი იყო და როგორი უნდა გამხდარიყო ის, როგორ გადაკეთებულიყო საცხოვრებელ ბინებად.
ტაშკენტის ქუჩა #7-ს, რომელიც დევნილთა სამინისტროს თანხებით გარემონტდა, დევნილთა სამინისტროს დაცვა იცავდა. მართალია, ამ შენობის რეაბილიტაციისთვის დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან 448,535.15 ლარი დაიხარჯა, მაგრამ, როგორც გავარკვიეთ, ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული შენობა დევნილთა სამინისტროსთვის არ გადაუცია დევნილთა განსახლებისთვის.
ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან კი დევნილთა სამინისტროსთვის სხვადასხვა შენობის გადაცემის პროცედურების შესახებ დევნილთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი საუბრობს. “დევნილთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეთანხმება მზადდებოდა, დევნილთა სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს სთხოვდა დევნილების განსასახლებლად შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით გადაეცა ის შენობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთვის პრიორიტეტული არ იყო. თანხმობა ხან იყო, ხან _ არა. თანხმობის შემთხვევაში კი იწყებოდა მისი რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი ის უბინაო დევნილ ოჯახებს გადაეცემოდა”, _ გვითხრა კოპალეიშვილმა.
იგივეს ამბობს დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის თავმჯდომარე მურად აბლოთია: “წერილს ვუგზავნით ეკონომიკის სამინისტროს ობიექტების დასახელებით და ვთხოვთ გადმოგვცეს სარეაბილიტაციოდ დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის. არის პასუხები, რომ თანახმა არიან და მიზანშეწონილად მიაჩნიათ ამ შენობის გადმოცემა ან არ არიან თანახმა და მიზანშეუწონლად მიაჩნიათ მისი გადმოცემა. თანხმობის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ცხადდება ტენდერი და იწყება შენობის რეაბილიტაცია”.
დევნილთა სამინისტროს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რისთვის დაიხარჯა 448,535.15 ლარი სამინისტროს ბიუჯეტიდან, თუ ეს შენობა დევნილებს არ გადაეცემოდათ გრძელვადიანი განსახლებისთვის.
როგორც დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს: “ეს ობიექტი ჩვენი არ არის, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. ჩვენთვის არ გადმოუციათ. საერთოდ, სამინისტროს თანხებით რატომ გარემონტდა, ისიც არ ვიცი. ეს შენობა ჩვენთვის რომ გადმოეცათ, გამოვათავისუფლებდით და დევნილებს შევთავაზებდით. ამ შენობაზე პროკურატურას საქმე აქვს აღძრული”.
კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ იურისტებსაც. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე (აქტიურად არის ჩართული დევნილთა საკითხებში, დევნილთა კანონმდებლობის შემუშავებაში) აცხადებს: “კარგი იქნება, დოკუმენტები ინახოს. საინტერესოა, რის საფუძველზე ჩატარდა რეაბილიტაცია. ყველა სამინისტროს აქვს თავისი ბიუჯეტი და ასე არ შეიძლება ხარჯვა. მიჭირს შეფასება”.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი ძალოვანი უწყებები ამ ეტაპისთვის დამატებით ინფორმაციას არ იძლევიან.
რაც შეეხება კომპანია “ონოლითმშენს” რომელმაც დევნილთა სამინისტროს დაკვეთით ტაშკენტის #7-ის რეაბილიტაცია მოახდინა, მის შესახებ ერთ საინტერესო ინფორმაციასაც მივაგენით. ის 14.09.2011 წლიდან ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში ფიქსირდებოდა. 2012 წლის 14 სექტემბერს კი შავი სიიდან ამოყვანილია. 2012 წლის 7 თებერვალს კომპანია ერთის წლით ისევ მოხვდა შავ სიაში. 2011-2012 წლებში კომპანია რამდენჯერმე მოხვდა შავ სიაში.
მთავარი კითხვა, რომელსაც პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი, სწორედ ეს არის _ რისთვის დაიხარჯა დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი? რისთვის გარემონტდა ტაშკენტის #7, თუ ის დევნილებისთვის არ იყო განკუთვნილი? რატომ გამოაცხადა ტენდერი დევნილთა სამინისტრომ მაშინ, როცა ოფიციალურ განცხადებებში ამბობდა, რომ ეს შენობა დევნილების საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი? ვისთვის გარემონტდა ეს შენობა და ხდებოდა თუ არა ტაშკენტის #7-ში ბინებით ვაჭრობა?
___________________________________________
სახალხო დამცველის მკაცრი შეფასება
___________________________________________
დევნილთა თემატიკა, მათი მდგომარეობა, პირობები და უფლებები მუდმივად ერთ-ერთი მწვავე საკითხია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში. უჩა ნანუაშვილი ამჯერადაც მძიმედ აფასებს დევნილთა მდგომარეობას და ამბობს, რომ დევნილთა უდიდესი ნაწილი დღემდე მძიმე პირობებში ცხოვრობს.
“დღემდე რჩება ისეთი კოლექტიური ცენტრები, რომლებიც არათუ საცხოვრებელ, მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებენ, იქ ცხოვრებაც კი საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. მნიშვნელოვანი პრობლემაა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც დევნილთა ოჯახების დიდი ნაწილი იმყოფება. იმერეთის რეგიონში არსებობს რამდენიმე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოლექტიური ცენტრი, უმძიმესი საცხოვრებელი პირობებით. თუმცა, ამ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილებს მიენიჭათ საკმაოდ დაბალი ქულები, რის გამოც ახალ რეაბილიტირებულ ობიექტში ვერ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით.
საცხოვრებელი ფართების გარეშე არიან დანგრევის პირას მყოფ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები. მაგალითად: სამტრედიაში ე.წ. “ყოფილი პოლიკლინიკის შენობა”, “სამშენებლო კანტორა”, “გეოლოგების ბინა”. წყალტუბოში, რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა შესახლებისას აღმოჩნდა, რომ წყალტუბოში არსებობს რამდენიმე ავარიული შენობა: სანატორიუმები “მეგობრობა” და “იმერეთი” (ამ შენობების მდგომარეობაზე 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც იყო საუბარი), თუმცა, არც ამ ავარიულ შენობებში მაცხოვრებელ დევნილებს მიანიჭეს უპირატესობა და ნაწილი არ დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართით...
ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე “პროფსასწავლებლის შენობაში”, რომელშიც 70-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, უხარისხოდ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ძლიერი წვიმის დროს, მცირეწლოვანი ბავშვები მშობლებს დასაძინებლად გადაჰყავთ ახლობლებთან, ვინაიდან თითქმის ყველა ოთახში ჩამოდის წყალი. სახურავიდან ჩამოსული წყალი იწვევს ნესტს, რის გამოც კედლებიდან ცვივა ბათქაში. მოუწესრიგებელია ელექტროსადენები. საპირფარეშოებსა და საშხაპეებში აყრილია ფილები. არ არის საკანალიზაციო ჭა და მილებიდან წყალი პირდაპირ სარდაფებში ჩაედინება, რის გამოც, სარდაფები მთლიანად წყლით არის სავსე... დევნილები იმავე პირობებში ცხოვრობენ.
უმძიმეს მდგომარეობაშია თბილისში დადიანის ქ. #2-სა (შპს “კვარი”) და ჟორესის ქ. #13-ში მდებარე შენობები. ობიექტები, ფაქტობრივად, დანგრევის პირასაა. ამ ობიექტებში მცხოვრები დევნილები სასწრაფოდ საჭიროებენ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას, თუმცა არც ამ შემთხვევაში არ არის ცნობილი, როდის იგეგმება მათი განსახლება.
მძიმე მდგომარეობაა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მდებარე გამგეობის შენობაში, რომელშიც 10 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა, რაც ქმნის ანტისანიტარიას. შენობაში ცხოვრობენ შშმ პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება. ჩამოშლილია კედლები, ჭერი, აყრილია პარკეტი. ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაში საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები დევნილების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას”.
ეკა გულუა, გაზეთი „პრემიერი“

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT