Express News

ქეთევან ხმალაძე – ‘პრადოს ჯიპი ჩამოდის და მძღოლად აგიყვან’

მერიისთვის გამოწერილი „პრადოს“ ჯიპები და დიპლომი მოსკოვში; ახალციხის მერიაში ახალდანიშნულმა თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დატოვოს. ქეთევან ხმალაძეს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ყოფილი თანამშრომლები თაღლითობაში ადანაშაულებენ;
ქეთევან ხმალაძე – ‘პრადოს ჯიპი ჩამოდის და მძღოლად აგიყვან’

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ოთხმა წევრმა მას შემდეგ დატოვა, რაც აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მუშაობა ახალციხის მერიაში დაიწყო. 

ქეთევან ხმალაძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის შიდა კონტროლის საკითხებში მთავარ სპეციალისტად 24 ივლისს დაინიშნა. თუმცა, როგორც ხმალაძის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, იგი მათ ეუბნებოდა, რომ მერის პირველ მოადგილედ ინიშნებოდა და მალე მათაც დაასაქმებდა. ეს ტყუილი ხმალაძეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ სანაცვლოდ, დასაქმების მოლოდინში ყოფილი თანამშრომლებისგან გარკვეულ სარგებელს ღებულობდა.

ქეთევან ხმალაძე – ‘პრადოს ჯიპი ჩამოდის და მძღოლად აგიყვან’„ჩემ ნათესავს უთხრა, მე და კოპაძემ (ახალციხის მერი) 3 „პრადოს“ ჯიპი გამოვიწერეთ, ახლა მოდის ფოთიდან, მძღოლი მჭირდება და შენ დაგსვამ ერთ-ერთზე, ხელზე ხელფასი 980 ლარი გექნებაო, - გვიყვება „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ერთ-ერთი წევრი ნათია პაპავა და ამატებს, რომ ამის გამო მისმა ნათესავმა ყველზე ვაჭრობას თავი დაანება და დასაქმების მოლოდინში 2 კვირის განმავლობაში ხმალაძეს უსასყიდლოდ ემსახურებოდა, - დილით მიჰყავდა სამსახურში, შუადღეს შესვენებისთვის საჭმელი მიჰქონდა და საღამოს სახლში აბრუნებდა“. 

პაპავას განმარტებით, ხმალაძემ მის ნათესავს ხელშეკრულებაზეც მოაწერინა ხელი: „ამ პროცესს თავად ვესწრებოდი, ოფისში მოიტანა ეს ფურცელი, წაუკითხა ხმამაღლა რომ მძღოლად ნიშნავდნენ მას, ჩაიწერა პირადი ნომერი, ხელი მოაწერინა და თან თქვა, – რომ გაიგონ მერიაში, ხელშეკრულება გარეთ გამოვიტანე, სამსახურს დამატოვებინებენ, ხომ ხედავთ თქვენს გამო რამხელა რისკზე მივდივარო“.

პაპავა ნათესავის ვინაობას არ ამხელს, რადგან ამბობს, რომ მომხდარის გამო, მას რცხვენია და პრესასთან არ ისაუბრებს. თუმცა, აცხადებს, რომ მისი ნათესავივით თავადაც მოტყუვდა. ხმალაძის დაპირების მიხედვით, იგი ინფრასტრუქტურის სამსახურში სპეციალისტად უნდა დასაქმებულიყო. ამისთვის, პაპვამ ახლობლებისგან ფულიც კი ისესხა, რომ საჭირო დოკუმენტები შეეგროვებინა. 

ქეთევან ხმალაძე – ‘პრადოს ჯიპი ჩამოდის და მძღოლად აგიყვან’სოფელ წყორძის გამგებლობას დაჰპირდა ხმალაძე მის ყოფილ თანამშრომელს ზაზა სუდაძეს. ხმალაძეს მერიაში უნდა დაესაქმებინა, ასევე, ყოფილი კოლეგები კახა ლომიძე და მაია უსტიმენკოც. სწორედ ლომიძე, უსტიმენკო, პაპავა და სუდაძე დღეს „ერთსულოვნების“ წევრებად აღარ ირიცხებიან. მათ ორგანიზაცია უკვე დატოვეს, თუმცა მიზეზი, არა მხოლოდ დასაქმების შესახებ ცრუ დაპირებები იყო. 

ხმალაძეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ

მათი თქმით, „ერთსულოვნებაში“ დასახმარებლად მისულ სულიკო ცუცქირიძეს, ხმალაძემ პენსიიდან 100 ლარი სარჩელის დაწერისთვის გადაახდევინა და ჯიბეში ჩაიდო. ამის შესახებ, როგორც პაპავა აცხადებს, ცუცქირიძის ხელწერილიც არსებობს. 

თუმცა ცუცქირიძე, მომხდარს კატეგორიულად უარყოფს: „მანდ მივედი დასახმარებლად, მაგრამ ფული არავისთვის მიმიცია“. 
ხმალაძეს და მის მეუღლეს, გოჩა შენგელიას, რომელიც ამჟამად „ერთსულოვნების“ ხელძღვანელია, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის განკუთვნილითანხის „შეჭმაშიც“ ადანაშაულებენ.

ქეთევან ხმალაძე – ‘პრადოს ჯიპი ჩამოდის და მძღოლად აგიყვან’„ბურჯანაძის შტაბიდან დაურეკეს, დამკვირვებლებისთვის ფული წაიღეთო. გოჩა მისულა და 430 ლარი გაუტანებიათ, ამის შესახებ ბურჯანაძის შტაბში გაგა ივანიძემ იცის კარგად“, - ამბობს მაია უსტიმენკო. 

მიუხედავად მისი განცხადებისა, ისევე როგორც ცუცქირიძე, მომხდარს კატეგორიულად უარყოფს „ბურჯანაძე - დემოკრატების“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ყოფილი წარმომადგენელი გაგა ივანიძე: „არავისთვის თანხა არ მიმიცია. სად შტაბი და სად არასამთავრობო!“ 

ივანიძეს ეთანხმება შენგელიაც: „არავითარი თანხა ბურჯანაძის შტაბიდან არ წამომიღია“. 

საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვებიან

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელად კვლავ ქეთევან ხმალაძე რჩება, ბეჭედს კი მისი მეუღლე იყენებს. 

„მაგალითად, 4 აგვისტოს ბეიჯზე ხელს შენგელია აწერს და ბეჭედს ის უსვამს, მაშინ, როცა ოფიციალურად ხელმძღვანელად ჯერ ისევ ხმალაძე რჩება“, - აცხადებს უსტიმენკო.

ქეთევან ხმალაძე, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ „ერთსულოვნების“ ოფისში ჩაწერა, ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და გვიჩვენებს მინდობილობას, რომლის მიხედვითაც ბეჭდის გამოყენების უფლება შენგელიას 26 ივლისიდან აქვს. 

ხმალაძე ყოფილი თანამშრომლების დაპირისპირებას პირადი ანგარიშსწორებით ხსნის და აცხადებს, რომ მათ მისი მერიაში დასაქმება ვერ აიტანეს და ახლა ბინძურ კამპანიას ეწევიან: „წელიწადნახევარი ჩემს გვერდით იდგნენ, თუ ხედავდნენ რომ ფულს ვიღებდი და ჯიბეში ვიდებდი, აქამდე რატომ არ ამოიღეს ხმა?!“

მისი თქმით, მომხდარში უახლოეს დღეებში სამართალდამცავები ჩაერთვებიან: „ორგანიზაციის სახელის შებღალვისა და ცრუ ბრალდებებისთვის პოლიციაში საჩივარი შემაქვს“. 

მერიის ახალდანიშნულ თანამშრომელს უმაღლესი განათლება არ აქვს?

იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქმე სამართალდამცავებამდე მივიდეს, ხმალაძის ყოფილი თანამშრომლებიც საუბრობენ. თუმცა, ვიდრე ხმალაძეს უჩივლებენ, ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს მოუწოდებენ, მისი სივით დაინტერესდეს. მათი განცხადებით, მერიის ახალ თანამშრომელს უმაღლესი განათლება არ აქვს. 

თავად ხმალაძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ქალაქის მერი კი გვიხსნის, რომ „ხმალაძეს ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, ერთის დიპლომი წარადგინა, მეორე კი მოსკოვში აქვს დატოვებული და დღე-დღეზე უნდა მოვიდეს. თუ არ მოვა პრობლემები შეექმნება, ასევე პრობლემები შეექმნება მათაც, ვინც იგი სამსახურში მიიღო. საბოლოოდ, კი ეს გახდება იმის საფუძველი, რომ ხმალაძე სამსახურიდან წავა“.

ქეთევან ხმალაძე – ‘პრადოს ჯიპი ჩამოდის და მძღოლად აგიყვან’როგორც მერიაში წარდგენილ ხმალაძის სივიშია მითითებული, მას დამთავრებული აქვს: იუნესკოს საერთაშორისო პროგრამების „ადამიანი და ბიოსფერო“ (მაბი) საქართველოს ეროვნული კომიტეტის ასოციაცია ბიოსფეროსთან არსებული ქართული ქარგულობის ტრადიციების აღდგენის თეორიული და პრაქტიკული სრული კურსი, სამხატვრო აკადემიასთან არსებული. 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ნინო მიქაბერიძის განმარტებით, ხმალაძეს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება: „სამთვიანი გამოსაცდელი ვადითაა დანიშნული, ვიდრე საატესტაციო გამოცდა დაინიშნება. თუ საკონკურსო პირობების მიხედვით ვერ წარმოადგენს დოკუმენტებს, ბუნებრივია, გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“.

ის რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად უმაღლესი განათლება არავის მოეთხოვება, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძეც გვიხსნის, თუმცა მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დანიშნო საჯარო სამსახურში მოხელე, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს: „ამ მომენტს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ რისი შესრულება ევალება საჯარო მოხელეს“. 

ქალაქის მერის განცხადებით კი ხმალაძის დანიშვნისას გაითვალისწინეს ის, რომ იგი მათი მხარდამჭერი იყო და ენდობოდნენ: „აქვს გამოცდილება აუდიტის მხრივაც. რაც დავავალე, კარგად შეასრულა. ხელფასი გამოწერით 580 ლარი ექნება“. 

რაც შეეხება „პრადოს“ ჯიპებს და ხმალაძის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნას, კოპაძის განცხადებით, მსგავს საკითხზე საუბარი არც კი ყოფილა: „არავითარ ახალ მანქანაზე, არავითარ პრემიასა და მეცამეტე ხელფასზე ლაპარაკი არაა! ჯერ ჩვენ ამის მორალური უფლება არ გვაქვს და მძღოლი ამ დრომდე მეც არ მყავს. იმ სამსახურმა, სადაც ხმალაძე დაინიშნა, მუშაობა მთელი ძალებით უნდა დაიწყოს და ის, რაც მესმის, ძალიან არ მსიამოვნებს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

http://sknews.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT