
საზოგადოება მორალური ორიენტირის გარეშეა დარჩენილი იმ საინფორმაციო შეტევის წინაშე, რომელსაც პრორუსული ორგანიზაციები ახორციელებენ. ამ განცხადებას "პირველ რადიოსთან" საუბრისას ექსპერტი ლაგაზიძე აკეთებს. ექსპერტი ბოლო პერიოდში საქართველოში პრორუსულ აქტივობებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში პრორუსული ძალების აქტიურობა შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, რუსეთი საქართველოში მოქმედებს იმავე გეგმის მიხედვით, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უკრაინაში. ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრემლი ქართულ საზოგადოებაში საკუტარი დასაყრდენის შექმნას ცდილობს.
"საქართველოში პრორუსული ძალაების აქტიურობა შემთხვევითი არ არის. ყველაზე საშიში არის ის, რომ საზოგადოება მორალური ორიენტირების გარეშეა დარჩენილი იმ საინფორმაციო შეტევის წინაშე, რომელსაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ. ბოლო წელიწადნახევარია საქართველოს საინფორმაციო სივრცე არის სრულიად დაუცველი რუსული შტურმისგან, რომლის მიზანია დაამკვიდროს განწყობა საზოგადოებაში, რომ ყოველგვარი დასავლური გახრწნილია და საზოგადოებას შეუქმნან დაუცველობის განცდა და დატოვოს რუსეთთან პირისპირ. ეს არის ის გზა, რომლითაც რუსეთი მოქმედებდა უკრაინაში, როდესაც საზოგადოებაში ამზადებდა საკუთარ დასაყრდენს. მე მესმის ის,რომ ხელისუფლება არის მაქსიმალურად ფრთხილი რუსეთთან მიმართებაში, რათა არ გამოიწვიოს რუსეთის ის გაღიზიანება, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს აგრესიის მორიგი ტალღის განხორციელებაში, თუმცა მეორეს მხრივ ურეაქციოდ ამ საინფორმაციო შტურმის მიშვებით, შესაძლოა ერთ დღესაც მივიღოთ საზოგადოება, რომლიც სრულიად დემორალიზებულია და კაპიტალინტურია რუსეთის საკითხთან მიმართებაში,"-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
გარდა რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისა ხათუნა ლაგაზიძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას პრორუსული აქტივობების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების ინდიფერენტულ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გარკვეული ტიპის კონტროლი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა ქვემდებაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველია.
"ძალიან ფართო სპექტრია იმ მოქმედებების, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს. ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს ნებისმიერი ჯგუფების, რომლის მოქმედებაც შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს, დაფინანსების წყაროებსა და მიზნებს. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ამან ტოტალური კონტროლის ფორმა უნდა მიიღოს, მაგრამ შესაბამისი სამსახურებს მინიმუმ ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ეს აქტივობები საიდან ფინანსდება. გასაკვიარია, როდესაც ხელისუფლება მძიმე შეფასებებს აკეთებს პროდასავლური არასამთავრობოების მიმართ და მე არ გამიგია ამავე ხელისუფლებისგან კრიტიკული შეფასება პრორუსული ჯგუფების აქტივობაზე. სიფრთხილესაც აქვს თავისი საზღვარი, ეს შეიძლება ინდიფერენტულობაში გადაიზარდოს და მას სერიოზული შედეგები მოჰყვეს,"-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.