„ჯეოსელს“ და „მაგთიკომს“ სანქცია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო დაეკისრათ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 9 სექტმბერს გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოსელს“ და შპს „მაგთიკომს“ სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დააკისრა, შპს „მობიტელის“, (ბრენდული სახელწოდება „ბილაინის“), საკითხთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.
„ჯეოსელს“ და „მაგთიკომს“ სანქცია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო დაეკისრათ. კერძოდ, ორივე კომპანია საბითუმო ბაზარზე დაწესებული ტერიფებით საკუთარი აბონენტებისთვის შეთავაზებული ტარიფების სუბსიდირებას ახორციელებდა, რითაც ორივე კომპანიამ მათზე, როგორც მობილური ხმოვანი მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულება დაარღვიეს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული საკითხის განხილვა 2013 წელს შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საჩივრის განხილვა მოპასუხე ოპერატორების მხრიდან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმის წარმოებაში გადაიზარდა, რომლის ფარგლებშიც კომისიამ სამივე მობილურ ოპერატორს შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებულ ფორმატში წარმოდგენა მოსთხოვა, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდირებული და ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო. შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მაგთიკომმა“ ინფორმაცია წინასწარ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა. სწორედ ამ და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე მიიჩნია კომისიამ, რომ შპს „ჯეოსელი“ და შპს „მაგთიკომი“ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ.
რაც შეეხება შპს „მობიტელს“, კომპანიამ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგინა, რის გამოც უკვე დაეკისრა სანქცია. კომისია შპს „მობიტელთან“ დაკავშირებით საქმის წარმოებას აგრძელებს და ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამავე სხდომაზე, კომისიამ ახალი საჯარო ადმინისტარციული წარმოება დაიწყო მობილური მომსახურების საბითუმო ბაზარზე დაწესებული ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფების დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.
http://newposts.ge/