Express News

„საიდუმლო სერობის“ შესახებ გადავწყვიტე განმემარტა-რა მოხდა წულუკიანისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე



ისეთი ამბავი დამხვდა „საიდუმლო სერობის“ შესახებ გადავწყვიტე განმემარტა-ჟურნალისტი თეონა გოგელია, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალებს განმარტავს. გოგელია საკუთარ "ფესიბუქის" გვერდზე წერს, რომ წულუკიანთან შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ, დიანა ტრაპაიძე, თეა სიჭინავა, ნინო შუბლაძე და ეკა მიშველაძე. გადაცემა „სუბიექტურ აზრის“ წამყვანის თქმით, შეხვედრისას წულუკიანი საკმაოდ სიტყვა ძუნწი იყო.

"ჩვენ, თუნდაც მხოლოდ მე დიანამ რომ ის მოვყვეთ, პირად საუბრებში, თუნდაც სარეკლამო ჭრის დროს, პოლიტიკოსები ჩვენთან რეებს ყვებიან, ვერცერთი პოლიტიკური ერთობა და პარტია ამ ქვეყანაში ვერ იარსებებდა )) იმასთან შედარებით წულუკიანის პასუხები იყო დიპლომატიის უმაღლესი მწვერვალი. ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემი საყვარელი მინისტრია (არ მყავს ასეთები), და ისიც და ბევრი სხვა ადამიანიც დღევანდელი მთავრობიდან ოპოზიციაში გაცილებით კარგად გამოიყურებოდა ჩემი აზრით, ვიდრე დღეს, მაგრამ იმდენი მაინც ესმის როგორც ჩანს, რომ ჟურნალისტებთან ყველაზე დახურული შეხვედრაც კი მაინც ღიაა, და ეს ეტყობოდა სიტყვაძუნწობაშიც. ხუთი სტუმარი ვიყავით იქ: მე, დიანა, თეა სიჭინავა, ნინო შუბლაძე და ეკა მიშველაძე. ახლა აქედან, რომელი გამორჩევა ყველა პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის მიმართ ერთნაირი გულგრილობით და ვის და რა ინტერესით შეეძლო შეეთხზა ეს ზღაპარი „საიდუმლო სერობაზე“ თავად განსაზღვრეთ არაოფიციალური, ეგრეთ წოდებული „ოფ რეკორდ“ შეხვედრები პრესას და პოლიტიკოსებს შორის, ძალიან ცივილიზებული და მიღებული ფორმაა, მიღებულია ის ყველა ნორმალურ ქვეყანაში, და სხვათაშორის არანორმალურშიც სხვაობა ისაა, რომ ნორმალურ გარემოში, ასეთი შეხვედრები არ მთავრდება ისე, როგორც ეს მოხდა წულუკიანის და ჩვენი შეხვედრის შემთხვევაში. ამიტომ, გასაგებია სადაც ვცხოვრობთ როგორც წესი, ასეთ მავნე და არაფრისმომცემ ისტორიებთან ასოცირებას ვერიდები, ამიტომ როდესაც გუშინ, გადაცემის დაწყებამდე დიანამ მითხრა, რომ რომელიღაც სააგენტოზე გამოქვეყნდა „სტატია“ მგვრგვინავი სათაურით ჩვენი და თეა წულუკიანის „საიდუმლო სერობის“ შესახებ, უბრალოდ გავიცინეთ, და არც წაგვიკითხავს. გადაცემის შემდეგ დედაჩემის სანახავად წავედი. ქსელში გვიან შემოვედი და ისეთი ამბავი დამხვდა, რომ „სტატიის“ წაკითხვაც მომიხდა და გადაწყვეტე, რომ ამ უნიჭო დეტექტივში ჩემს როლს განვმარტავდი ჰო, ამ წუთამდე არავის დაურეკავს სააგენტოდან რომელიც თითქოს ცდილობდა „წყაროს“ ინფორმაციის ჟურნალისტებთან გადამოწმებას თეა წულუკიანი სულ ერთხელ იყო სტუმრად „სუბიექტურ აზრში“ მას შემდეგ, რაც გადაცემა მე დიანას მიგვყავს. ბევრჯერ ვცადეთ მისი მოყვანა სხვა დროსაც, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა არიან რესპონდენტები მთავრობიდან და პოლიტიკოსები, რომლებიც არასდროს ყოფილან ჩვენს გადაცემაში. ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, კულტურის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი და სხვები. მაგრამ გადაცემა არ არის ამ ადამიანებთან ჩვენი, როგორც ჟურნალისტების ურთიერთობის ერთადერთი ფორმატი. როგორც ზემოთ ვთქვი, პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ არაოფიციალური შეხვედრების ფორმატს და სწორედ ასე გავიცანით შინაგან საქმეთა მინისტრი ჭიკაიძე. ის ახალი დანიშნული იყო, როდესაც პრესის წარმომადგენლები მიგვიწვიეს „რედისონში“. ესეც დახურული შეხვედრა იყო, იმ განსხვავებით, რომ მიწვეული ჟურნალისტების წრე იყო დიდი. დახურული და არასაჯარო იყო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთანაც (მაშინ ის შს მინისტრი იყო), რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. სამეგრელოს სამალავებიდან ამოღებული კადრები უნდა გვენახა და მაშინ ბევრმა გააპროტესტა ჩვენი მონაწილეობა იმ შეხვედრაში. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დახურულ შეხვედრებში მონაწილეობა მანამდეც მიგვიღია და მომავალშიც მივიღებთ. ახლა რაც შეეხება წულუკიანის ფორმატს: რამდენიმე დღის წინ, დიანამ მითხრა, რომ მარიამი (იუსტიციის სამინისტროს პრესამსახურის უფროსი) გვპატიჟებს გადაცემების წამყვანებს სამინისტროში, სადაც მინისტრის მისაღებში სოფიო ვარაზის ნამუშვრების გამოფენა ეწყობა, ექსპოზიციასაც ნახავთ, მინისტრსაც და ჩაით და ყავით გაგიმასპინძლდებითო. პირადად მე აღვიქვი ეს მიწვევა, როგორც ერთგვარი კომპენსაცია იმისა, რომ ამდენი შეთავაზების მიუხედავად თავად მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ჩვენს გადაცემაში ნამყოფი. ორშაბათს, გადაცემის შემდეგ მივედით. მისაღებში დაგვხდა ფურშეტი, გამოფენა, ერთი ქალბატონი, რომელიც გვემსახურებოდა, მინისტრი, მისი პრესამსახურის უფროსი მარიამი, თეა სიჭინავა იმედიდან, ნინო შუბლაძე (რუსთავი 2), ეკა მიშველაძე (პირველი არხი) და არანაირი მერაბ მეტრეველი ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა მოვისმინეთ იქ. არცერთი „ციტატა“, რომელიც ამ „წერილშია“ მოყვანილი იქ არ თქმულა, არცერთი! აღარაფერს ვამბობ ანონიმური ავტორის ინტერპრეტაციებზე. ჟურნალისტები გაცილებით მეტს ლაპარაკობდნენ იქ )) ვიდრე წულუკიანი, რომელიც სიტყვაძუნწი მოპასუხის როლში იყო. რა თქმა უნდა, შეკითხვები იყო კრიტიკული და ეხებოდა მოახლოებულ არჩევნებს, პროკურატურას, კოალიციაში არსებულ ვითარებას, კანონპროექტებს. ახლა რა გავიგეთ წულუკიანისაგან, რომელიც იმავდროულად უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელია, რომელიც არჩევნებს აკვირდება. პირადად მე, და ეს მე და დიანამ გადაცემაშიც ვთქვით, მაინტერესებდა იმ ჯგუფების წარმომავლობა, რომლებიც მორატორიუმის გამოცხადებამდე აშკარად ორგანიზებულად დასდევდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ხელს უშლიდნენ მათ შეხვედრებს ამომრჩევლებთან რეგიონებში. რაზეც წულუკიანმა თქვა, რომ მათი ვინაობის შესახებ არ იცის, მაგრამ რაც ნამდვილად იცის არის ის, რომ მთავრობაში არსებობს გულწრფელი სურვილი იმისა, რომ ეს არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდეს, თან ეს რამდენჯერმე გაიმეორა. რატომ არ დადის ხშირად ეთერებში? წულუკიანმა თქვა, რომ ჟურნალისტები მას ხშირად უსვამენ შეკითხვებს ისეთ თემებზე, რომელიც მისი კომპეტენცია აღარ არის, ან უბრალოდ არ იცის, მაგალითად პროკურატურაზე, ამიტომ საკუთარი კომპეტენციის მიღმა შეფასებების კეთება არ უნდა და სწორიც არ იქნება. მოგვიბოდიშასავით და ამით ახსნა ის, თუ რატომ ვერ დადის ხშირად თოქშოუებში, როდესაც ეპატიჟებიან. რა თქმა უნდა, პროკურატურაზე შეკითხვებში, ორ ადამიანზე ჰკითხეს, ფარცხალაძეზე და ნაცვლიშვილზე. მან თქვა, რომ მხოლოდ სმენია ის, რაც ჭორის დონეზე ვიცით ჩვენც. მისთვის მეტი არაფერია ცნობილი, ამიტომ ვერაფერს დაადასტურებს. ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე, წულუკიანმა გვითხრა, რომ მისი სამინისტროს მიერ მომზადებული ვერსია უკეთესი იყო, ვიდრე ის რაც პარლამენტში შევიდა. სხვათაშორის გუშინ საჯაროდ იგივე გაიმეორა, რაც გადაცემაშიც ვთქვით. რაც შეეხება ერთსულოვნებას კოალიციაში. ამ თემაზე შეკითხვები, ვიმეორებ შეკითხვები, და არა პასუხები იყო ისე ფორმულირებული, რომ აქცენტი კეთდებოდა შიდა განხეთქილებაზე რასაც მან უპასუხა, რომ ბუნებრივია არსებობს აზრთასხვადასხვაობა, მაგრამ არანაირი „მე და ალასანიას გვდევნიან“, რომ პროდასავლურ ძალებს რამე გვემუქრება და ასოცირების შეთნხმების გაუქმებაზეა ლაპარაკი... ესაა სრული ბოდვა, მსგავსი არაფერი უთქვამს. ერთადერთი რაც თქვა, და ისიც არა კოალიციის კონტექსტში, არამედ ზოგადად, იყო ის, რომ პრესაში ხშირად აგორებენ მის წინააღმდეგ კამპანიებს. რაზეც პირადად მე ვუთხარი, რომ ტელევიზიებში მე ასეთ კამპანიებს კონკრეტულად მის წინააღმდეგ ვერ ვგრძნობ, და ზოგადად საზოგადოებრივ აზრს დღეს პრესა ვერ ქმნის, ტელევიზიებისგან განსხვავებით მალე დავიშალეთ. დროის მცირე მონაკვეთში წავიდა ჯერ შუბლაძე, შემდეგ სიჭინავა და ბოლოს მე, დიანა და პირველი არხი ერთად გამოვედით შენობიდან. გამოსვლამდე ერთი ლირიკული „პერეპადი“ ჰქონდა მინისტრს და მე და დიანას რომ გვემშვიდობებოდა გვითხრა, რომ დიდი ხანია არ უნახივართ და მოვენატრეთ, გაიხსენა ის, დრო, როდესაც „მაესტრო“ რადიო უცნობის შენობიდან მაუწყებლობდა და ტელევიზიის ბევრი თანამშრომელი სამ ოთახში იყო შეყუჟული. კარგი დრო იყოო, თქვა რაზეც დავეთანხმეთ :)) ამიტომ არ მომიყოლია ამ შეხვედრის შესახებ არათუ საჯაროდ, არამედ მე და დიანასაც კი არ გაგვიგრძელებია ამ თემაზე ლაპარაკი სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ. არაფერი ახალი და საინტერესო იქ არ გამიგია, გარდა იმისა, რომ მშვენიერი ნახატები აქვს სოფიო ვარაზს, და ძალიან გემრიელი კრუასანები და ხაჭაპურები ვჭამე მე, თორემ დიანა დიეტაზე იყო და ეგეც არ შეხვდა,"-წერს თეონა გოგელია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT