როგორც ნოდარ ყანჩაველმა “პირWელს” განუცხადა, ამის მიზეზი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან უთანხმებაა.
ყანჩაველი აცხადებს, რომ მინისტრს სამინისტროს დაქვემდებარეში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან კოორდინაცია არ აქვს, რის გამოც სამინისტროს ბევრი თანამშრომელი თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
“დღეს დავწერე განცხადება და წამოვედი იმის გამო, რაც ხდება სამინისტროში. ძირითადი მიზეზი მინისტრიდან გამომდინარეობს. პრეტენზიები ეხება მის მიდგომას თანამშრომლებთან, მისი არაადეკვატური შენიშვნები და შეურაცხმყოფელი ეპითეტები. ვთვლი, რომ ძალიან დიდი პრობლემებია მენეჯმენტის კუთხით. მას კოორდინაცია აქვს მხოლოდ გარემოცვასთან, მასთან დაახლოებულ პირებთან და ეს მხოლოდ ვიწრო წრით შემოიფარგლება, ხოლო დანარჩენი მაღალი თანამდებობის პირებთან - თავმჯდომარეებთან, თავმჯდომარის მოადგილეებთან, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვადსახვა სსიპ-ში მომუშავე რგოლის მენეჯერებთან საერთოდ არ აქვს კოორდინაცია, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აქედან გამომდინარე, პრობლემები აქვთ თანამშრომლებს. ბევრმა მათგანმა უკვე დატოვა თანამდებობა, ნაწილი რიგში დგას და ეძებს ახალ სამსახურს, რათა როგორც კი საშუალება მიეცემათ, წავიდნენ. ეს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არ ხდება, ამას ძირითადად, ადგილი აქვს სამინიტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებში, როგორიცაა იუსტიციის სახლი, საჯარო და სამოქალაქო რეესტრი და ასე შემდეგ”, - განაცხადა ყანჩაველმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მინისტრი საქმის კურსში იყო, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა.
“მინისტრთან მქონდა საუბარი კონკრეტულ თემებზე და სწორედ მაშინ, ამ თათბირზე მოხდა ჩვენს შორის უთანხოება. მე მაშინ მას პირდაპირ ვუთხარი, რომ არ ვეთანხმებოდი მის მიერ მოცემულ აბსოლუტურად არაადეკვატურ შენიშვნას, ძალიან კორექტულად ჩამოვუყალიბე პრობლემის მოგვარების გზები და სამწუხაროდ, არაფერი ამის შემდეგ არ გამოსწორდა”, - აღნიშნა ნოდარ ყანჩაველმა.
http://pia.ge/