Express News

საბჭოთა აგენტები ქართულ ემიგრაციაში

"არსენალის" მასალების მიხედვით


"1922 წლიდან საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურის მთავარი ამოცანა საზღვარგარეთ გაქცეული ემიგრანტების პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და წრეებში შეღწევა, აგენტურული ქსელის შექმნა, მათი დაშლა და ცნობილ ქართველ ემიგრანტთა მოტაცება ან ლიკვიდაცია იყო. ეს ისტორიული პერიოდი მიზეზთა გამო შეუსწავლელია და ფაქტების მოპოვება უღრან ტყეში სიარულს ჰგავს. ამის მიუხედავად, სიმართლის დადგენა მაინც აუცილებელია, რადგან საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ხშირად გასულ საუკუნეში მომხდარი მოვლენების პირდაპირი შედეგია. ამ ამოცანას ართულებს ის გარემოებაც, რომ ჯერჯერობით ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მხოლოდ ცალკეული წარმომადგენლის არქივია შესწავლილი და ხელმისაწვდომი, ხოლო უდიდესი ნაწილი კი კვლავ უცხოეთის სხვადასხვა ქალაქშია მიმოფანტული ან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების "ცხრაკლიტულშია" ჩაკეტილი. ამიტომ სხვადასხვა საარქივო დოკუმენტის შესწავლასთან ერთად ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მოგონებებისა და მემუარული ლიტერატურის ანალიზმაც უნდა მოგვცეს ობიექტური სურათი", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (№ 12 (185) ივლისი, 2013) სტატიაში სათაურით "საბჭოთა აგენტები ქართულ ემიგრაციაში".

"1921 წლის მარტის შემდეგ ბოლშევიკების ტერორის შიშით საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა ნაკადმაც იმატა, განსაკუთრებით 1924 წლის აგვისტოს მარცხით დამთავრებული აჯანყების შემდეგ. ქართული ემიგრაცია ძირითადად უმთავრესად თურქეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, გერმანიასა და ინგლისში დასახლდა. სწორედ ის გახდა საბჭოთა სპეცსამსახურების სამიზნე. ქართველი მზვერავები და აგენტებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საბჭოთა დიქტატორის - იოსებ სტალინის "პოლიტიკური ჭადრაკის" პარტიებში. ქართულ ემიგრაციაში ჩასანერგად ქართველი ჩეკისტები იგზავნებოდნენ, რუსულში - რუსები, სომხურში - სომხები და ა.შ. ქართული ემიგრაციის დაქსაქსვა და პატრიოტი ემიგრანტების ლიკვიდაცია საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. ემიგრაციის პოლიტიკური ლიდერების გადაბირება თუ არ ხერხდებოდა, მაშინ კომპრომეტირებასა და სახელის გატეხას ცდილობდნენ. თუ ესეც ვერ გამოიღებდა ნაყოფს, მაშინ მოტაცების ან ადგილზე ლიკვიდაციის ოპერაციები იგეგმებოდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხება, რომელმაც ქართველი პატრიოტების დიდი მსხვერპლი გამოიწვია, მართლაც უდიდესი უარყოფითი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. ამის შემდეგ საქართველოში ეროვნული მოძრაობა (უპირველესად "სამხედრო დარაზმულობის" მხრივ), ფაქტობრივად, ჩაკვდა, ხოლო საქართველოში სოციალ-დემოკრატიული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების არალეგალურად მომუშავე ჯგუფებს მთლიანად საქართველოს ჩეკა-ოგეპეუ მართავდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იოსებ სტალინმა ქართული ემიგრაციის ყველა გეგმა და გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იცოდა. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, სპირიდონ კედიას მეუღლემ, სოფიო ჩიჯავაძე-კედიამ, სიცოცხლის ბოლოს ძალზე საინტერესო მოგონებები, სათაურით "ნასმენ-ნანახი" დაგვიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა მოგონებას მასაც სუბიექტივიზმის კვალი ეტყობა (სხვანაირად, ალბათ, არც შეიძლება), ეს წიგნი მართლაც უძვირფასესი განძია ქართული ემიგრაციის ისტორიის შესასწავლად. "ეხლა რომ წარსულს გადავხედავ, აშკარად სჩანს ემიგრაცია მოსკოვის კლანჭებში იყო, რაც არ აადვილებდა ქართველების გაერთიანებას, პირიქით, ყველაფერი იყო ხელის შემწყობი, რაც შეიძლება დაქსაქსულები ყოფილიყვნენ. ამისთვის ყოველ პარტიაში მას თავისი კაცი ჰყავდა, რომელიც შიგნით შხამს ატრიალებდა... ზოგიერთი კი პირდაპირ მტრის სამოსელში მუშაობდნენ მოსკოვის კარნახით", _ წერდა მხცოვანი ქალბატონი", - განაგრძობს გამოცემა.

"საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ემიგრაციაში მყოფი მენშევიკებსა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შორის ადრევე არსებული პიროვნულ-იდეოლოგიური და კუთხური დაპირისპირების გაღვივება იყო. ქართველი ემიგრანტების პირად არქივებში შემორჩენილია რამდენიმე ძალზე საინტერესო ისტორიული დოკუმენტი, რომლებიც ნათელს ჰფენს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში არსებულ წვრილმან კინკლაობას თუ იდეოლოგიურ დაპირისპირებას. ემიგრაციის პოლიტიკური ლიდერების მიმოწერიდან ირკვევა, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის უდიდესი ნაწილი უცხოეთშიც კვლავ ძველი ფსიქოლოგიით აგრძელებდა საქმიანობას: გაერთიანების ნაცვლად ურთიერთმტრობასა და ინტრიგებზე ამოსდიოდათ მზე. ამ "ნოყიერ ნიადაგზე" საბჭოთა დაზვერვას არ უჭირდა ბოროტი საქმეების გაკეთება. 1930 წელს ნოე რამიშვილის მკვლელობით იოსებ სტალინმა მიზანს მიაღწია, მოიცილა შეურიგებელი მოწინააღმდეგე, რომელთანაც პიროვნული დაპირისპირებაც ჰქონდა, და კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება ქართულ ემიგრაციაში. ვინ იდგა რამიშვილის მკვლელ პარმენ ჭანუყვაძის უკან, ვინ წააქეზა და ვინ ჰპირდებოდა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას? _ ეს კითხვები ისედაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ქართულ ემიგრაციაში ეჭვისა და ურთიერთბრალდებათა მიზეზი გახდა", - წერს სტატიის ავტორი.

"ნოე რამიშვილის დისშვილი, უახლოესი თანამებრძოლი და შემდგომში საბჭოთა დაზვერვის აგენტი შალვა ბერიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ პარმენ ჭანუყვაძე "ქართველმა ფაშისტებმა" - მიხეილ კედიამ, კალისტრატე სალიამ და მათმა თანამოაზრეებმა, ასევე ცნობილმა ემიგრანტმა აკაკი ხოშტარიამ წააქეზეს, ხოლო თავად ევგენი გეგეჭკორმა მათი გეგმის შესახებ იცოდა, თუმცა არ შეაჩერაო. საბჭოთა დაზვერვის აგენტები (უპირველესად სპირიდონ კედიას ნათესავი და ედპ-ის "აქტიური წევრი" გიორგი გეგელია) "მოსკოვის კვალის" წაშლასა და ჭანუყვაძის წამქეზებლების პოვნას თავად ნოე რამიშვილის მშობლიურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ცდილობდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ემიგრაციაში მყოფი ედპ და მენშევიკები ერთმანეთის წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებსაც კი ატარებდნენ. 1932 წლის 17 დეკემბერს ედპ-ის წევრი ტიტე მარგველაშვილი სპირიდონ კედიას ამგვარი შინაარსის წერილს უგზავნის: "ძვირფასო ძმაო სპირიდონ! მენშევიკებს უთუოდ აქვთ რუსებთან კავშირი და შეიძლება ასეთი შეთანხმებაც, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკურ ხაზზე ერთიმეორეს ამაგრებენ; ხარლამოვისა და სხვ. კეთილგანწყობილი სიტყვები ჟორდანიას მთავრობისადმი მეტად სიპტომატიურია. საჭიროა რაიმე გავიგოთ თუნდაც ღრმა დივერსიით". ღრმა დივერსიაზე მინიშნება გვაფიქრებინებს, რომ ეროვნულ-დემოკრატებს აგენტურა ჰყავდათ ქართველი მენშევიკების პარტიაში და უშუალოდ ნოე ჟორდანიას გარემოცვაში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ედპ-ეშიც იქნებოდნენ მენშევიკების აგენტები. ამგვარ "ოპერატიულ დაპირისპირებაში" გადიოდა ათწლეულები", - დასძენს გამოცემა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT