გიორგი ვაშაძე - ბოკერიას პროკურატურაში დაბარება ივანიშვილის დავალებაა
გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში დაბარებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე აფასებს. როგორც საკითხზე საუბრისას უმცირესობის წევრმა განაცხადა, "მთავარმა მოქალაქემ" გასცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ბოკერია პასუხისგებაში მიეცეს.
“კონკრეტული მიზეზი, რატომ დაიბარეს გიგა ბოკერია, არ ვიცით, მაგრამ გვახსოვს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მაშინდელი პრემიერისა და ახლანდელი მთავარი მოქალაქის გაცემული დავალება რომ გიგა ბოკერია პასუხისგებაში უნდა მიეცათ. ფაქტობრივად, ამ დავალებას პროკურატურა დღეს ასრულებს. ეს არის ნაწილი ბოლო პერიოდში განვითარებული იმ ტოტალური შეტევისა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს -ფიზიკური ანგარიშსწორებები, დაბარებები, გამოძიება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს არის სტანდარტი, როელსაც დღევანდელი ხელისუფლება ამკვიდრებს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გიგა ბოკერია მთავარი პროკურატურაში დაკითხვაზე 15:00 საათზეა დაბარებული.