გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, ამგვარი რამ პირველად მოხდა. დედოფალმა ელისაბედ მეორემ იუბილე მიულოცა ერთ–ერთ უხუცეს ლგბტ ორგანიზაციას.
ბრიტანული ერთა თანამეგობრობის – ადრე ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოებისგან ნებაყოფლობით შემდგარი სახელმწიფოების გაერთიანების მთელი 62–წლიანი ისტორიის მანძილზე, მონარქს ამგვარი რამ არასოდეს უთქვამს. გასულ კვირას, მან ორგანიზაციას London Lesbian & Gay Switchboard, 40 წლის იუბილე მიულოცა.
87 წლის ელისაბედი 600–ზე მეტი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი სტრუქტურის მფარველია, თუმცა, არც ერთი მათგანი არ მუშაობს კონკრეტულად ლგბტ თანასწორობის საკითხებზე.
Lesbian & Gay Switchboard–ის მისამართით, მისმა უდიდებულესობამ განაცხადა: „საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული იუბილეს ზეიმობს“.
დედოფალს პრემიერ–მინისტრი დევიდ კემერონიც შეუერთდა: „ვისარგებლებ შემთხვევით და ვუერთდები Lesbian & Gay Switchboard–ის 40 წლის იუბილეს მილოცვას. 1974 წლიდან, ლგბტ ადამიანების თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლაში დიდი ძვრები აღინიშნა. ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მსგავსმა სხვა ორგანიზაციებმა ამ პროგრესში დიდი წვლილი შეიტანეს. მთავრობა განაგრძობს უფრო სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, და თანდათანობით სპობს თანასწორობის გზაზე არსებულ ყველა დაბრკოლებას, რასაც ლგბტ ადამიანები აწყდებიან“, – განაცხადა მან.