Express News

რამდენი გადაიხადა და ვინ შეისყიდა სააკაშვილის ბებიის წილი რესტორან „წისქვილში“



რესტორნის 20-პროცენტიანი წილის ამჟამინდელი მფლობელი, ლაშა ჩხაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

როგორც ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, სააკაშვილის ბებიას, მზია წერეთელს წილი რესტორან "წისქვილში" ჰქონდა, ოღონდ 10%. ძნელი სათქმელია, მართლა მეუღლის მემკვიდრეობა იყო თუ არა აღნიშნული წილი, თუმცა, შპს „წისქვილის“, რომელიც თბილისში, დიდუბის რაიონში მდებარეობს,  სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი საჯარო რეესტრის მონაცემებით 2002 წლის 19 სექტემბერია.

 სააკაშვილმა ბებიამისს წილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დაათმობინა. მზია წერეთელმა კუთვნილი 10% პროცენტი, ვინმე ლაშა ჩხაიძეს 2013 წლის 2 თებერვალს  მიჰყიდა 60 000 ლარად.
ნომერ 130086978 სანოტარო აქტის თანახმად, ნოტარიუს თამილა გოგატიშვილს ელისო ნარსიამ, მზია წერეთელმა და ლაშა ჩხაიძემ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენისა და სანოტარო წესით დამოწმების თხოვნით 2013 წლის 2 თებერვალს მიმართეს.
აღნიშნული სანოტარო აქტის თანახმად, ელისო ნარსიამ, ლაშა ჩხაიძეს, მისი კუთვნილი 10-პროცენტიანი წილი შპს „წისქვილში“ მიჰყიდა და საზოგადოებიდან გავიდა. ამავე რაოდენობის წილი ამავე შპს-დან ჩხაიძეს მზია წერეთელმაც მიჰყიდა და საზოგადოებიდან ისიც გავიდა.
ლაშა ჩხაიძემ შპს „წისქვილის“ 20-პროცენტიან წილში, საერთო ჯამში, ას ოცი ათასი ლარი გადაიხადა.
სააკაშვილის ბებიის წილის შემსყიდველი, ლაშა მამუკას ძე ჩხაიძე 1985 წლის 11 მაისს დაიბადა. შპს "წიქვილის" 20-პროცენტიანი წილის მფლობელის შესახებ ინფორმაცია მწირია. მას ბიზნეს წრეებში არ იცნობენ.
"გურია ნიუსთან" საუბრისას ჩხაიძე ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ უნდა: „ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს და ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მან არც რესტორანზე ისაუბრა და არც იმის დაკონკრეტება მოინდომა, რატომ იყო და არის „წისქვილი“ ასე მიმზიდველი საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის (აღნიშნული რესტორნის მომსახურებით სხვადასხვა სამინისტროები ახლაც აქტიურად სარგებლობენ)

დოკუმენტებში, რომელიც გიორგი ჩახაიას დახმარებით მოვიპოვეთ, დეტალურადაა გაწერილი ის თანხები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესტორან „წისქვილში“ 2010 წლიდან 2013 წლის 2 თებერვლამდე ირიცხებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 191 ხელშეკრულებაა დადებული. საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტს რესტორან "წისქვილის" მომსახურება რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.
აღნიშნული რესტორნის ყველაზე ხშირი სტუმარი თბილისის მერია გახლდათ.
მერიას, 2011 წლის 6 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რესტორან "წისქვილში" 11700 ლარი აქვს გადახდილი; 2011 წლის 5 აპრილს, უკრაინის დელეგაციის სტუმრობისთვის 2200 ლარი; ამავე წლის 15 აპრილს მინსკის მერის წარმომადგენლების გამასპინძლება მერიას, რესტორან "წისქვილში" 547 ლარი და 50 თეთრი დაუჯდა. იმავე წლის 3 მაისს, 6 უცხოელი სტუმრის გამასპინძლება (ხელშეკრულებაში არაა მითითებული საიდან იყვნენ "უცხოელი სტუმრები") 402 ლარი დაჯდა; მეორე დღეს, ისევ "უცხოელი სტუმრებისთვის" 522 ლარი დაიხარჯა. როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული სუფრა 18 პერსონაზე იყო განკუთვნილი. თუმცა, თუ წინა დღის ხელშეკრულებით ვიმსჯელებთ, როცა 6 ადამიანის გამასპინძლება 402 ლარი დაჯდა, უცნაურია, როგორ გაუმასპინძლდნენ 18 ადამიანს 522 ლარად. 2011 წლის 6 მაისს, 381 ლარია გადახდილი ისევ "უცხოელი სტუმრებისთვის", ამჯერად, 30 პერსონაზე (?!). 18 მაისს, უკრაინის დელეგაციის გამასპინძლება (10 კაცი) 1370 ლარი დაჯდა; 2011 წლის 28 სექტემბერს სომხეთის დელეგაციის 12-კაციანი შემადგენლობის გამასპინძლება - 1428 ლარი.
2011 წლის 25 ნოემბერს მერია, რესტორან "წისქვილში" ისევ "უცხიელ სტუმრებს" გაუმასპინძლდა. ხელშეკრულების თანახმად 150 ადამიანს და ამისთვის ბიუჯეტიდან) 18 900 ლარი დაიხარჯა.
 2010 წლის 6 დეკემბერს ათი პერსონის გამასპინძლებისთვის, რომელიც ხელშეკრულების თანახმად კიშინიოვიდან ჩამოვიდნენ, 2100 ლარი დაიხარჯა.
2012 წლის 26 იანვარს, პოლონეთის 25-კაციანი დელეგაციის სტუმრობისთვის 2650 ლარია გადახდილი; ამავე წლის 5 მარტს, ოდესის მერის გამასპინძლებაში მერიამ  1140 ლარი გადაიხადა.
მერიას არც საკრებულო ჩამორჩა. ამ წლების განმავლობაში დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს რესტორან "წისქვილში" სოლიდური თანხები აქვს დახარჯული. როგორც "უცხოელი" სტუმრობისთვის, ასევე, კოლეგებისთვის.
მაგალითად, 2010 წლის 28 დეკემბერს, 7000 ლარია გადახდილი თბილისი საკრებულოში სტუმრად მყოფი გორის საკრებულოს წევრების დელეგაციის მასპინძლობისთვის.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს, რესტორან წისქვილში საღეჭი რეზინიც კი აქვს შეძენილი.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ქალაქ თბილისის საკრებულო; სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს რეგიონული განვითAრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; იუსტიციის უმაღლესი სკოლა; სტატისტიკის ეროვნული სამსახური; სახალხო დამცველის აპარატი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ქალაქ თბილისი მერია; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი; სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; ბუნებრივი რესურსების სააგენტო; ტურიზმის ეროვნული სააგენტო; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; ჯანდაცვის სამინისტრო; საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახური; ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; იუსტიციის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო; საქართველოს ეროვნული ბანკი, შპს "მარაბდა კრწანისის რკინიგზა"; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; შემოსავლების სამსახური; კონტროლის პალატა; გუდაურის განვითარების ფონდი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს ის დაწესებულებებია, რომლებიც 2010-2013 წლებში, მაშინ, როცა რესტორან "წისქვილის" 10%-ს მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი ფლობდა, მომსახურებით ყველაზე ხშირად სარგებლობდნენ.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საკუთარი ბებია აიძულა, ერთ-ერთი რესტორნის 15%-იანი წილი უსასყიდლოდ სხვისთვის გადაეფორმებინა.
 "ჩემი პრეზიდენტობის დროს აღმოვაჩინე, რომ ბებიაჩემს, მზია წერეთელს ბაბუაჩემმა გივიმ დაუტოვა ერთ-ერთი რესტორნის წილი - 15% და გავგიჟდი. მოვიყვანე ბებიაჩემი, რომელიც ძალიან აქტიური ქალია, ძალიან მიყვარს და არ დაგიმალავთ, ხმას ავუწიე და ვუთხარი, როგორ შეიძლება, პრეზიდენტის ბებიას ჰქონდეს რესტორნის წილი-მეთქი?! როგორ მოგივიდათ ეს თავში-მეთქი? თავს იმართლებდა, ბაბუაშენმა დამიტოვაო. სხვათა შორის, აქეთ მეჩხუბა და მითხრა, ერთხელ მაინც იკითხე, რითი ვცხოვრობ ეს წლებიო! ამ რესტორნიდან თვეში 2000 ლარის შემოსავალი მაქვს და ამით ვცხოვრობო... მართალი იყო, არ მიმიცია არასდროს ფული. საბოლოოდ, ეს წილი უსასყიდლოდ სხვისთვის გადავაფორმებინე და დავტოვე ამ შემოსავლის გარეშე. ასე ვექცეოდი მე ჩემს ნათესავებს", - განაცხადა სააკაშვილმა.



gurianews.com

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT