Express News

ბანკები საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ


არასამთავრობო ორგანიზაციამ, "ახალგაზრდა ადვოკატები", საბანკო სისტემის მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. 
"კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს გააჩნია ვალდებულება, კლიენტის თანხმობის გარეშე, არ გასცეს მის შესახებ კონკრეტულ ბანკში არსებული ინფორმაცია. 
თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკი კლიენტის თანხმობის გარეშე სხვადასხვა სუბიექტს გადასცემს კლიენტის შესახებ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომელიც ერთის მხრივ წარმოადგენს საბანკო საიდუმლოებას, ხოლო მეორეს მხრივ პერსონალურ ინფორმაციას", - განაცხადა ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მარიკა არევაძემ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ეს დასკვნა იმ მოქალაქეთა პრეტენზიების საფუძველზე მოამზადეს, რომლებიც ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიმართავენ. ორგანიზაცია საუბრობს შემდეგი ტიპის დარღვევებზე:
- ბანკები კლიენტის თანხმობის გარეშე მუდმივად აწოდებენ კლიენტების შესახებ მათთან არსებულ ინფორმაციას სს „კრედიტინფო საქართველოს";
- დავალიანების ამოღების მიზნით, ბანკები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა იურიდიულ პირებს და კლიენტის თანხმობის გარეშე აწვდიან მათ კლიენტის შესახებ ბანკში არსებულ ინფორმაციას;
- ბანკები არ ახორციელებენ ხანდაზმული მოთხოვნის ჩამოწერას;

მარიკა არევაძის განცხადებით, - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას არ აქვს უფლება ვინმე დაუშვას ან ვინმეს გადასცეს ბანკის კლიენტის შესახებ მასთან არსებული ინფორმაცია. ამასთან „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოში მოქმედ კერძო ბანკებს და მოუწოდებს, დაიცვან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება – პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა.

ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღებით გაეცნონ ბანკებთან ხელმოწერილ ხელშეკრულებებს. ორგანიზაცია მიმართავს „საქართველოს ბანკების ასოციაციას“ და მოითხოვს, ეფექტური გახადოს მოქალაქეებსა და ბანკებს შორის არსებული უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება. 

"სწორედ საქართველოში მოქმედი ბანკების დაუდევრობისა და „დაკანონებული“ პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის ფაქტების შედეგად გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მოვალეთა რეესტრში, 2014 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, 110470 მოქალაქე ირიცხება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაცული არ არის, კომერციული ბანკების სასარგებლოდ განხორციელებულ წარმოებათა შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, ვეთანხმებით, ექსპერტულ წრეებში გამოთქმულ შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული 110470 მოქალაქიდან, სწორედ უმრავლესობა ბანკებთან ურთიერთობის დროს დაზარალებული მომხმარებელია", - აცხადებს მარიკა არევაძე.

მოქალაქეთა ადვოკატირების ჯგუფის 2014 წლის მონაცემით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ბანკებთან სამართლებრივი დავა გააჩნიათ. "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად მოქალაქეები „ლიბერთი ბანკს“, „ვითიბი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ უჩივიან. ორგანიზაციას აღნიშნული ბანკების მიმართ კონკრეტული საქმეები გააჩნია.
http://bfm.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT