კახეთში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების, გიორგი ღვინიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის მანქანას თელავში კვერცხები ესროლეს. აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" ლევან ბეჟაშვილმა დაუდასტურა. უმცირესობის წევრი აღნიშნულ ინციდენტს ხელისუფლების მიერ მართულად მიიჩნევს.
"დაგეგმილი გვქონდა აქცია "გაჩერებული საქართველო", თქვენ იცით, რომ ყველაფერი გაჩერებულია და ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლით, ამიტომ გვინდოდა თელაველებისთვის გვეჩვენებინა დაკონსერვებული მშენებლობები. გვქონდა ინფორმაცია, რომ რწმუნებულებს დავალებული ჰქონდათ თითო მანქანის მიყვანა, რომლთაც ძირითადად ადმინისტრაციული რესურსიდან იყენებდნენ. რამდენიმე მათგანი ამოვიცანით კიდეც. ეს იყო ხელისუფლების მიერ მართული პროცესი და ამ მთავრობას სერიოზული ფობიები აქვს", - აცხადებს "ნიუპოსტთან" ლევან ბეჟაშვილი.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს. ისინი სკანდირებნენ "მკვლელები". მათ გიორგი ღვინიაშვილს ცოცხი გადასცეს და შეახსენეს, რომ "მათი ხელისუფლება ციხეში ხალხს აწამებდა" და მორალური უფლება არ ჰქონდათ აქცია გაემართათ.