ზაქარია ფალიაშვილის რძალი ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
ზაქარია ფალიაშვილის რძალი, პიანისტი-ლალი მიქავა თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. იგი აცხადებს, რომ საქმე ეხება ნიკა მელიას სააღსრულებო ბიუროს თავჯდომარედ ყოფნის პერიოდს.
მისი თქმით, 11 წლის განმავლობაში იგი დევნილად აქციეს. სიმართლის მოლოდინში 19-ჯერ მიმართა მთავარ პროკურატურას, თუმცა რატომღაც არ უნდათ, დაუბრუნონ „ყაჩაღების მიერ მოპარული მისი საკუთრება“, რადგან ეს ყაჩაღები დღესაც ხელისუფლებაში არიან. ლალი მიქავას თქმით, ამ ყაჩაღებთან ერთად ფიგურირებს ახლანდელი მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელიც 2008 წელს სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარე იყო. სწორედ მის პერიოდში წაართვეს ლალი მიქავას სახლის ნაწილი ჩიტაძის ქუჩის 10 ნომერში, რომელიც მეუღლემ, კომპოზიტორმა ოთარ გორდელი-ფალიაშვილმა უანდერძა.
პიანისტი თვლის, რომ ამით გაანადგურეს ოთარ გორდელის სახლ-მუზეუმი, მისი „შემოქმედება“. ბოლოს და ბოლოს, ამ სახლში გორდელის მამამ, ზაქარია ფალიაშვილმა ცნობილი ოპერა „დაისი“ დაწერა. ასევე, უკანონოდ გაუყიდეს და დაუყადაღეს ზაქარია ფალიაშვილის აღნიშნული როიალი, რაც 45-ე მუხლის თანახმად, დაყადაღებას არ ექვემდებარებოდა, რადგან ლალი მიქავა პროფესიით თავადაც პიანისტია.
„10 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ განხილულა. ეს ყველაფერი ხდებოდა ჯერ გიგა აგულაშვილის და შემდეგ, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, მომპარეს ჩემი ინტელექტუალური საკუთრება და მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროსგან მოვიგე 81 ათასი დოლარი (რადგანაც მიითვისეს ჩემს მიერ დაპატენტებული პროექტი ფესტივალი „ვაზის საგალობელი“) და ხელზე მქონდა სააღსრულებო ფურცელი, იძულებით აღსრულების სტადიაზე 6 თვის განმავლობაში, ნიკა მელიამ დაარღვია ყველა კანონი და კულტურის სამინისტროს იურისტ ჩიხრაძესთან ერთად არ მომცა ეს ფული. ჩემი ადვოკატი იმ დროს იყო თეა წულუკიანის მოადგილე სანდრო ბარამიძე, მან საქმე სტრასბურგში გაგზავნა, მაგრამ მოგვიანებით ყველა საქმე სტრასბურგიდან წულუკიანმა დააბრუნა. მე კი 81 ათასი დოლარის მაგივრად, 2 ათას ლარს მთავაზობდნენ“,- განაცხადა For.ge-სთან საუბარში ლალი მიქავამ.
ამჯერად ლალი მიქავას სურს, სახლის კუთვნილი ფართის (100 კვადრტული მეტრი) დაბრუნების შემდეგ ეს სახლი საპატრიარქოს გადასცეს და აქ მოეწყოს კულტურული დაწესებულება.
ამ საქმესთან დაკავშირებით For.ge ლალი მიქავას ადვოკატს დიანა გვიშიანს ესაუბრა. მისი თქმით, აღსრულების ბიუროს აღმასრულებელი იყო ვინმე აგულაშვილი, ხოლო ნიკა მელია იმ დროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა. ზუსტად იმ პერიოდში უკანონოდ მოხდა ლალი მიქავას კუთვნილი ქონების ჩამორთმევა.
„აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით, ამ საქმეში ლალი მიქავა დაზარალებულად იყო ცნობილი. ამ დროს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მეორე დაზარალებული - ბაღდასაროვი მელიას და აგულაშვილის ხელშეწყობით მას ართმევს ამ ქონებას, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, რომელიც დააარსა ოთარ გორდელმა, ფალიაშვილის ვაჟმა. ეს უკანონობაა, ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ ერთი დაზარალებული მეორე დაზარალებულს, მით უმეტეს, საქმის ძიების პროცესში ქონებას არ ართმევს. თანაც, ამ წართმევას აღმასრულებელი არ უნდა უწყობდეს ხელს. გარდა ამისა, სააღსრულებლომ რანაირად გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, რანაირად დააყადაღა და რანაირად წაართვა ის როიალი, რომელზეც „დაისი“ შესრულდა, არ ვიცი. 2000 წლიდან ჩივის ეს ქალბატონი. ჩვენი მოთხოვნაა, დღეს მაინც გადაიხედოს ეს საქმე. აქ მხოლოდ ლალი მიქავას ქონებასა და ბინაზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია ამხელა კულტურულ მემკვიდრეობაზე“, -აღნიშნა დიანა გვიშიანმა.
for.ge