''ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს''-ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ''ალია'' ავრცელებს.
„ბოლო დღეებში მიდის სპეკულირება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაქცევას აპირებს, არადა, როგორც კულუარებში ამბობენ, გაქცევას კი არა, ის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ფიქრობს.. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას , ძნელი დასაჯერებელია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოს და თავისივე "ქართული ოცნების" მეშვეობით მოვიდეს პოლიტიკაში. ისიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ პარლამენტის უმრავლესობამ თავისით დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჯერ ერთი, კოალიციის პარტიები თავის თამაშს თამაშობენ, იციან, რომ ბიძინა ახალ პარლამენტში მათ აღარ შეიყვანს თავისით კი ვერ მოხვდებიან. და მეორეც - ამისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობები უნდა არსებობდეს, თუნდაც სახელისუფლებო კრიზისი. ამიტომ, არსებობს მოკლე გზაც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა ივანიშვილზე მეტად აგრესიას მთავრობისა და პარლამენტის მიმართ გამოხატავს, მას შეუძლია ხალხს მიმართოს, არჩევნებამდე რასაც დაგპირდით, არც ეს პარლამენტი და არც ჩემი დატოვებული მთავრობა არ ასრულებს, ცხოვრება გაუარესდა, ქვეყანა წინ არ მიიწევს, სამართლიანობის აღდგენა შეჩერდა, გავერთიანდეთ და ერთობლივად მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები და ერთად მივხედოთ ქვეყანასო. ამ გზამ ერთხელ უკვე გაუმართლა და ხალხის ყოფიდან გამომდინარე, ალბათ, მეორედაც გაამართლებს'',- წერს ''ალია'' და დასძენს, რომ ივანიშვილისნაირი ლიდერის გამოჩენის შემთხვევაში დიდი ალბათობით, არა მხოლოდ მოსახლეობის უდიდესი მასა გამოვა ქუჩაში, არამედ, არასაპარლამენტო პარტიებიც შეუერთდებიან მას.
როგორც ''ალია'' წერს, პროტესტის მასობრიობის, ამ ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის წინაშე აღებული ვალდებულებებიდან და ღარიბაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, ხელისუფლება რადიკალურ ზომებზე არ წავა.
''დიდი ალბათობით, ახალ არჩევნებს დანიშნავს, სადაც ივანიშვილს არათუ "ოცნების" ნებისმიერი პარტიის სახელით გამარჯვებაც არ გაუჭირდება და პირველი, რითაც ის იამაყებს, იქნება ის, რომ "ნაციონალები" პარლამენტს ჩამოაშორა,“- წერს ''ალია''.