ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს, 350 პროცენტიან პრემიას - 12 000 ლარს აიღებს, ამას მისი ყოველთვიური ხელფასი 3 540 ლარიც დაემატება.
"რადიო კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში 350 პროცენტიან პრემიას აიღებენ, ხოლო საკრებულოს აპარატს 150 პროცენტიანი პრემია დაურიგდება.
"კომერსანტი" ინფორმაციის გადამოწმებას ირაკლი შიხიაშვილთან, ნინო თევდორაძესთან, ჯაბა სამუშიასთან და ზაზა გაბუნიათან შეეცადა, რომელთაგან "კომერსანტის" ზარს მხოლოდ ზაზა გაბუნიამ უპასუხა.
მისი განცხადებით, პრემიების საკითხს როგორც წესი საკრებულოს ბიურო წყვეტს, ბიუროს სხდომა ჯერ არ გამართულა.
გაბუნიას თქმითვე, ინფორმაცია რომ რაღაც პრემიების დარიგება იგეგმებოდა მისთვის ცნობილია, თუმცა ბიურო არ გამართულა და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ ყოფილა მიღებული.
საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომა ყოველი თვის ბოლი პარასკევს უნდა გაიმართოს. როგორც წესი კი, სხდომის გამართვამდე საკრებულოს ბიურო იკრიბება და საკრებულოს სხდომების დღის წესრიგზე თანხმდება.
"კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, პრემიების დარიგების ოფიციალურ ჭრილში განხილვაც და გადაწყვეტილების გახმოვანებაც სწორედ ამ ბიუროს სხდომაზე იგეგმება.
ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელფასი - 3 540 ლარია. პირველი მოადგილის -2950 ლარი, დანარჩენი მოადგილეების კი 2850 -ლარი. კომისიის თავმჯდომარეეების ხელფასი კი -2600 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება აპარატის თანამშრომლებს, "კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, მათ საკრებულოს თანამდებობის პირების პრემიები გააპროტესტეს, თუმცა დეპუტატ ნინო თევდორაძემ მათ 150 პროცენტიანი პრემიის სანაცვლოდ ახალ საკრებულოში დარჩენის გარანტია მისცა.