პირს, რომელიც პოლიციამ რეიდის დროს დააკავა და სცემა სასამართლომ ბოდიში მოუხადა
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბექა პეტრიაშვილი სამართალდამცავების მიერ მის მიმართ განხორციელებულ კანონდარღვევაზე საუბრობს. ბექა პეტრიაშვილის თქმით ის ე.წ. რეიდის დროს დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გაუწევია სცემეს და მთელი ღამე იზოლატორში ამყოფეს.პეტრიაშვილის განცხადებით ის მეორე დრეს სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა და ბოდიში მოუხადა.
„სამწუხაროა, რომ ამ მთავრობის ხელშიც გვიწევს ბრიფინგის გამართვა იმ თემაზე, რომ პოლიცია ისევ არღვევს ადამიანის უფლებებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებს პატიოსან, კანონმორჩილ მოქალაქეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეიდები, რომლებიც მათი თქმით ქვეყანაში კრიმინალის შემცირებას ემსახურება, სამწუხაროდ პოლიციელთა მხრიდან მასობრივი კანონდარღვევისა და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის მიზეზად იქცა.
მე, ბექა პეტრიაშვილი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც დამაპატიმრა სააკაშვილის ხელისუფლებამ და მაქცია ევროპაში ყველაზე პატარა პოლიტპატიმრად, იმიტომ, რომ ვებრძოდი უმსგავსობას, ხოლო 1 ოქტომბრის შემდეგ გავთავისუფლდი პოლიტპატიმრის სტატუსით, რამდენიმე დღის წინ, ჩემს მეგობრებთან ერთად აღმოვჩნდი ანალოგიური უმსგავსობის მსხვერპლი.
ორი დღის წინ, ე.წ. რეიდის დროს ქუჩაში გაგვაჩერა პოლიციამ და მოგვთხოვა პირადობის დამადასტურებელი საბუთები. მიუხედევად იმისა, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია მათთვის და შევასრულეთ ყველა მათი მოთხოვნა, სამართალდამცავები პირდაპირ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაწყოფაზე გადმოვიდნენ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვაკავეს. გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვიმყოფებოდით.
ჩვენი უდანაშაულობა მხოლოდ მეორე დღეს დავამტკიცეთ, როდესაც მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ სასამათლო დარბაზიდან ყოველგვარი სასჯელისა და ჯარიმის გარეშე გაგათავისუფლა და ბოდიშიც მოგვიხადა წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული ღამისათვის, თუმცა ბოდიში პოლიციის წარმომადგენლებს უნდა მოეხადათ, რაც მათ არ გაუკეთებიათ.
ბოლო დროს რამდენიმე ჩვენი თანატოლის ტრაგიკული დაღუპვის გამო წარმოუდგენელია, რომ ჩვენ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდები, ვიყოთ წინააღმდეგი ე.წ. რეიდების, ამ ტრიბუნიდანაც არაერთხელ გაკეთებულა მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ გააქტიურებულიყვნენ. თუმცა რეიდი არ უნდა ტარდებოდეს რეიდისათვის, ის უნდა ემსახურებოდეს კრიმინალის აღმოჩენას და არა უდანაშაულო ხალხის მასობრივ, უკანონო დაპატიმრებას და ცემა-ტყეპას. სამწუხაროდ ამ რეიდის დროს უამრავი დანაშაული სწორედ სამართალდამცავების მხრიდან დაფიქსირდა.
სწორედ იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ შეცვლილიყო სისტემა, პოლიციელები, რომელთა ხელითაც სააკაშვილის რეჟიმი წლების განმავლობაში ატერორებდა საქართველოს მოსახლეობას, არათუ დასჯილნი, არამედ ხშირ შემთხვევაში დაწინაურნებულნი არიან, ვღებულობთ ისეთივე უმსგავსობას.
მივმართავთ სახალხო დამცველსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ თბილისში განხორციელებული რეიდების დროს პოლიციელთა მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ფაქტებით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა ბექა პეტრიაშვილმა