Express News

"ჩემს შვილზე მეტად მკვლელი მეცოდება" - ლაშა მახარაძის დედის პირველი ინტერვიუ დიდი ტრაგედიის შემდეგ

თბილისში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის მკვლელობას გულგრილი არავინ დაუტოვებია. მომხდართან დაკავშირებით საკუთარი აღშფოთება დააფიქსირეს როგორც საზოგადოებისთვის ცნობილმა, ასევე უცნობმა მოაქალაქეებმა. გამოქვეყნდა ოჯახის ახლობლების განცხადებები და ვერსიებიც, ამჯერად კი დიდ ტრაგედიაზე ჟურნალ "სარკესთან" თავად გარდაცვლილის დედა, ნინო დიდებულიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: 


-ამ მკვლელობას რაიმე წინაპირობა ჰქონდა?
-არა, ლაშას მტერი არ ჰყოლია. მის პანაშვიდებს და დასაფლავებას თუ თვალს ადევნებდით, მითხარით, შეიძლებოდა მას მტერი ჰყოლოდა?

-მკვლელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლაშა ნანახი ჰყავდა თუ პირველი შეხვედრა იყო იმ ტრაგიკულ დღეს?
-პირველი შეხვედრა როგორ იქნებოდა, ხალხი ციხიდან რომ გამოდის, ქუჩაში ყველა ხელს ართმევს, ულოცავს. ის გიჟი კი არ არის, ლაშა შემთხვევით დაენახა და მოეკლა.

-მაშინ რა მოხდა?
-ის ბოროტი ადამიანია. შეიძლება სურვილი გაუჩნდა, ვიღაც მოეკლა და პირველი, ვინც შეხვდა, ის მოკლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ მკვლელობას წინაპირობა არ ჰქონია, ეს კაცი ლაშას მტერი არ ყოფილა.

-ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელსა და თქვენს უფროს შვილს, თენგოს შორის კონფლიქტი იყო, ისინი საპყრობილეში ერთად ისხდნენ. ოქროპირიძემ იქ მომხდარი უთანხმოების გამო ლაშა მოკლა და შური ასე იძია.
-არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ. კონფლიქტი კი არა, ჩემი შვილი, თენგო, ციხეში იმ საწყალს პატრონობდა. ბიჭება ახლა მითხრეს, თენგო ციხიდან ღრიალ-ღრიალით რეკავდაო. პატარა ვაკელი ბიჭია და ჩემი შვილი პატრონობდა. თენგო რომ მოკვდა, მთელი ციხე დუღდა, ისეთი ბიჭი წავიდაო, ამბობდნენ. ახლაც, იცით, ციხე რა დღეშია? ის მკვლელი, ჯობს, სადღაც დაიმალოს და საერთოდ არ დაიჭირონ, მიწაში ჩაძვრეს და საერთოდ არ ამოძვრეს, მისთვის ასე აჯობებს. თენგო და ის სულაც რომ არ ყოფილიყვნენ ნაცნობები, ასეთი ტრაგედია მოხდა, კაცი ცოლ-შვილით ავარიაში დაიღუპა და მისი ერთადერთი ძმა როგორ უნდა მოკლა?! 29 აგვისტოს მთელი ოჯახი არაფრის გამო ამომიწყდა. დღისით, მზისით სახლში მოდიოდნენ, დასასვენებლად იყვნენ. თვენახევარი 
იქ იყო შვილიშვილი, წესიერად არც მინახავს, ჩავდიოდი-ჩამოვდიოდი...

-ამბობენ, რომ ციხეში ყოფნისას თქვენმა შვილმა გიორგი ოქროპირიძე სცემა.
-რა სისულელეა! ეგენი ციხეში ერთად არასდროს მსხდარან, თან იმ პერიოდში, "ცოცხებამდე", პატიმრებს ერთმანეთს აცემინებდნენ? ხმაურის გამო სცემდნენ პატიმრებს. ჩემი შვილი მიშას დროს იჯდა ციხეში. თანაც რატომ უნდა ეცემა? პირიქით -ვაკელი ბიჭია, პატარა არისო და ვინმეს რომ არ დაეჩაგრა, პატრონობდა. ეგ ბიჭი მაგრად მეცოდება. ჩემი შვილი საერთოდ არ მეცოდება იმიტომ, რომ თავის ძმასთან, ძმისშვილთან და რძალთან არის წასული. პირველ რიგში, მკვლელი მეცოდება. მან აქაურობაც ჯოჯოხეთად გაიხადა და იქაც გარანტირებული აქვს ჯოჯოხეთი.


სრულად ჟურნალ "სარკის" 10-16 სექტემბრის ნომერში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT