Express News

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო რეკლამაში 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა



მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების სარეკლამო კამპანიისას 2 მილიონ 548 ათას 736  ლარი დახარჯა (დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი), საიდანაც სატელევიზიო რეკლამაში 924 ათას 760 ლარი გადაიხადა, ბეჭდური რეკლამა - 15 ათას ლარზე მეტი, ინტერნეტ რეკლამა კი დაახლოებით 6 ათასი ლარი დაუჯდა. დანარჩენი თანხა, მილიონ ლარზე მეტი, აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ფინანსურ ანგარიშში რეკლამის კატეგორია „სხვა ხარჯებში“ მიუთითა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზედენტო არჩევნებზე რეკლამაში „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად ნაკლები - ჯამში 335 ათას 302 ლარი დახარჯა.
მისმა მთავარმა კონკურენტმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  მიმდინარე წლის წინასაარჩევნო კამპანიისას რეკლამაში მილიონ ლარამდე დახარჯა, საიდანაც ტელერეკლამის განთავსებისთვის 185 ათას 709   ლარი გადაიხადა. მაშინ, როდესაც საპრეზედენტო არჩევნებისას სატელევიზიო რეკლამაში ამ პარტიამ გაცილებით მეტი - 853 ათას 807 ლარი გადაიხადა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 15 ათასი ლარი - ბეჭდურში, 3 ათას 800 ლარი კი ინტერნეტ რეკლამაში გადაიხადა.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე კვალიფიციური სუბიექტები არიან, ამიტომ მათ ტელეეთერში პოლიტიკური რეკლამის უფასოდ განთავსების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რაც გამოიყენეს კიდეც.
როგორც ტელეკომპანიების მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინფორმაციიდან ჩანს, თბილისში ბაზირებული მაუწყებლებიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად უპირატესობა „რუსთავი 2“-ს მიანიჭა, ამ არხის ეთერში მისი ფასიანი რეკლამა წინასაარჩევნო კამპანიისას ჯამში 2 საათზე მეტხანს გადიოდა. ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში კი ამ პოლიტიკური პარტიის რეკლამა 9 წუთის ხანგრძლივობით გავიდა.
„ქართული ოცნების“ რეკლამა წინასაარჩევნო პერიოდში გადიოდა როგორც „რუსთავი 2“-ის, ისე „იმედისა“ და „კავკასიის“ ეთერში.
ქართულ სამაუწყელბო ბაზარზე პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი „რუსთავი 2“-ის ეთერში ღირს. აქ პრაიმ ტაიმში (საუკეთესო საეთერო დროს) 1 წუთი რეკლამის განთავსების ღირებულება 4 ათას 200 ლარიდან იწყება და 9 ათას 100 ლარამდე ადის.
არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს „იმედზე“ 1 წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გათავსება პრაიმ ტაიმში 5 ათასი ლარიდან 7 ათსს 800 ლარამდე დაუჯდებათ.
ნიკა მელია
მათთან შედარებით პოლიტიკური რეკლამა იაფია ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში აქ 1 წუთი რეკლამის ფასი პრაიმ ტაიმში 2 ათასიდან 5 ათას ლარამდე მერყეობს, თუმცა ამ არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ ერთმა საარჩევნო სუბიეტმა, „საქართველოს გზამ“ განათავსა. მათი ვიდეო რგოლები ეთერში 90 წამის განმავლობაში გადიოდა. საერთო ჯამში ამ პარტიას სატელევიზიო რეკლამის განთავსება 10 413 ლარი დაუჯდა.
ტელერეკლამაში ასევე დახარჯა თანხა კიდევ ორმა საარჩევნო სუბიექტმა „ პატრიოტთა ალიანსმა“ (3 800ლარი) და „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“(2500 ლარი). 
მხოლოდ ბეჭდურ მედიაში გადაიხადა  რეკლამისთვის გამოყოფილი თანხა, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ (16320  ლარი), „ერთიანობის დარბაზმა“ (9411 ლარი) და  „ქართულმა პარტიამ“ (11447 ლარი).
მხოლოდ ინტერნეტ რეკლამაში დახარჯა სარეკლამო თანხა მიხეილ გელა სალუაშვილმის პარტიამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, მან 1750 ლარი გადაიხადა. 


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT