შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს II სამმართველოს თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მაღალჩინოსანი ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროს ინსპექტორს ნიკოლოზ სახოვოის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩნდა. იმავე დღეს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
ასევე დაკავებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ეროვნული ბიუროს ოფიცერი კოშკარ ოსმანოვი. ოსმანოვმა პრობაციონერს 1800 ლარის მისთვის გადაცემის შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხის დადებითად გადაწყვეტას დაჰპირდა და მოატყუა, რომ ამ საკითხს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა.
23 მარტს კოშკარ ოსმანოვს წარედგინა ბრალდება თაღლითობის მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. (19_180; II ნაწილის „ბ“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები)
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეებს, რომ თავი შეიკავონ სამინისტროს დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავს ფაქტზე რეაგირება უმკაცრესი იქნება.