შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყანაში არსენულ კრიმინოგენულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით კრიმინალური ვითარება არ გაუარესებულა. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე „ალიასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, არსებობს კონკრეტული ჯგუფები , რომლებიც ცდილობენ მასსა და სამინისტროზე იერიშის მიტანას და კრიმინოგენული ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი სწორედ მათი კამპანიის ნაწილია.
„იყო გარკვეული ინფორმაციები, რომ კონკრეტული ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროზე იერიშის მოტანას აპირებდნენ, ისინი კარგად განსწავლულები არიან პიარკამპანიაში და პროპაგანდაში. მათ სცადეს, საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კრიმინალური ვითარება არ გაუარესებულა! მესმის, სტატისტიკით საუბარი გამაღიზიანებელია, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება , მაგრამ , როცა ოპონენტები კრიმინალის გაუარესებაზე საუბრობენ, აუცილებელია მათ შევახსენო ის სტატისტიკა, რაც იყო რამდენიმე წლის წინათ და შეადარონ დღევანდელ მონაცემებს... ეჭვი გამიჩნდა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩემს დისკრედიტაციაზე, მათი მიზანია პოლიციის დემორალიზება და ცდილობენ, გადავდგა რადიკალური ნაბიჯები. ის კამპანიაც, თითქოს კრიმინალმა იმატა, ამ გეგმის ნაწილია, ამით კი იმის მიღწევა სურთ , რომ ჩემმა სამინისტრომ ხალხს დაუწყოს დევნა, შანტაჟი, კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც არ მოხდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რა პროვოკაციებზეც არ უნდა წავიდნენ და რაც არ უნდა ცილი დამწამონ, ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ და პოლიციის დემორალიზებას ვერ მოახდენენ. ჩემი მუშაობის პრინციპზე უარს ვერავინ მათქმევინებს და ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანები არ დაიჩაგრებიან, მაგრამ კანონის მცირე გადაცდომასაც არავის ვაპატიებთ!“,-განაცხადა ჭიკაიძემ „ალიასთან“
წყარო: „ალია“