Express News

სოფო ყარალაშვილი: პროკურორმა ინტელექტუალია ეს გოგო და აუცილებლად უნდა დავაპატიმროთო



ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს, რომელმაც ლატარეაში ჯეკ-პოტი მოიგო და თაღლითობაში დაადანაშაულეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც სოფომ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, მორიგი სასამართლო სხდომა, 6 ივნისს გაიმართება.

„პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ჩემს დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურორმა ისეთი ფრაზა თქვა, დარბაზში ყველას სიცილი წასკდა. მისი თქმით, ჩემი დარბაზიდან განთავისუფლება იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ ინტელექტუალი ვარ და შესაძლოა გარეთ გასვლის შემთხვევაში რამე მოიფიქროსო. მოსამართლემ უპასუხა, რომ ამის გამო ციხეში არავის სვამდნენ. ამჯერად საქმეზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ველოდები მორიგ სასამართლო პროცესს. ვაპირებ ჩემი სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლო", - განაცხადა მან.

ჟურნალისტი მოგებული  561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის გადახდას ითხოვს. მან „საქართველოს ლატარიის" ბილეთი 18 აპრილს წერეთლის გამზირზე ბანკ „რესპუბლიკის" წინ იყიდა. როცა გაიგო რომ თანხა მოიგო, დარეკა საქართველოს ლატარიის კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ მოგებული ჰქონდა ჯეკპოტი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, 2014 წლის 19 აპრილს, კიბერდანაშაულის ჩადენის და დიდი ოდენობით, ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე დავით ი.-სთვის ცნობილი გახდა საქართველოს ლატარიის კომპანიის" პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები - 5, 9, 15, 19, 30, 32, რის შემდეგაც შეეცადა ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი, სადაც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა.

2014 წლის 20 აპრილს დავით ი.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტი), სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტი) და სსკ-ის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (კიბერდანაშაული, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის ფაქტი).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დავითი. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა მოქალაქე სოფიო .-სთან წინასწარი შეთანხმებით. დავით ი.-ს მიერ დამზადებული ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი სოფიო ყ.-მ გამოიყენა 561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის თაღლითურად დაუფლების მიზნით.

2014 წლის 26 აპრილს, სოფიო ყ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით(დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის მცდელობის ფაქტი) და სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით(ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადების ფაქტი). 



reportiori.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT