Express News

გოგი თოფაძემ და მისმა ოჯახმა ჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა-ოლემპიელი იასონ აბრამიშვილი



ქართველი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. იგი წლების წინ დაწყებული საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. საუბარია იმ საქმეზე, სადაც სანოტარო დოკუმენტაციის გაყალბების გზით პარლამენტარმა გოგი თოფაძემ აბრამაშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა.
როცა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს მიეღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში, ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ პატივს ვცემთ ოლიმპიურ პროცესს. ოლიმპიური სულისკვეთება პოზიტივის მომტანია მთელი კაცობრიობისათვის და არა მარტო იმ ქვეყნისათვის, სადაც ის ტარდება. განაცხადა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა.
ბ/ნო ბიძინა, ჩემთვის როგორც სპორტსმენისათვის ძალზე დიდი პატივი ოყო და არის ისეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, როგორიც ზამთრის ოლიმპიადაა, მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის პირველი პირის განცხადებით ოლიმპიური სულისკვეთება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივის მომტანია კაცობრიობისათვის.
საზოგადოდ ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ორად იყო გაყოფილი, რაც სპორტსმენისათვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, ეს არ ყოფილა ხელის შემშლელი ჩემთვის, როგორც ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენისთვის, რომ შემართება შემენარჩუნებინა.
სამწუხაროა, როდესაც სპორტსმენს ოლიმპიადაზე გამგზავრების დღეს საკუთარ პრობლემებზე უწევს საუბარი. მე ოლიმპიადის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის მიერ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მიწევდა პასუხის გაცემა.
ზუსტად, ჩემი ოლიმპიადაზე გამოსვლის წინა დღეებში გოგი თოფაძემ მედიასაშუალებებს მისცა ცილისწამებლური ინტერვიუ.
ვახდენ ციტირებას მის ერთ–ერთ საგაზეთო ინტერვიუდან „ის (იასონ აბრამიშვილი) პასუხისგებაშია მიცემული. მაგის საქმე ძიებაშია. იმის გამო, რომ არაერთხელ მოიტყუა ტელეეთერით, მოუწევს პასუხისგებაც, საქართველოს დროშას ეგ ვეღარ წაიღებს, რადგან მალე მოედავებიან და პასუხი უნდა აგოს.“
მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, კერძოდ 2008 წლის 4 აგვისტოს და ამავე წლის 4 დეკემბერს სანოტარო დოკუმენტაციის გაყალბების გზით პარლამენტარმა გოგი თოფაძემ და მისმა ოჯახმა ჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა (რისი მტკიცებულებაც არსებობს), აღნიშნულის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2012 წლის თებერვლის თვეში რა დროსაც განცხადებით მივმართე გამოძიებას და მოვითხოვე ობიექტური გამოძიების ჩატარება, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ დღემდე გამოძიება უმოქმედობით გამოირჩევა. ეს ყოველივე კი გულს მტკენს, რადგან დღემდე სანთლით მიწევს სამართლის ძებნა.
2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ სამართლიანობის აღდგენით დაიმედებულმა იმავე წლის 26 დეკემბერს დამატებით მივმართე გამოძიებას განცხადებით და მოვითხოვე საქმის ობიექტურად გამოძიება. თუმცა ჩემს მიმართვას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია
ამის შემდეგ ჩემი ადვოკატების მიერ 2013 წლის აპრილის თვეში პროკურატურის სახელზე კვლავ იქნა წარდგენილ ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რაც გამოძიებას დაეხმარებოდა საქმის გამოძიებაში და სიმართლის გარკვევაში, თუმცა მასაც რაიმე სახის სახის სამართლებრივი შედეგი დღემდე არ მოჰყოლია
ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ იმედი მქონდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გაიკვეოდა, თუმცა ბ/ნ გოგი თოფაძე აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და მედია საშუალებებში ღიად გვემუქრება მე და ჩვენს ოჯახს.
ჩემი მოთხოვნაა წლების წინ დაწყებული საქმის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და თუ სამართლიანი გამოძიების პირობებში აღმოჩნდება, რომ მე ან ჩემი ოჯახის წევრები არ ვართ მართლები მზად ვარ პასუხი ვაგო.
ბ/ნო ბიძინა, იმედს ვიტოვებ, თქვენ ,როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და საქართველოს მოქალაქის ინტერესების თავგამოდებული დამცველი (რაც არაერთხელ დაამტკიცეთ უახლოეს წარსულში), დაინტერესდებით ჩემი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის იასონ აბრამაშვილის პრობლემით, გულდასმით შეისწავლით თოფაძეებსა და აბრამაშვილებს შორის არსებულ დავას და როგორც საქართველოს მოქალაქეს გვერდში დამიდგებით სამართლიანობისათვის ბრძოლაში.
წყარო  ireporter.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT