Express News

„სითი პარკს“ თბილისს შემოდგომაზე მოაშორებენ


კომპანიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
სანამ ზაფხული ჩაივლის, „სითი პარკის“ საკითხიც გადაწყდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერების შესახებ დასკვნას, დაახლოებით, თვენახევარში წარმოადგენს. მანამდე დედაქალაქის ახალი საკრებულოც შეიკრიბება, რომელიც „სითი პარკის“ წინააღმდეგ უკვე დაირაზმა. კომპანიას, რომლის უკანაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ილანდება, სავარაუდოდ, დიდი დღე აღარ უწერია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის გიორგი გრძელიშვილის თქმით, გამოძიება, რომელსაც საქმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა, დასკვნით ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახური მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წლის დასაწყისში დაინტერესდა. ამ საქმეზე მერიის თანამშრომლებიც დაიკითხნენ.

ბოლო პერიოდში „სითი პარკის“ წინააღმდეგ არა ერთი განცხადება გაკეთდა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია, კომპანიას პარკირების ადგილების განთავსების გეგმას უწუნებს და ამბობს, რომ ავტომობილები გზის სავალ ნაწილზეა განთავსებული, რაც უნდა შეიზღუდოს. იგივე პოზიციაზეა საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი. მისი აზრით, „სითი პარკი“ თბილისელების უფლებებს ლახავს.

თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი „სითი პარკთან“ კონტრაქტის სასწრაფოდ გაუქმების ინიციატივით გამოდის. პარალელურად კი უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ სად მიდიოდა ის უზარმაზარი თანხა, რომელიც კომპანია „სითი პარკს“ ბიუჯეტში უნდა შეეტანა.
„უნდა გამოვიძიოთ, სად მიდიოდა უზარმაზარი თანხა, რომელიც მათ ბიუჯეტში უნდა შეეტანათ. კონკრეტულ ციფრს გეტყვით, 400 000 მანქანაა თბილისში, 50 ლარს მარტო მოსაკრებელს იხდის ყოველ წელს ყველა მძღოლი, 20 მილიონი მარტო მოსაკრებლიდან არის, პლუს 15 მილიონი ჯარიმებიდან. მხოლოდ 1 200 000 შეაქვთ თბილისის ბიუჯეტში, შვიდი წელია. დანარჩენი, 34 მილიონი სადღაც, ვიღაცების ჯიბეში მიდის. აი, ის ჯიბეებია შესამოწმებელი. კონტრაქტი უნდა გაწყდეს, უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, პროკურატურამ ეს ფული სად ილექებოდა“, - ამბობს ელისაშვილი.

„ქალაქს 2007 წლის 5 დეკემბრიდან აქვს კონტრაქტი გაფორმებული „სითი პარკთან“, ამ ბანდიტურ ორგანიზაციასთან, მძარცველებთან. შვიდი წელია ძარცვავენ მძღოლებს. ვინ არ დაუჭერს მხარს, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტი გაწყდეს, პარკინგი როგორ მოწესრიგდება? რეზინის ხომ არ არის ქალაქი, რომ გაწიო. რაც არ ეტევა, არ ეტევა, რამდენიც არ უნდა ხაზო ტროტუარი. უნდა აეშენებინათ მრავალსართულიანი ავტოსადგომები, მიწისზედა, მიწისქვედა ავტოსადგომები, სად არის ეს ყველაფერი?“ - კითხულობს ახლადარჩეული დეპუტატი.

იქვე მაჟორიტარობის კანდიდატმა კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თბილისის საკრებულოში პერსონალური ავტომობილი არავის უნდა ჰყავდეს.
დეპუტატების პრეტენზიებს „სითი პარკში“ პასუხობენ. კომპანიის განცხადებით, ქალაქში პარკირების განთავსების ადგილს განსაზღვრავს მერია და არა „სითი პარკი“. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მას შემდეგ, რაც ელისაშვილი საკრებულოს მუშაობაში ოფიციალურად ჩაერთვება და „სითი პარკის“ საქმიანობას დეტალურად გაეცნობა, პოზიციებს შეიცვლის.

http://bfm.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT