„თავისუფალი ზონის" აქტივისტის ტატო ლაგვილავას განცხადებით, მათი ორგანიზაციის სამ წევრს „ქართული ოცნების" აქტივისტებმა სცემეს და ვიდეოკამერა დაუმტვრიეს. ინციდენტი გამთენიისას ზუგდიდში მოხდა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ინციდენტის პროვოცირებაში „თავისუფალი ზონის" წევრებს ადანაშაულებს. აცხადებენ, რომ ორგანიზაციის წევრები პოლიტიკური კოალიციის მისამართით იგინებოდნენ, სალანძღავი სიტყვებით იხსენეიბდნენ მთავრობას და პრემიერ-მინიტრს. „ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ლაშა გვასალია აცხადებს, რომ დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ მოხდა.
„როგორც იცით დღეს პრემიერს ველოდებით და მოედანზე მზადება გვქონდა. ამ დროს მოვიდნენ „თავისუფალი ზონის" წევრები და ჩვენს ბიჭებს აგინებდნენ, შემდეგ ურთიერთდაპირისპირება მოხდა და როგორ დაიმტვრა კამერა არ ვიცი", - აცხადებს გვასალია.
პოლიტიკური კოალიცია, ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" აქტივისტებს პლაკატების ჩამოხევაშიც ადანაშაულებს. დაწყებულია გამოძიება. ზუგდიდის პოლიციაში უკვე დაკითხეს ინციდენტის მონაწილე პირები.