სტიუარდესები ნოდარ ხადურს უპირისპირდებიან!
გაზეთი "კვირის ქრონიკა", გელა ზედელაშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შინაურობაში უთქვამს, ვეტერან "სტიუარდესებს" პენსიებს არ მოვუმატებ, ეგენი დამლაგებლების რანგში გადიან, თვითმფრინავებში მხოლოდ ყავას არიგებდნენო. მოგეხსენებათ, საქართველოში არაფერი იმალება და ამ "ბრძნულმა" გამონათქვამმა 89 ყოფილი ბორტგამცილებლის ყურამდე მიაღწია. როგორც "ქრონიკასთან" საუბარში ვეტერანი სტიუარდესა, ლუბა ტოგონიძე ამბობს, თავად ხადური ჭამა-სმაზეა გადასული, მხოლოდ ამაში იღებს უზარმაზარ ხელფასსა და პრემიებს:
"ნოდარ ხადურს ქონები მალე ყურებიდან გადმოუვა. ეს ადამიანი სულ რესტორანში ზის გაუგებარ ბანკეტებზე და ჩვენზე იძახის, თვითმფრინავებში ჩაისა და ყავას არიგებდნენო? ჩვენ ავიაციაში ვიმუშავეთ საბჭოთა პერიოდში, თვეში ერთი დღე გვქონდა დასვენება, ხშირად სამი დღე და ღამე არ მძინებია. ეტყობა, ხადურმა არ იცის და ახლა ავუხსნი: როდესაც თვითმფრინავში ეკიპაჟი ამოდის, ის შედის კაბინაში, იკეტება და სანამ სადილის, ან ვახშმის დროს არ დაუკაკუნებ პაროლით, იქიდან არავინ გამოდის. ამ დროს ყველა სიმძიმე ბორტგამცილებლებზე გადადის".
ყოფილ სტიუარდესებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჰაერში გაატარეს, დღეს პენსია 190 ლარი აქვთ. ისინი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 94 ლარს იღებდნენ, ამის შემდეგ მოემატათ. 2009 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა სპეციალურ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც 89 ყოფილ ბორტგამცილებელს პენსიის სახით 560 ლარი დაენიშნა, მაგრამ როგორც ყოფილი სტიუარდესა, ლია იამპოლსკაია ამბობს, ეს დადგენილება ფინანსთა იმჟამინდელმა მინისტრმა, ნიკა გილაურმა სადღაც გადამალა და დადგენილება ძალაში საერთოდ არ შესულა. ეს ის დრო იყო, როცა მიხეილ სააკაშვილს ხმები ჰაერივით სჭირდებოდა (საპრეზიდენტო არჩევნებში განმეორებით იყრიდა კენჭს) და დაპირებებსა თუ დადგენილებებს ვედროებით არიგებდა. სხვათა შორის, ასე დაარიგა მან აჭარაში მიწის ნაკვეთები, მაგრამ მერე აღარავის გაუფორმეს და ეს საკითხი დღესაც პრობლემადაა ქცეული. ქალბატონი ლია კარგად უხსნის ნოდარ ხადურს, რატომ არ შეიძლება, გათანაბრდეს დამლაგებლისა და ბორტგამცილებლის პენსია:
"დიახ, ჩვენ გვევალებოდა ყავის მიტანაც, საჭმლის მიტანაც, ხან მშობიარეც მიგვიღია. გარდა ამისა, თვითმფრინავში ამოდიან ყველანაირი ადამიანები - ნარკომანებიც, ქურდებიც, ჯიბგირებიც, ტერორისტებიც... შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ჩვენი ერთი ეკიპაჟი დაიღუპა. პირველ დარტყმას ყოველთვის ვიღებდით ჩვენ - ზოგი შეურაცხყოფას გაყენებს, მაპატიეთ, ზოგი უკან გჩქმეტს, ზოგი ისეთ რაღაცებს აკეთებს, გაგიჟდები. ჩვენ შევდივართ საერთაშორისო ორგანიზაცია "იკაო"-ში და პენსიას ვითხოვთ მისი კანონის მიხედვით. წესით, ჩვენ უნდა ვიღებდეთ თვითმფრინავის კაპიტნის პენსიის 80 პროცენტს. თუ ის იღებს 600 ლარს, ჩვენ გვეკუთვნის 500 ლარი. ახლა ხადური ცდილობს, გაგვათანაბროს სანტექნიკებთან, დამლაგებლებთან და მიმტანებთან. ვინც დავფრინავდით, პილოტების ჩათვლით, ძალიან ცოტამ იცოცხლა 70 წლის ზემოთ, ყველა დაიღუპა ამ ასაკამდე. ჩვენი გოგოები და ბიჭები სულ ახალგაზრდები წავიდნენ. მე პირადად 4 ინფარქტი მაქვს გადატანილი და გამიკეთეს გულის ოპერაცია. ჩამომწერეს სამუშაო პროცესიდან, ავად გავხდი 25-წლიანი ფრენის შემდეგ. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ასეთი მიზერული პენსია არავის არა აქვს, სომხეთშიც კი ჩვენზე მეტი აქვთ. რა სისულელეებს ლაპარაკობს ნოდარ ხადური, მე რომ ახლა კოსმოსში გავფრინდე მზარეულად, საჭმელების მკეთებლის პენსია უნდა დამინიშნოს თუ კოსმონავტის? ამას დავანებოთ თავი, ჩვენ უბრალო დამლაგებლების რანგში რატომ გავყავართ, როცა ჯანმრთელობის მხრივ მეშახტეებთან ვართ გათანაბრებული და 25 წლის მუშაობა 50 წლის სტაჟად გვეთვლება? ამიხსნას ხადურმა, რომელ დამლაგებელს უშვებენ 45 წლის ასაკში პენსიაზე? მე ორი ვაჟი მყავს, ორივე მფრინავი იყო, ორივე აფხაზეთის ომის დროს დაფრინავდა სოხუმში, ერთს დამბლა დაემართა და ახლაც ლოგინადაა ჩავარდნილი".
ლუბა ტოგონიძის თქმით, თუ მათი საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ისინი ჯერ "იკაო"-ში იჩივლებენ, შემდეგ კი სასამართლოში. მართალია, ბიძინა ივანიშვილის მოსვლამდე მათ უფრო დაბალი პენსია ჰქონდათ და შემდეგ მოემატათ, მაგრამ, თუ რიგითი მოსამსახურის სტატუსს მიანიჭებენ, მაშინ ვეღარასოდეს მიიღებენ საერთაშორისო ნორმების მიხედვით დადგენილ პენსიას, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მხოლოდ 5 ლარი დაემატებათ.
"ქრონიკა" კომენტარისთვის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, თეა ბეგიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, პენსიების საკითხს ნოდარ ხადური ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს, მსგავსი პროექტები ეკონომიკის სამინისტროში მზადდება და ამ საკითხის შესახებ უფრო უკეთესად იციან ჯანდაცვის სამინისტროშიო.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოცუზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, გია კაკაჩია ამბობს: "დამლაგებლებთან და მოსამსახურე პერსონალთან გათანაბრება არ იქნება, პირიქით, ავიატორებისა და ძალოვნების საპენსიო კოეფიციენტი გაიზრდება. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ საბჭოთა პერიოდში იფრინა და ვინ შემდგომ პერიოდში".
რასაც ბატონი გია კაკაჩია ამბობს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ პროექტში მოხდა უხეში ჩარევა და ვეტერანი ავიატორები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია "იკაო"-ში იჩივლებენ, ხელისუფლებას მაინც მოუწევს დაწესებული ნორმების შესრულება. ხადურის საყურადღებოდ: "იკაოს" მიერ შემუშავებული და მიღებული ტექნიკურ-იურიდიული მოთხოვნების მთავარი თავისებურება ის არის, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურ-იურიდიულ ეტალონებად ითვლება და აქვს მორალურ-პოლიტიკური ხასიათიც კი. ვინაიდან "იკაოს" ბევრი ტექნიკურ-იურიდიული მითითება იძლევა საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების საჭირო დონის გარანტიას, სახელმწიფოები ცდილობენ, ზედმიწევნით შეასრულონ მისი მოთხოვნები, ხოლო შესრულებისგან თავის არიდება გამოიწვევს საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების დონის შემცირებას.