არის საშიშროება, ლევან ვასაძე ქართველ კადიროვად ჩამოყალიბდეს!
PR სპეციალისტი არჩილ გამზარდია ლევან ვასაძის პესრონაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვასაძე არავის და არაფერს წარმოადგენს, და რეალურად, მხოლოდ სოციალური სტატუსი გააჩნია, რაც ფინანსური შემოსავლის მოცულობით იზომება.
„ლევან ვასაძეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი საოცრებაა. დღიდან ვასაძის გამოჩენისა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მისი ფუნქცია, სტატუსი, როლი და ადგილი ამ საზოგადოებაში. იგი საპატივსაცემოა ზუსტად ისე, როგორც თქვენი და ჩემი მეზობლები, საქართველოს თითოეული მოქალაქე. გარდა ამისა, საინტერესოა საზოგადოებრივი სტატუსის თემაც. ეს სტატუსი გაქვთ თქვენ, როგორც ჟურნალისტს, მე, როგორც ანალიტიკოსს, აქვთ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ა.შ. აი, საზოგადოებრივი სტატუსის კონტექსტში, ლევან ვასაძე არავის და არაფერს წარმოადგენს, იგი არავინ არის! რეალურად, მხოლოდ სოციალური სტატუსი გააჩნია, რაც ფინანსური შემოსავლის მოცულობით იზომება. ლევან ვასაძე არის თავხედი ადამიანი. პატრიარქსაც კი არ აქვს მკაცრი ტონი და პირდაპირი დირექტივები, როგორ ვიცხოვროთ, მით უმეტეს, ეს უფლება თავად მივეცით, ლევან ვასაძისთვის კი ეს უფლება არავის მიუცია! ვასაძე ჩვეულებრივი დიქტატორის, უფრო სწორად, ვერშემდგარი ძალაუფალის ტიპაჟია. ის ან მისი მსგავსი ადამიანი ქვეყნის ლიდერი რომ გახდეს, მოსახლეობის ფანატიკოსი ნაწილის გარდა, ნებისმიერი მოაზროვნე ქვეყნიდან უნდა გაიქცეს, რადგან ნებისმიერ ჩვენგანს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმისას აუცილებლად ჩაქოლავს. ერთადერთი, რაც მკაფიოდ ჩანს, ისაა, რომ საქართველოში ანტიდასავლური სივრცის შექმნა შეუძლია, რაც ჩვენი ქვეყნის დაღუპვასა და რუსეთზე დამონებას ნიშნავს. დღეს ხომ ახმედ კადიროვი ძალიან კმაყოფილია, შერონ სტოუნიც სტუმრობდა, დიდი ოქროებიც უკეთია, მილიარდერია - კაცმა ფულსა და ძალაუფლებას მთელი ქვეყანა შეწირა და ჩვენ არც ეს მოდელი უნდა გამოვრიცხოთ საქართველოში. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ არის საშიშროება, ლევამ ვასაძე ქართველ კადიროვად ჩამოყალიბდეს!“, - განაცხადა გამზარდიამ „ვერსიასთან“ საუბრისას