ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს. შენობაში შეკრებილი არიან ბრალდებულების ოჯახების წევრები, რომლებიც ახალგაზრდების დაკავებას უსამართლოს უწოდებენ. პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, აღმკვეთის ღონისძიების სახით ათივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდოს. მოსამართლე ნატრული აკობიას განცხადებით, საქმის მასალების დიდი მოცულობიდან გამომდინარე სასამართლოს აღმკვეთის ღონისძიების სამსჯელოდ სამი საათი დასჭირდება.
10 დაკავებულიდან ამ დროისთვის სასამართლოში შვიდია მიყვანილი. ესენი არიან: გიორგი კარბაია, დავით ქუხილავა, გელა ქანთარია, ლაშა ჩაჩხუნაშვილი, გიორგი რატიანი, ვიტალი გულუა და გელა გერგედავა. დაკავებულები მათთვის წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ისინი პროცედურული დარღვევებით აიყვანეს. წალენჯიხის დაბა ჯვარში მცხოვრებმა დავით ქუხილავამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში ძალის გამოყენებით პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, დაკავებისას და ასევე პოლიციის შენობამდე ტრანსპორტირებისას ძალოვანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბრალდებულის თქმით, ადგილი ჰქონდა ზეწოლას სამხარეო პოლიციაშიც, სადაც მისი მტკიცებით, ხელი იძულებით მოაწერინეს ჩვენებაზე. ქუხილავას განცხადებით მას ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს და საოჯახო მეურნეობითაა ძირითადად დაკავებული. მოსამართლე ნატრული აკობიამ პროკურორ დიმიტრი ხვიტიას მიმართა კითხვით, იცოდა თუ არა ამ დარღვევის შესახებ, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. მოსამართლემ პროკურორს ბრალდებულის მიერ მოყოლილის დეტალური გამოძიება მოსთხოვა.
პარალელურად სასამართლოს შენობაში სამართალდამცავების „უსამართლო ქმედებას“ აპროტესტებენ დაკავებულების ნათესავები და ოჯახის წევრები. სხდომათა დარბაზში ადგილების არქონის მიზეზით ქუხილავას ოჯახის წევრები ვერ დაესწრნენ პროცესს, რაზეც მათ უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატეს მანდატურების მისამართით. ხმაურის დროს დავით ქუხილავას დედა ცუდად გახდა. მისთვის სასწრაფო სამედინიცინო დახმარების გაწევა გახდა საჭირო. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ისინი არ აცხადებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზეწოლას. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული 10 ახალგაზრდას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
.livepress.ge/