Express News

პროკურატურა შალვა თათუხაშვილის ფოტოებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს


მთავარი პროკურატურა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ ფოტოებზე თათუხაშვილს წამების კვალი აღენიშნება და მას სამართალდამცავებს უკავშირებს, "აბსურდს" უწოდეს. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულის დადგენა მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს რა დაზიანებები აღენიშნებოდა შალვა თათუხაშვილს და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ ეტაპზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ არის დასრულებული. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ექსპერეტიზის დასკვნა დასრულებისთანავე გასაჯაროვდება.
ასევე ვაცხადებთ, რომ აწ გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილი 2005 -2012 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში და 2006 წლის 12 იანვარს ასრულებდა ე.წ კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოვალეობას. იგი უშუალოდ მონაწილეობდა და ჩართული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ე.წ ,,ნავთლუღის სპეცოპერაციაში", რომელსაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის მკვლელობა.
2014 წლის 24 თებერვალს შალვა თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურაში ორი ადვოკატის თანდასწრებით და მონაწიელობით, მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიებას მისცა დათა ახალიას მიერ ორგანიზებებული და განხორციელებული, სამი უდანაშაულო, შეუიარაღებელი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში მამხილებელი ჩვენება. მან საკუთარ ჩვენებაში მოყვა, თუ როგორ ჩატარდა აღნიშნული სპეცოპერაცია და როგორ განახორციელეს კუდის თანამშრომლებმა დათა ახალაიას ხელმძვანელობით სამი ადამიანის მკვლელობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა ბრალდების მხარის მოწმეს, რომლის მიმართაც საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული იქნა დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაზეც მოგვიანებით თავად მოწმე შალვა თათუხაშვილმა უარი განაცხადა.
გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ბაჩანა და დათა ახალაიების ინტერესებს იცავს მათი ბრალდების ყველა საქმეში, მათ შორის ზემოხსენებულ მკვლელობის საქმეში. ასევე ის არის ბრალდებულების დათა და ბაჩო ახალაიას მამის როლანდ ახალაიას მეგობარი და ოჯახთან დაახლოებული პიროვნება. შესაბამისად ამ უკანასკნელის და ბაჩო ახალაიას მეუღლის ანნა ნადარეიშვილის განცხადებები, ვითომდა სამართალდამცავმა ორგანოებმა უკანონო ქმედებები განახორციელეს მოწმე შალვა თათუხაშვილის მიმართ, არის მოტივირებული ერთადერთი მიზნით, როგორმე დაეხმარონ მათ მიერ გავრცელებული ტყუილებით ბრალდებულ დათა და ბაჩანა ახალაიებს, შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მოახდინონ პროკურატურის დისკრედიტაცია. რაც შეეხება ი.ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ მის მიერ გავრცელებულ გარდაცვლილი შ.თათუხაშვილის ფოტოებზე აღინიშნება წამების კვალი და ამ დაზიანებების დაკავშირება სამართალდამცავებთან, არის სრული აბსურდი და ტყუილი, ვინაიდან მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია დაადგინოს გვამზე დაზიანებების არსებობა, მათი მიყენების ხერხი, ლოკალიზაცია, ხანდაზმულობა და სიკვდილის მიზეზი, ხოლო ექსპერტიზა ჯერ დასრულებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი.ზაქარეიშვილის და ა.ნადარეიშვილის ტყუილების მოტივაცია იმდენად აშკარაა, რომ მთავარი პროკურატურა მათზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ თვლის. ჩვენი განცხადება განკუთვნილია ხალხისთვის, რომ ხსენებულმა პირებმა ვერ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. თავის მხრივ მთავარი პროკურატურა შ.თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ გამოძიებას მიიყვანს ბოლომე და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა ამომწურავი პასუხი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT