"ხათუნა გოგორიშვილს ვიცნობდი როგორც არჩევნების კარგ გამყალბებელს და თუ ექიმიც და ექსპერტიც იყო, არ ვიცოდი"
"ჩემთვის ძალიან ამაზრზენია, რომ ამ თემით სპეკულირებენ ზურაბ ჟვანიას მეგობრები"
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ისტერიკა გამაოგნებელი და დამაეჭვებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის"
გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება იყო. სააკაშვილი დაკითხვაზე 10 საქმეზე, მათ შორის ჟვანიას საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.
- მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა მისთვის უხერხულ კითხვას გასცეს პასუხი ან თუნდაც გაფანტოს ეს ეჭვები.
- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ჩამოვა დაკითხვაზე?
- თუ გონიერება შენარჩუნებული აქვს, უნდა ჩამოვიდეს. ვალდებულია ჩამოვიდეს, რადგან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და პროკურატურას მასთან არაერთ მძიმე საქმეზე აქვს კითხვები. თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მისი ძებნა გამოცხადდება. სამართლიანობა არის ის პრინციპი, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც აგრძელებს ჩვენი გუნდი. თუ რომელიმე პირი ჩათვლის, რომ მას შეუძლია დადგეს კანონზე მაღლა, იქ უკვე დემოკრატიასა და სამართლიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
თავის დროზე, ისრაელშიც ჰქონდათ კითხვები ქვეყნის პრემიერთან, დემოკრატიის ცენტრში, საფრანგეთში კი სარკოზისა და ჟაკ შირაკთან. იქ საუბარი არ ყოფილა მკვლელობებსა და პრემიერის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე. საქართველოს შემთხვევაში კი ლაპარაკია 8 მილიონის გაფლანგვაზე, გირგვლიანის მკვლელობაზე, "იმედის" წართმევა-დარბევაზე, კერძო ქონების ხელში ჩაგდებაზე და ამ ყველაფერზე, სამწუხაროდ, გამოძიებას კითხვები აქვს ყოფილ პრეზიდენტთან.
თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არასოდეს სცემდა პატივს არც ხალხს და არც თავის ქვეყანას და მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
დავუბრუნდები ჟვანიას საქმეს. ყოფილ პრემიერს დაზიანებები რომ ჰქონდა, კარგად ჩანს გავრცელებულ მასალაშიც და იმ ვიდეოფირზეც, რომელიც პროკურატურაში ინახება. ექიმებმა, რომლებმაც ცხედარი გაკვეთეს, ეს დასკვნაშიც დააფიქსირეს, კერძოდ, რომ ჟვანიას აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში და სისხლჩაქცევები. სამწუხაროდ და ძალიან საეჭვოდ, ექსპერტმა ჩაჩუამ ეს მონაცემები არ შეიტანა საბოლოო დასკვნაში. რეალურად, ჩაჩუას დასკვნა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო სხვა ექიმების დასკვნაზე, რაც არ მოხდა. ჩაჩუას ეს მონაცემები დასკვნაში რომ შეეტანა, მაშინ უნდა აეხსნა კიდეც, რატომ ჰქონდა ჟვანიას თავის არეში დაზიანება და სისხლჩაქცევები. ტუჩზე დაიწყეს სპეკულაციები (ჟვანიას ტუჩზეც აღენიშნება დაზიანება), რაც სხვა თემაა. ლაპარაკია თავის არეში არსებულ სერიოზულ დაზიანებებზე. მოვისმინე განცხადებები, თითქოს რაღაცას გადაჭრით ვამტკიცებ. არადა, მე, როგორც ერთმა ადამიანმა, ვნახე გავრცელებული მასალა და გამიჩნდა კითხვები. კეთილი ინებონ და განმარტონ, რატომ არ არის დაფიქსირებული ჟვანიას თავზე არსებული დაზიანებები ჩაჩუას დასკვნაში.
- ზურაბ ჟვანიას მეგობრები (მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი) ამტკიცებდნენ, რომ ეს არის ტრეპანაციის შედეგად მიღებული დაზიანებები. თუმცა არ ხსნიან, რა შუაშია ამ ფოტოებთან ტრეპანაცია.
- ხათუნა გოგორიშვილს ვიცნობდი როგორც არჩევნების კარგ გამყალბებელს და თუ ექიმიც და ექსპერტიც იყო, არ ვიცოდი.
ჩემთვის ძალიან ამაზრზენია, რომ ამ თემით სპეკულირებენ ზურაბ ჟვანიას მეგობრები, თუ, რა თქმა უნდა, მათ მეგობრები შეიძლება ეწოდოთ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ისტერიკა გამაოგნებელი და დამაეჭვებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს ასეთი ისტერიკა? თუ გამოძიებას გაუჩნდა კითხვები, სწორედ ეს მეგობრები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს. ამ ხმაურით კი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გამოძიებას ხელს უშლიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში.
სინამდვილეში, ეს თვითლუსტრაციაა. ქურდს ქუდი ეწვისო, მათზეა ნათქვამი. თუმცა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს
kvirispalitra.ge