დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ქობულაძე.გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ქობულაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა დაბა ქედაში მდებარე ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიის - 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო 30 000 აშშ დოლარი.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.