Express News

ევროკავშირი ყირიმის რეფერენდუმს არალეგიტიმურად აცხადებს


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ყირიმის რეფერენდუმის თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ევროკავშირის 28 ქვეყნის მთავრობების სახელით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი თვლის, რომ რეფერენდუმის ჩატარება ყირიმის მომავალ სტატუსზე უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. 
"რეფერენდუმი არაკანონიერი და არალეგიტიმურია და მისი შედეგები არ იქნება აღიარებული. კრიზისიდან გამოსავალი გზა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი შესრულების ჩარჩოებში. მხოლოდ ერთად მუშაობით, დიპლომატიური პროცესის მეშვეობით, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით უკრაინისა და რუსეთის მთავრობებს შორის, შევძლებთ კრიზისიდან გამოსავალი გზის მოძებნას. ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ევროპის კონტინენტზე და ის გააგრძელებს ამ მიზნების მიღწევას ყველა არსებული საშუალების გამოყენებით. ჩვენ კვლავ ვგმობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას და მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი შეიარაღებული ძალები კრიზისამდე არსებულ რაოდენობამდე დაიყვანოს და მოახდინოს მათი გადაყვანა მუდმივი დისლოცირების ადგილზე, როგორც გათვალისწინებულია სათანადო ხელშეკრულებებით", - ნათქვამია განცხადებაში. 
აღსანიშნავია, უკრაინის კრიზისის განსახილველად ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და დამატებითი ზომების მიღების საკითხს განიხილავენ.


წყარო interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT