Express News

„ქვეყანაში არეულობის მოწყობა ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი შესაძლო დესტაბილიციის მზადებაზე განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველი აქვს. როგორც ვიცე – სპიკერმა განაცხადა, არეულობებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხშირად მედიასთან ან საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრისას თავადვე აანონსებენ.
კობახიძის აზრით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი არის ძალა, რომელიც დესტრუქციული ქმედებებისკენ არის მიდრეკილი და ვისაც საკუთარი ლიდერების დანაშაულის გადასაფარად და მართლმსაჯულებისგან გასაქცევად ხელს აძლევს ქვეყანაში არეულობის შემოტანა. „როდესაც შსს მინისტრი აკეთებს განცხადებას დესტაბილიზაციის შესაძლო მზადების შესახებ, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს კიდეც ამის საფუძველი და მე არა მაქვს არანაირი მიზეზი, რომ არ ვენდო მის განცხადებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გინდათ პარლამენტის ტრიბუნიდან, გინდათ მედიიდან, თავად აანონსებენ გარკვეულ გამოსვლებს და არეულობებს.
მახსენდება ნუგზარ წიკლაურის მოსაზრებები, როცა ის აანონსებდა ასეთ გამოსვლებს. რა თქმა უნდა, თავისუფალი შეკრების უფლება ქვეყანაში დაცულია, ყველას აქვს უფლება თავისი, თუნდაც უაღრესად კრიტიკული აზრი გამოთქვას, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიან ფორმატში. ეს ჯგუფი, ზოგადად, მიდრეკილია ასეთი დესტრუქციული ქმედებებისკენ. ყველაზე მეტად მათ აწყობთ, რომ ქვეყანაში დაიძაბოს ვითარება, ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა აპოკალიპტურად დასახონ და ეს შფოთვის მუდმივი საფუძველი მისცენ საზოგადოებას და შემდეგ ამით თავად ისარგებლონ. მათ აწყობთ არეულობა, იმიტომ რომ მათი ბევრი ლიდერი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა და სასჯელს იხდის. ისინი ვერ გაექცნენ მართმსაჯულებას“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ექნება საფუძველი, რომ უფრო ჩაუღრმავდეს ამ ინფორმაციას. მისი თქმით, არსებობს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, რომლის პირდაპირ ფუნქციაა, რომ აქტიურ კავშირში იყოს შსს-თან და ყველა ის ინფორმაცია შეისწავლოს, რომელსაც ეს განცხადება ემყარება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მზადების შესახებ ისაუბრა. ჭიკაიძის განცხადებით, აღნიშნული დავალება ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში და თურქეთში გამართული თათბირებისას მისცა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT