ვ-ტელე-კრიტიკოსობ და, შესაბამისად, აუცილებელია მეტის წერა ჟურნალისტზე და ნაკლების - რესპონდენტზე თუ სტუმარზე, რომელსაც გადაცემის ავტორი მასპინძლობდა...
მეც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაზე ვწერ - ხანდახან „ძველი ინგა როა“ და ხანდახანაც „ძველ ინგას რომ არ ჰგავს“, იმ გრიგოლიაზე...
ვზივარ და ვბეჭდავ ტექსტს... სილქ-ტვ-ს საშუალებით გადავდივარ უკან, ვაჩერებ, ვიწერ ფრაზას, ვაკვირდები ქცევას, ვშიფრავ... ნიუანსებში მომწონს წამყვანი, ნიუანსებში ვიჭერ ზედაპირულობას... შოუ რომ შედგეს ამ მიზნისკენ მიმართულ ქმედებებს... მოკლედ, გრიგოლიაზე ვწერ - ბოლო ოც თუ არა თხუთმეტწლედის „საუკეთესო“ თუ (კი) არა, ყველაზე პოპულარულ ქართველ ჟურნალისტზე.
აი, მაგალითად, აუცილებლად აღსანიშნავია წამყვანის რიხიანობა და ერთი ამოსუნთქვა კონკრეტული გადაცემის ანონსირებისას - ახლაც ასე იყო - ინგამ დაიწყო და ისე, რომ არ ჩაუსუნთქავს, ჩაიკითხა: „ჩაუდგება თუ არა ქუჩის აქციებს სათავეში?.. რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილზე, გიორგი მარგველაშვილზე, დავით უსუფაშვილზე... ირაკლი ალასანიაზე“ - მიგაჯაჭვებს ამგვარი ანონსი „იმედს“ და დაგაჭერინებს განსხვავებას იმ წამყვანებთან, რომლებიც შედარებით მინორულები არიან.
ამგვარად ანონსირებას სწორედ ეს ახსნა და გამართლება აქვს - გრიგოლიას სურს მაყურებელი... გრიგოლია „კაიფობს“ მაყურებლით... გრიგოლიას უყვარს მაყურებელი... ასეთი იყო იგი „რუსთავი 2“-ზე მუშაობის დროსაც, საზ.მაუწყებელზეც და, ხანმოკლე კარიერის დროს, ვთქვათ - ტვ3-ზე, სადაც მას ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა... ეგ კი არა - თბილისში საარჩევნო კამპანიას რომ აწარმოებდა, მაშინაც ასეთი იყო - აგრესიული და მაყურებლის (ამომრჩევლის) მომწვევ-გამომწვევი.
... თუმცა, ყოველთვის როდი ეთანხვედრება რიხიანობა ანონსის დროს თავად ეთერს და ახლაც, ბოლო, პარასკევის ეთერისას, ვფიქრობ, ეს ცდომილება შესამჩნევი იყო - ანონსში აგრესიული ინგა ცოტა დაღლილი, უფრო კი მინავლებული ჩანდა ლევან ვასაძესთან „კამათისას“.
შესაძლოა კი არა და, მაღალი ალბათობით, წამყვანის კარგ ოპონენტად ვერ-გარდაქმნა განაპირობა „ტელე-ვამპირის“ - იშვიათად ხილული ლევან ვასაძის „დამაჯერებლობამაც“ - რესპონდენტი, რომელსაც, ჩანს, ძალიან მოსწონს საკუთარი თავი და კარგი ფსიქოლოგების დაკვირვებით უთუოდ შეფასდება ნარცისად, მთელი ვნებით საუბრობდა თემებზე, რომლებიც საზოგადოების ვნებათა ღელვას იწვევს... საუბრობდა და საუბრობდა - მარტო და მარტოდ.
წამყვანმა ერთი-ორჯერ კი სცადა დებატის გამართვა, მაგრამ, თუ გულრწფელები ვიქნებით, ეს თითქმის არ გამოუვიდა - გადაცემაში მოწვეული არა ვინმე ერთი „უგვანი და უბრალო“, არამედ „რაინდი ვასაძე“, „კარგადაც“ „შეიარაღებულიყო“ - ნაკვესები რაღაც „ოფიციალური“ მემორანდუმიდან , ციტატები რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ და ვიდეო-კადრები, რომელთა ნაწილიც „რეაქციის“ ჯგუფმა ეთერში მოახვედრა, მის მსჯელობას „დამაჯერებელს“ ხდიდა...
ხსენებულ კადრთა ეთერში გაშვება, შესაძლოა, საკამათოც კია - ჯერ ერთი, ვასაძის შეგროვილი „არგუმენტებს“ კომენტირებას უკეთებდა დაინტერესებული სუბიექტი, რომელიც იმთავითვე ჰქონდა მიზანი, ნეგატიურად წარმოეჩინა „მოთხრობილი ამბები“ და მეორე - წამყვანს, ჩანს, არ ჰქონდა დრო და საშუალება, წინასწარ ენახა ეს მასალა და დამოუკიდებელი წყაროებიდან გაერკვია, რეალურად რა იყო ასახული ამ კადრებში - მაგალითად - მართლა ასწავლიან თუ არა ამგვარი სახელმძღვანელოებით 6 (!!!) წლის ბავშვებს სკანდინავიის ქვეყნებში, ან - რას ეხებოდა აქციები საფრანგეთში რეალურად?..
კვლავ ვიტყვით - გრიგოლიამ მხოლოდ სცადა ოპონირება, მაგრამ, ამგვარ რეჟიმში აშკარად ვერ გადაზარდა გადაცემა და ერთგვარად თავადაც იქცა ვასაძის მონოლოგების „მიმღებად“... თუმცა, ამავე დროს, თავად კითხვათა უმრავლესობა იმგვარი იყო, რომ რესპონდენტი ბოლომდე გაიხსნა... არაფერს მორიდებია, თითქმის სრულად წარმოაჩინა საკუთარი თავი!
აქვე ვთქვათ, რომ ჟურნალისტი ჩვეულად აენთო მხოლოდ ერთხელ, როდესაც ვასაძემ დებატებში გამოიწვია ძმაკაცი პრეზიდენტი; პრემიერი, რომელიც მას ჯერაც მოსწონს და პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც იგი - „რაინდი“ - „ებრძვის“. გრიგოლიას ალბათ თვალწინ წარმოუდგა ეს შოუ... რეიტინგი, ოჰ, ეს სასურველი რეიტინგი!
სხვათა შორის, გრიგოლიას ვასაძისათვის არ უკითხავს - რატომ „დაარტყა“ ამ უკანასკნელმა პრაქტიკულად ყველაფერს, რაც დასავლეთიდან მოდის და ამით ერთგვარად გაიმეორა ის „ნარატივი“, რომელსაც ან რუსეთი ანაც რუსეთიდან ღიად მართული პირები ამკვიდრებენ. უამრავ ანტიდასავლურ განცხადებათა შორის, ჩემი აზრით მთავარი იყო ერთი - სიტყვა თქმული ვასაძის მიერ მინისტრ ალასანიაზე - ვასაძემ ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ საზიანოა - თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ეკუთვნის ინიციატივა საქართველოში დასავლეთის თავდაცვითი ობიექტების განთავსების თაობაზედ, ვასაძემ ამხანაგად მოიხსენია, ხოლო მერე კი თქვა, რომ რუსეთი მყისიერად დაგვბომბავს ამ, რეალური ქართული ოცნების ასრულების შემთხვევაში!
გრიგოლია, სამწუხაროდ, აღარ ჩაღრმავებია ამ თემას - ალბათ უფრო უდროობის გამო ვერ-დაჭერილი და, შესაბამისად, ვერ-განვრცობილი ეს შეგნებული წაცდენა ჩაიკარგა სხვა თემებსა და საკითხებში.
არადა, რეალურად, კარგი იქნებოდა, თუ რესპონდენტს, უფრო კი „რაინდით“ მოხიბლულ საზოგადოებას ვინმე იქვე აუხსნიდა, რომ ვასაძის „შიშები“ უსაფუძვლოა და ეს რუსული, რუსული და მხოლოდ რუსული გზავნილია!.. მაყურებელს დრო და დრო სჭირდება გამხნევება და ახსნა, რომ ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა - თუ თავდაცვითი ობიექტები განთავსდა (ან გადაწყვეტილება იქნა მიღებული), რუსეთი სწორედაც რომ ვერ გაბედავს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ!
... და ბოლოს - ვასაძე კი გვარწმუნებდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, მაგრამ, სწორედ გრიგოლიას ეთერში „მოინათლა“ არასახელდებულ პოლიტიკოსად (მახსენდება „ოქრუაშვილის მონათვლის“ ეთერი)... მეტიც - ლიდერად, რომელიც აკეთებს განცხადებებს ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის თაობაზედ და იქადნება, რომ ხელისუფლებას აუცილებლად გააუქმებინებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს...
არა-პოლიტიკოსი რომ ჰქვიათ, პოლიტიკა რომ არ უყვართ და სძულთ კიდეც... მაგრამ პროცესებს რომ მართავენ, ამგვარი ლიდერ(ებ)ი ჩვენ უკვე გვყავდა... ვასაძეც ამგვარად ყალიბდება და წინამორბედისაგან განსხვავებით, სულაც არ ჰყავს მომთოკი მრჩევლები - ელჩი რიჩარდი თუ წარმომადგენელი ფილიპი... თავად ვასაძეს, ჩანს, ისინი არც სჭირდება - ამგვარ ბედნიერებას არც ეძებს და ამდენად ... საშიშია!!!
სწორედ ამიტომ უნდა ვთქვა ახლა ერთი უცნაური სიტყვა - გრიგოლიას ეთერში მონათლული „ახალი ლიდერი“ კი არის საინტერესო რესპონდენტი, მაგრამ, მაინც სასურველია - ვასაძე და ამგვარი პირები იშვიათად იყვნენ ეთერში (ერთიც საკმარისია)... მეგობრებო - ნაკლები ვასაძე ხალხს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო გამოწვევებია...
ირაკლი ტაბლიაშვილი
media.ge