გურამ გირგვლიანი-პრეზიდენტმაც კი აღიარა ეს მკვლელობა
საქალაქო სასამართლოში, სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ ინციდენტი მოხდა. სასამართლოში ირაკლი კაკაბაძე, სანდრო გირგვლიანის მამა , დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდნენ. სასამართლო დარბაზიდან დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის გამოსვლის შემდეგ, გირგვლიანის ახლობლები ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"სირცხვილია მსგავსი განცხადებები. გამოდის ეს კაცი და იძახის ერთი და იგივეს. პრეზიდენტმაც კი აღიარა ეს მკვლელობა და სირცხვილია, როდესაც ეს ადამიანი ბუხაიძეს სდებს ბრალს. მალე ალბათ იტყვიან, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, გირგვლიანის პროცესი ვანო მერაბიშვილის ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო 28 აპრილს განახლდება. პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.