„როლანდი ციხეში!“ ეს წარწერა ზუგდიდში წუხელ რამდენიმე ადგილას გააკეთეს, მათ შორის ზუგდიდის ცენტრალური ავტოსადგურის შენობის ფასადზე. სწორედ ამ ადგილზე წარწერის წაშლის დროს ზუგდიდში ინციდენტი მოხდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ლევან კვარაცხელია შავი პულტივიზატორით წარწერას შლიდა, მას ამის უფლება ავტოსადგურის თანამშრომელმა არსენა ჩანგელიამ არ მისცა და თვითმხილველის ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, თავში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა.
ინციდენტს ჰყავს თვითმხილველი თენგიზ შეროზია, როგორც მოწმე ყვება: „წარწერას ღებავდნენ, არსენა ჩანგელიამ უთხრა შავი საღებავით არ შეღებოთ თეთრით გადაღებეთო, ამათ შეაგინეს და იმანაც მგონი რაღაც ჩაარტყა“, - აცხადებს მოწმე.ლევან კვარაცხელიას ცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. დამატებით ინფორმაციას შსს-ში არ ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს მათი პარტიის წევრებზე „პოლიტიკურ დევნად“ აფასებენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია ბრალდებას „აბსურდს“ უწოდებს.