Express News

როგორ ქორწინდებიან გარიგებით თანამედროვე საქართველოში


წინათ 12-13 წლის გოგონებს მშობლები ისე ათხოვებდნენ, რომ ზოგი საქმროს პირველად ქორწილში ნახულობდა. ოჯახები შუამავლის (თუ გნებავთ - მაჭანკლის) საშუალებით ქალ-ვაჟისგან დამოუკიდებლად აგვარებდნენ საქმეს. გარიგებით ქორწინება ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა - მთავარი, ოჯახის შექმნა იყო. არავინ კითხულობდა, ახალგაზრდა წყვილს სურდა თუ არა ერთად ყოფნა. ამას ზოგჯერ ტრაგიკული დასასრულიც მოჰყოლია...
თუმცა, გარიგებით ქორწინება არც დღევნადელობისთვისაა მთლად უცხო. როგორია ტრადიციები და რა ხდება დღეს?

თინა ივალიშვილი, ეთნოლოგი:

- ძველად 100 ქორწინებიდან 99 გარიგებით ხდებოდა. ეს იყო ეროვნული საქმე - უნდა დაფუძნებულიყო ოჯახი, კერა უნდა შექმნილიყო. დღეს ეს ტრადიცია დაიკარგა, თუმცა გარიგებით დღესაც იქმნება ოჯახები. ეს უფრო მეტად, სოფლადაა შემორჩენილი. ადრე არც ქალს ეკითხებოდა ვინმე რაიმეს და არც ვაჟს. ყველაფერში მშობლები თანხმდებოდნენ და ზოგჯერ, აკვანშიც კი ნიშნავდნენ შვილებს. თუ ვაჟის ოჯახს ქალი მოეწონებოდა, მოხუცები დასხდებოდნენ და ძირფესვიანად გამოიკვლევდნენ, ვინ იყვნენ მისი წინაპრები. დიდი ყურადღება ექცეოდა ქალის ოჯახსა და გვარიშვილობას. თუ გვარში ვინმეს მძიმე დაავადება - მაგალითად, ჭლექი, ეპილეფსია სჭირდა, მაშინ იქიდან რძლის მოყვანას ყველა ერიდებოდა. ამ გაკითხვა-გამოკითხვის შემდეგ, მოძებნიდნენ შუამავალს. შუამავლად ისეთ პიროვნებას ირჩევდნენ, რომელსაც ქალის ოჯახი უარს ვერ ეტყოდა - ეს უნდა ყოფილიყო ან ქალის ბიძა (დედის მხრიდან), ან მისი ნათლია. შუამავლი თავად წყვეტდა, შეეფერებოდნენ თუ არა ოჯახები ერთმანეთს. მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდა ის ქალის ოჯახში. პირველ მისვლაზე მას აუცილებლად უარით გამოისტუმრებდნენ. ასე იყო მეორედაც... ამასობაში, ქალის ნათესავები იწყებდნენ სასიძოს ნათესაობისა და გვარიშვილობის დადგენას, არკვევდნენ - ხომ არ ენათესავებოდნენ ოჯახები ერთმანეთს. ეს პროცესი ზოგჯერ, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ბოლოს, ქორწილით გვირგვინდებოდა.

ასე ხდებოდა ძველად და არცთუ ისე შორეულ წარსულშიც. ამ ტრადიციის მიმდევარი დღესაც ბევრია, ამიტომ გარიგებით დაქორწინებულ წყვილსაც ხშირად შეხვდებით.

თუმცა, დღეს, ამ მოვლენას ბევრი მხოლოდ ხუმრობის საფუძვლად მიიჩნევს, მაშ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ გარიგებით ქორწინების პერსპექტივას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები? თავდაპირველად, პოპულარული ფილმის - "გარიგების" მთავარ პერსონაჟს, მაროს - ანუ მსახიობ ნანული სარაჯიშვილს მივაკითხეთ.

- ქალბატონო ნანული, როგორც ვიცით, ფილმის სიუჟეტს ნამდვილი ამბავი დაედო საფუძვლად...
- დიახ, ასეთი ამბავი ნამდვილად მოხდა კახეთის ერთ სოფელში. სიუჟეტი აბსოლუტურად არ არის შეცვლილი. ეს ფილმი რომ გამოვიდა, მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ვიღაც ქალმა გამაჩერა და მკითხა - თქვენ ნანული სარაჯიშვილი არა ხართო? - კი-მეთქი, - ვუპასუხე - იცით, მე თვითონ მოვესწარი მაგ ამბავს და სასამართლოებსაც ვესწრებოდიო... დაზარალებულმა ცოლმა მას შემდეგ, რაც სიხარბის გამო ქმარი დაკარგა, სასამართლოში იჩივლა და ითხოვდა - დამიბრუნდესო. ეს გახმაურებული ამბავი ზაზა კოლელიშვილის დედამ - ნუნუ მატარაძემ აღწერა და გამოაქვეყნა თელავის გაზეთში, რომლის რედაქტორიც თვითონ იყო. ნათიამ (ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, ნათია გოგოჭური - ავტ.) კი, შემდეგ, სცენარი დაწერა და კარგი ფილმიც გამოვიდა.

- თქვენ თვითონ რამდენად სერიოზულად უყურებთ გარიგებით ქორწინებას?
- რატომაც არ შეიძლება, გარიგებით გათხოვდე? მერე რა მოხდა? მომავალ საქმროსა თუ საცოლეს ყველა 
ნათესავის, მგეობრის ან უბრალოდ, ნაცნობის ოჯახში ეცნობა. მე ვფიქრობ, კარგი ტრადიციაა და მომწონს, დღემდე რომ არის შემორჩენილი. ვიღაცას მოეწონები, იტყვის - ნახე, რა კარგი გოგოაო, ისიც კარგი ბიჭია, მოდი, ერთმანეთს გავურიგოთო, - და ასე იქმნება ოჯახები. მართალია, ახლა ხანუმები აღარ არიან და შუამავლობაშიც ფულს აღარავინ იღებს, მაგრამ ამ ფუნქციას მაინც ასრულებს ხოლმე ვინმე. ამასთან დაკავშირებით, ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ: ერთი პერიოდი, ვიღაც ქალი სისტემატურად მირეკავდა და მეუბნებოდა - მამაშენთან ვმუშაობდი და თქვენი ნახვა მინდაო... ზოგი სამსახურში მოწყობას მთხოვდა - აქაოდა, ქვეყნის ხალხს იცნობო, ზოგიც - შვილის სასწავლებელში მოწყობას, ამიტომ ვიფიქრე - ალბათ ამასაც მსგავსი სათხოვარი ექნება-მეთქი. ასაკოვანი ქალი თავის ქალიშვილთან ერთად მესტუმრა. მამაჩემის გახსენების შემდეგ, როგორც იქნა, გამიბედა - თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს: - გოგო გვიან შემეძინა, დასაოჯახებელია, თქვენ კი "გასული" ქალი ხართ, ვის არ იცნობთ, თან ეს ფილმიც ("გარიგება" ჰქონდა მხედველობაში) რომ ვნახე, იმედი მომეცა და უნდა დამეხმაროთო... - რაშია საქმე, რა გინდათ-მეთქი? - ვერ მივხვდი, რას მთხოვდა. - რა მინდა და იქნებ, ჩემს გოგოს ვინმე გაურიგოთო... ამის გაგონებაზე სიცილი დავიწყე, დედაჩემიც ამყვა, ის ქალბატონი კი, განაწყენდა - ნუ იცინით, ეს საკმაოდ სერიოზული საკითხიაო!... დედაჩემმა სიცილითვე უთხრა - სერიოზული საკითხი როგორ არ არის, მაგრამ ნანულის საკუთარი თავისთვის ვერ მიუხედია და თქვენ რას გიშველითო?!. სტუმრებს დიდი ბოდიში მოვუხადე - მაგ საქმეში ვერ დაგეხმარებით-მეთქი...

- თქვენთვის თუ გაურიგებით ვინმე?

- როგორ არა, მაგრამ როცა ახალგაზრდა ვიყავი, ეს ამბავი სასაცილოდაც არ მყოფნიდა. მერე და მერე, ასაკი რომ მომემატა, მივხვდი, რომ გარიგება არც ისეთი არასერიოზული და სიცილის მომგვრელი ტრადიციაა. ბევრს უთქვამს - კარგი ახლობელი მყავს და უნდა გაგირიგოო. გამიცნია კიდეც, მაგრამ არავინ მომწონებია. ვინმე რომ მომწონებოდა, ალბათ ცოლადაც გავყვებოდი...

გარიგებით ქორწინების პერსპექტივა თურმე არც ჩვენს მეორე რესპონდენტს - პატენტმცოდნე გივი თუშიშვილს ხიბლავდა ახალგაზრდობისას, მაგრამ უარს მაინც არ ამბობდა ქალის გაცნობაზე და ამის გამო ბევრ ხათაბალაშიც გახვეულა. ბოლოს კი, მაინც გარიგებით დაქორწინება მოუხდა... ბატონმა გივიმ გარიგებასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესო თავგადასავლები მოგვითხრო.

- როდესაც ჩემმა ახლობლებმა იმის იმედი დაკარგეს, რომ მე სიყვარულით შევირთავდი ცოლს, გადაწყვიტეს, საქმე ძველებური, მამაპაპური ტრადიციით მოეგვარებინათ - ე.ი. გაერიგებინათ ჩემთვის ვინმე. "გადანახულება-გარიგების" პრინციპი მარტივი იყო - ნათესავ-მგეობრების, მეზობლების თუ ნაცნობების ხელშეწყობით იშლებოდა სუფრა, ამ ოჯახში "შემთხვევით" უნდა შემევლო და იქ შემახვედრებდნენ "გასაცნობ ობიექტს"; მერე კარგად მოვილხენდით და თუ ერთმანეთი მოგვეწონებოდა, შეხვედრები გაგრძელდებოდა ბედნიერ დასასრულამდე. თავდაპირველად, სრული სერიოზულობით მოვეკიდე ამ სამაშველო სამსახურს, არც ვაცდენდი და არც ვაგვიანებდი მსგავს შეხვედრებზე. საპატარძლოსაც ყურადღებით ვათვალიერებდი ხოლმე... მაგრამ მერე და მერე, ეს მუქთა წვეულებები ისე გამიტკბა, რომ გარიგების ნამდვილი მიზანი სულ გადამავიწყდა და იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, ცოლის შერთვის შემდეგ, ამ განცხრომას რომ უნდა გამოვმშვიდობებოდი: ხუმრობა ხომ არ იყო - უფასო საჭმელ-სასმელი, ქეიფი და დროს ტარება?!. ჩემი საქმე კი, მხოლოდ საპატარძლოს შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება ანუ "რეცენზია" იყო. ზღაპარში მეგონა თავი. მე, როგორც ჯენტლმენს, ყველა ქალი მომწონდა, ოღონდ - მხოლოდ სიმთვრალეში. უშნო საპატარძლოების ნახვის შემდეგ, ერთი ნახვით მოწონება და სიყვარული ღვინის გამონელებისთანავე ქრებოდა. ასეთ შემთხვევაში ოჯახიდან გაპარვის მრავალი მეთოდი მქონდა შემუშავებული... იყო შემთხვევები, როდესაც ჩემი ნაცნობები, დროისა და ჯიბის ეკონომიის მიზნით, ერთ ნახვაზე ორ და ზოგჯერ მეტ საპატარძლოსაც მახვედრებდნენ. ერთ წვეულებაზე ერთდროულად სამი გოგონა გამაცნეს - ფატი, ნატო და კატო წარმოგიდგენიათ?! ფატისა და კატოს ფონზე, ნატო მზეთუნახავი ჩანდა. ჰოდა, ავდექი და "სალფეტკზე" დაწერილი ეს ლექსი ნატოს სადღეგრძელოს მაგივრად წავუკითხე:
ჩემო ლამაზო ნატო, ჩემო ღმერთო და ხატო,
ჭკუა-გონებით კანტო, ლალო და ბრილიანტო.
თუმც კენტად კი ვარ მარტო, ვით სულ - ობოლი ტატო.
არ გამაჩნია ავტო, ვერ მიყიდია პალტო,
მაგრამ ძვირფასო ნატო, ძლიერ მომწონხარ, "ზატო"!..

ამ "ბაირამობაში" სხვა ქალაქებში - "გამსვლელ სესიებზეც" მიწევდა ჩასვლა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ვიზიტები ქუთაისში. ერთ ზაფხულს ახლობელმა დამირეკა და მითხრა - ქუთაისში თუ ჩამოხვალ, ისეთ გოგოს გაგაცნობ, უკეთესს ვერ ინატრებო. შევთანხმდით, რომ ჩავიდოდი. მივედით ოჯახში, გაიშალა სუფრა, ცოტა ხნის შემდეგ, საპატარძლოც მობრძანდა, რომელიც ჩემ პირდაპირ დასვეს. მართლაც, მშვენიერი გოგონა აღმოჩნდა. შვებით ამოვისუნთქე. გულში ვიფიქრე - მადლობა ღმერთს, რომ არც კოჭლია, არც კუზიანი, არც უკბილო და რაც ბრუციანია-მეთქი, მაგრამ მალე აღტაცებასთან ერთად, ეჭვმა შემიპყრო: ჯერ იმის გამო, რომ გაცნობის დროს, გოგონამ ხელი ისე ჩამომართვა, ხმა არ ამოუღია, მისი ორიგინალური სახელი - ფასო, მასპინძელმა მითხრა; გავიდა ერთი საათი, ქეიფი ეშხში შევიდა, მაგრამ გოგონა კვლავ არ იღებს ხმას. ვიფიქრე - საწყალი, ალბათ ყრუ-მუნჯია-მეთქი... ეს ეჭვი შუამავალს რომ გავუმხილე, გადაირია - როგორ გეკადრება? ყრუ-მუნჯი კი არა, მგონი, პირიქითაც არისო!... ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. - თუ მუნჯი არ არის, მაშინ, როგორც გინდათ, ისე აალაპარაკეთ-მეთქი, - გავჯიუტდი ნასვამი. ამასობაში, შეზარხოშებულმა თამადამ და სუფრის წევრებმა მთხოვეს, მემღერა. იცოდნენ, გიტარაზე კარგად რომ ვუკრავდი და ვმღეროდი. გავჭირვეულდი - სანამ ფასო არ მთხოვს, არაფერსაც არ ვიმღერებ და არც დავუკრავ-მეთქი. მთელმა სუფრამ, "ფასო-ძვირფასოს" ძახილით, ჩემი ულტიმატუმი გაიმეორა. მცირე ხნის შემდეგ, რაკიღა არა და არ მოეშვნენ, უზომოდ გაცეცხლებული საპატარძლო უეცრად მომიბრუნდა და სეტყვასავით დამაყარა: "რასაა, ბიჭო, რომ იტყლარჭები?! თუ იცი და თუ უკრავ, დოუკარი, თუ არა და, გადაშენდი და გადაქუხდი აქედან! დედაია, არ წაგვაჭამა ტვინი ამდენი გლახაობით და ჯღანაობით?! ვინაა აი, კვტარგაცივებულ-გაფირჩხინებული?!" ამის შემდეგ სხვებს მიუბრუნდა და გამყინავი ხმით აქოთქოთდა: "ამ უცოლო კაცებს დაცვინდეს ხორცები და არ გოუთენდეს სახაშე დილა! აგენს შეეყაროს შიდსია თუ რაცხა ჯანდაბა და აგენი ვნახე ერთ კუბოში "ვახტანგურად" გადაკვარჩხული! რავა ყველა ოხერი და მუდრეგი მე უნდა გადამეყაროს?! გაწყდა აგენის ფესვი და სინსილა, აგენს დეეწვა და დეეხრუკა ოჯახი და ჯილაგი, აგენს ჩოუშავდა და ჩოუბნელდა თვალები, ჩემისთანა ქალი რომ ვერ დეინახეს, აგენის გულიზაა, რომ არ იქნა ჩემი გათხოვების საშველი!.." როდესაც გული იჯერა და თავისი მონოლოგი დაამთავრა (თუ დაამთავრებინეს - აღარ მახსოვს), სუფრის წევრებმა შვებით ამოისუნთქეს. წამით, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რის შემდეგაც თამადამ უხერხულობის გასაფანტავად გრძელი "მრავალჟამიერი" წამოიწყო, სხვებიც აჰყვნენ. მე კი, ჯერ კარგა ხანს გაოგნებული ვიჯექი, ხმის ამოღების თავიც აღარ მქონდა (როგორც მერე გავიგე, თურმე წინასწარ ყოფილა გაფრთხილებული - ხმა არ ამოეღო), მერე კი ექსპრომტად დაწერილი ლექსი ფასოს დემონსტრაციულად დავუგდე თეფშზე, თან დავაყოლე: რისი ფასო, რისი ლექსი, ჯობს, გავასწრო, აბა - "თესი"-მეთქი, - და გარეთ გავვარდი... ის ლექსი კი ასეთი იყო:
ფასო, ფასო, ფუფლო-ფარსო,
თუმც ძვირჭასო, მაგრამ თარსო,
ნეტავ, მართლა მუნჯი იყო,
ენა "ტროსივით" რომ გაქვსო.
ალბათ მაშაც არ გჭირდება,
ისე იღებ ნაკვერჩხალსო,
და თუ არ ვუშველე თავსო,
კაცს კი არა, მოკლავ ხარსო!..
კიდევ ერთ კურიოზს გავიხსენებ. ქუთაისში ანალოგიურ საქმეზე გახლდით ჩასული. ქუთაისური პურმარილის შემდეგ, უკვე ყველანი კარგ ხასიათზე რომ დავდექით, ცეკვა მოვისურვეთ. გიტარა ხან ზურგზე გავიდე, ხან წელზე, ისე დავუკარი და ვიმღერე. თავის მოსაწონებლად, ვიცეკვე კიდეც. ოჯახის ერთმა უხუცესმა წევრმა მიყურა, მიყურა და წამოიძახა: შარშანწინ, ერთი სასიძო ბიჭი რომ აკეთებდა ასეთ ცირკულ ნომრებს და მერე გოგო რომ დაგვიწუნა, ის ხომ არ ბრძანდება ეს ვაჟბატონიო?.. ბიჭოს, დამკრა თავში. მაშინღა მივხვდი, მეორედ რომ მივსულვარ იმ ოჯახში საპატარძლოს სანახავად და დაუყოვნებლივ, უჩუმრად გამოვიპარე იქიდან... აი, ასეთი ამბავი გადამხდენია თავს გარიგებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, სერიოზულად როგორღა უნდა აღმექვა ეს ტრადიცია?

ასეთი განწყობა აქვთ ორი თაობის წარმომადგენელ მომღერლებს - ქალბატონ ეთერ კაკულიას და ნინი ბადურაშვილს. მათი აზრით, უსიყვარულოდ გათხოვება მიუღებელია...

ეთერ კაკულია:


- გარიგებას ყოველთვის არასერიოზულად აღვიქვამდი. არადა, ხშირად მოდიოდნენ ჩვენს ოჯახში მაჭანკლებიცა და სასიძოებიც. ერთხელ, ერთმა ბიჭმა, რომელსაც ვუყვარდი, ჯერ შუამავალი გამომიგზავნა და უარით რომ გავისტუმრე, მერე მშობლებთან ერთად მობრძანდა. მე არ მომწონდა და მით უმეტეს, მასთან ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი. ჩვენი მშობლები საუბრობდნენ, მე ხმას არ ვიღებდი. ბოლოს, ძალიან რომ შევწუხდი, ასეთი წინადადებით მივმართე მათ: ერთი კარგი გოგოა, ჩემი მგეობარი, ერთმანეთს ძალიან შეეფერებით და მოდი, რა, გაგირიგებ-მეთქი, წარმოიდგინეთ, დამთანხმდნენ. დავურეკე იმ გოგოს, ვუთხარი - კარგი ბიჭი უნდა გაგაცნო-მეთქი, - და ქუჩაში შევახვედრე ერთმანეთს. ასე დავაქორწინე ჩემთვის ხელის სათხოვნელად მოსული კაცი. მოკლედ, მაჭანკლობა მეხერხება და მომწონს კიდეც ეს საქმე...

ნინი ბადურაშვილი:

- გარიგება და გარიგებით გათხოვების პერსპექტივა ჩემთვის ღიმილისმომგვრელია. ბებიაჩემთან ვიღაცები რეკავენ და ეუბნებიან - ასეთი და ასეთი ბიჭი გვყავს და თქვენს გოგოს გავურიგოთ, სარძლოდ მოგვწონსო... ამაზე ძალიან მეშლება ნერვები. მაჭანკლობა ძველი ტრადიციაა და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, მით უმეტეს ამ ასაკში: ჯერ იმის საფრთხე ხომ არ მემუქრება, რომ გაუთხოვარი დავრჩე. გარიგებით ქორწინება დასაშვები და მისაღები მაშინ იქნება, როდესაც 30 წლის ვიქნები და შინაბერად დარჩენის საფრთხე შესაძლოა რეალურად დამემუქროს. აი, მაშინ შეიძლება ვინმემ იზრუნოს ჩემზე, იფიქროს - მოდი, ვიღაცას გავაცნობ, იქნებ, ერთმანეთი მოეწონოთ და დაქორწინდნენო...

ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT