გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის #3 ბიულეტენი.
3-9 მარტის პერიოდში მედიაში შემდეგი თემები იყო აქტუალური:
- ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენას სასულიერო პირის (ელიზბარ დიაკონიძე, სამების ტაძრის დიაკვანი), ასევე ლინჩის წესით გასამართლების გამართლებას ოფიციალური თანამდებობის პირის (დიმა ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი) მხრიდან ჰქონდა ადგილი;
- ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წყარო ძირითადად რესპონდენტები (ნოდარ ნათაძე, სახალხო ფრონტი, თამარ ხატიაშვილი, მოქალაქე) იყვნენ;
- როგორც ჟურნალისტის (ასავალ-დასავალი), ასევე რესპონდენტის (გიგლა ბარამიძე, დემოკრატიული მოძრაობა) ხდებოდა უკრაინის და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერების ეთნიკურ წარმომავლობაზე დაუსაბუთებელი აპელირება, ასევე ეთნიკური კუთვნილების დაუსაბუთებელი მითითება (კავკასია; გაზეთი “რეზონანსი”, მოქალაქე);
- მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიაში (გაზეთი “რეზონანსი”), რომელიც უცხოელ ფერმერთა მიმართ ადგილობრივთა უკმაყოფილებას ასახავს, არ არის წარმოდგენილი არც უცხოელ ინვესტორთა პოზიცია, არც ის, თუ რას ეყრდნობა ჟურნალისტის განზოგადება, რომ მიწის გასხვისება უკანონოდ მოხდა;
- უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ადგილი ჰქონდა საფრთხეებზე დაუსაბუთებელ აპელირებას და ამ კონტექსტში ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მოხსენიებას (დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი), ასევე ანტითურქული (ირინა სარიშვილი, იმედი) და ანტიამერიკული განწყობების გაღვივებას, რა დროსაც ჟურნალისტი თანამედროვე კონტექსტში ისტორიის სუბიექტურ ინტერპრეტაციას მიმართავდა (Geworld.ge), ასევე სექსუალურ უმცირესობათა უფლებების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას (Geworld.ge);
- ანტიდასავლური დისკურსი ძირითადად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობების არასწორ ინტერპრეტირებას, სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ID ბარათების თემას უკავშირდებოდა;
- ინფორმაციაში, რომელიც სამეფო დარბაზის აშენებასთან დაკავშირებით ხობის მოსახლეობის უკმაყოფილებას ასახავს, არ არის წარმოდგენილი თავად იეჰოვას მოწმეთა პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (“ინტერპრესნიუსი”). ამდენად რელიგიური უმცირესობა ჟურნალისტური მასალის ობიექტად გვევლინება და არა სუბიექტად;
- რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია როგორც მედიის (კავკასია), ასევე რესპონდენტების (ელიზბარ დიაკონიძე, სამების ტაძრის დიაკონი; გიორგი გერმანიძე, გლობალური ტენდენციების კვლევის ინსტიტუტი) მხრიდან იჩენდა თავს;
- ჰომოფიბიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის 17 მაისის “გეი აღლუმად” წარმოჩენას და ამ ღონისძიების მიუღებლობის მოტივით საზოგადოების მობილიზების მცდელობას როგორც მედიის (ასავალ-დასავალი), ასევე რესპონდენტის (ნოდარ მგალობლიშვილი, მსახიობი) მხრიდან ჰქონდა ადგილი;
- პოლიტიკურ სპეკულაციებს საქართველოშ ევროკავშირის ელჩის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით მედიის (გაზეთი “ალია”, სააგენტო “პირველი”) მხრიდან ჰქონდა ადგილი;
- გაზეთმა “რეზონანსმა” გენდერული სტერეოტიპული მიდგომა გამოავლინა, როდესაც უკრაინელი მომღერლის, ევრომაიდნის აქტივისტის რუსლანას წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საერთაშორისო ჯილდოზე სიმამაცისთვის გართობის რუბრიკაში გააშუქა.
პოზიტიური გაშუქების მაგალითები:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან “მოამბეში” (9 მარტი) გასული სიუჟეტი სახელმწიფო ენის სწავლებაზე აზერბაიჯანულენოვან სკოლებში და მოსწავლეების ინტეგრირების პროცეზე, ასევე “იმედის” 8 საათიან “ქრონიკაში” (4 მარტი) გასული ქართველ და ებრაელ ქალთა ერთობლივი კულტურული ღონისძიების შესახებ;
- გაზეთ “პრაიმ ტაიმის” (3 მარტი) მიერ ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტის გაშუქება, როდესაც აზერბაიჯანული ჟურნალ “ნარგისის” პრეზენტაციაზე გარკვეული სტუმრები სომხური წარმომავლობის გამო არ მიიწვიეს.
· ნეტგაზეთში (6 მარტი) გამოქვეყნებული პუბლიკაცია ჰომოფიბიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის შესახებ
http://identoba.com/