Express News

თუ ხელისუფლება ასეთ კატასტროფულ წაგებას დემოკრატიას დაარქმევს, უფრო მეტ დემოკრატიას 2016 წლის არჩევნებში მიიღებს


თუ ხელისუფლება ასეთ კატასტროფულ წაგებას დემოკრატიას დაარქმევს, უფრო მეტ დემოკრატიას 2016 წლის არჩევნებში მიიღებს , როცა შეიძლება 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს, - ასე ეხმაურება ადგილობრივი არჩევნების წინასწარ შედეგებს "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი.
კახიშვილის შეფასებით, "ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელა, "ნაციონალური მოძრაობის რეანიმირებაა". 
"რეალურად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხი პროტესტის გამოსახატად გამოცხადდა არჩევნებზე და იმდროინდელ ხელისუფლებას უთხრა უარი. იმავდროულად, ვინაიდან ყველას ესმოდა, რომ იმ ხელისუფლების მოშორება შესაძლებელი იყო "ქართული ოცნებისათვის" ხმის მიცემით, ავანსად ნდობა "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა. 2014 წლის 15 ივნისს ხალხმა ისევ პროტესტი გამოხატა, ოღონდ ეს პროტესტი გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მივიდა არჩევნებზე იმის გამო, რომ ხელისუფლებას წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში შეწყვეტილი აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და რეალურად მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ესაუბრება. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ხალხის მთავარი მოთხოვნების იგნორირებას, პრემიების აღებას, მანქანების ყიდვას, თვითკმაყოფილების განცდის დამკვიდრებას და ასე კატასტროფულ წაგებას დემოკრატიას დაარქმევს, უფრო მეტ დემოკრატიას 2016 წლის არჩევნებში მიიღებს, როცა შეიძლება 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს. არჩევნებზე მიღებული შედეგების მხოლოდ მაღალი საარჩევნო ბარიერისთვის დაბრალება იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ამხელა ნდობა ჰქონდა გამოცხადებული და კონკურენტი არ ჰყავს, 12-დან რვა ქალაქში ნამდვილად არ არის კარგი შედეგი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახა კახიშვილმა. 
მან აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლების პრობლემაა მისი ინფორმირებულობა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. "თუნდაც მარნეულის ფაქტი: – ფიქრობდნენ, რომ არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან აგებდნენ და წაგებას კანდიდატის მოხსნა არჩიეს. მიმართეს კიდეც კანდიდატს კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის წინადადებით და რეალურად, ერთადერთი მარნეულის კანდიდატია, რომელმაც სუფთად მიუგო "ნაციონალურ მოძრაობას". როგორც აქ არის აცდენა რეალობასთან, ასევეა აცდენილი ხელისუფლება მიმდინარე პროცესებს. ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმირებაა, რაშიც ძალიან დიდი მედალი ეკუთვნის. ხელისუფლება დღეს გამოდის და აცხადებს, რომ არ იცის, ვინ შევარდა ნიღბებით უბანზე და ვინ გადააკეთა ოქმები "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ და ეს დემოკრატიულია. დემოკრატიული ყოფილა, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია უსმენს. დემოკრატია ყოფილა, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია აკონტროლებს საჯარო სამსახურებს. ამას დემოკრატია არ ჰქვია. ამას სამწუხაროდ, მართვის კრიზისი ჰქვია", - აცხადებს კახიშვილი. 


interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT