გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულის გოგა ანჩაბაძის საქმის არსებით განხილვაზე, 27 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარემ მოწმის სახით დაზარალებული ანა ძაპტაშვილი და მისი დედა რუსუდან ლომაია წარადგინა. სასამართლო სხდომა დაზარალებულის დაკითხვის დროს დახურული იყო. ბრალდებულ ანჩაბაძის ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ძაპტაშვილმა გარკვეულ კითხვებს გასცა პასუხები, ნაწილი კი უპასუხოდ დატოვა.
„მის მიერ დღეს მიცემული ჩვენება და გამოძიებისთვის ადრე მიცემული ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს შეიცავს და დაცვის მხარე ამას პაექრობის დროს გამოიყენებს,“-აღნიშნავს თათელიშვილი.
მისივე თქმით, ძაპტაშვილის დაკითხვის დროს საკმაოდ საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. კონკრეტულად ის, რომ ანა ძაპტაშვილმა მისი გაუპატიურების მცდელობის შესახებ განცხადება, მხოლოდ მას შემდეგ შეიტანა, რაც იგი პროკურატურამ მეუღლის, კონსტანტინე გულორდავას სისხლის სამმართლის საქმეზე დაკითხა. ძაპტაშვილის დაკითხვის სხვა დეტალებზე საუბრისგან ალექსანდრე თათელიშვილმა თავი შეიკავა.
2013 წლის 10 ნომბერს დაზარალებულად მიჩნეულ ძაპტაშვილსა და ბრალდებულ ანჩაბაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე სასამართლო პროცესზე ისაუბრა რუსუდან ლომაიამ. მისი თქმით, ანჩაბაძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მის ქალიშვილს ტანსაცმელზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ფეხსაცმლის ქუსლები ჰქონდა დამტვრეული.