Express News

სანდრო გირგვლიანის ახლობლებსა და დათა ახალაიას ადვოკატს შორის დაპირისპირება მოხდა


საქალაქო სასამართლოში,  სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ ინციდენტი მოხდა. სასამართლოში ირაკლი კაკაბაძე, სანდრო გირგვლიანის მამა , დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდნენ. სასამართლო დარბაზიდან დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის გამოსვლის შემდეგ, გირგვლიანის ახლობლები ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ირაკლი კაკაბაძემ ადვოკატ ზაქარეიშვილს შეაფურთხა. ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია და ვითარება მალევე განიმუხტა. 
როგორც ირაკლი კაკაბაძემ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გაღიზიანების მიზეზი ადვოკატის განცხადებებია, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია,  რომელ განცხადებას გულისხმობდა. 
"ფურთხის ღირსია ეს კაცი და მიიღო კიდეც", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ. 
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი სანდრო გირგვლიანის მამამ,  გურამ გირგვლიანმაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა პროტესტი სანდრო გირგვლიანის ახლობლების მხრიდან გამოიწვია ზაქარეიშვილის განცხადებამ, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბუხაიძეს ადანაშაულებს. 
"სირცხვილია მსგავსი განცხადებები. გამოდის ეს კაცი და იძახის ერთი და იგივეს. პრეზიდენტმაც კი აღიარა ეს მკვლელობა და სირცხვილია, როდესაც ეს ადამიანი ბუხაიძეს სდებს ბრალს. მალე ალბათ იტყვიან, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა. 
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, გირგვლიანის პროცესი ვანო მერაბიშვილის ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო 28 აპრილს განახლდება. პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT