Express News

ინტერვიუ "უხილავების პროტესტის" ავტორებთან



"ეს ინსტალაცია უხილავებისთვისაა. მათთვის ვინც არ ჩანს, ვისი სათქმელიც არ ისმის, ვისი არსებობაც არ არის აღიარებული. ეს ინსტალაცია ჩვენთვისაა, ყველასთვის ვინც ყოველდღიურად ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვხედავთ და არ ვუსმენთ ერთმანეთს," - პუშკინის სკვერში 100-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი აწყვია. აქცია-ინსტალაცია "უხილავების პროტესტი" გრძელდება. 
"ლიბერალი" იდეის ავტორებს და აქციის ორგანიზატორებს ესაუბრა: 
რატომ ფეხსაცმელები?
ეს ინსტალაციაა.  ყველაზე მკვეთრი სიმბოლური ვიზუალიზაცია.  ფეხსაცმელები ბევრ რამეს მოიცავს. დღეს რომ ვუყურებდით, ხალხი აკვირდება, ეს ვიზუალური შთაბეჭდილება ხალხს რჩება, თუნდაც იმათ, ვისაც არ წაუკითხავს კონცეფცია. ძალიან ბევრმა აიღო და მოისინჯა  ფეხსაცმელი...
მიუხედავად იმისა, რომ  სადღაც ადამიანები ფიზიკურად  შეიძლება არ იდგნენ, მათი არსებობა ყოველთვის აისახება რაღაცაში, ყოველი ცარიელი ფეხსაცმელის მიღმა დგას ადამიანი თავისი წუხილებით, თავისი პრობლემებით, რომელსაც ვერავის უზიარებს. მეორე  მხრივ, აისახება ის, რომ ამ ადამინებს არ აქვთ უფლება ერთად დადგნენ, თავიანთი სურვილები, მიზნები, ინტერესები გამოხატონ, ერთმანეთს, საზოგადოებას გაუზიარონ და  თავიანთი ხმა ერთმანეთამდე მიიტანონ.
ვფიქრობდით აუდიო ინსტალაციაზე, თოჯინებზეც, მაგრამ არ გვინდოდა ყოფილიყო ისეთი რამ, რის მიმართაც ძალადობის გამოხატვაა შესაძლებელი. ბოლოს მივედით რაღაც ისეთამდე, რაც ასახავს ამ უხილავი ადამიანების არსებობას და მათ უუფლებობას.
რატომ არ გსურთ ვინაობის გასაჯაროება?
ეს კონცეფციის ნაწილია. ვიფიქრეთ, რამდენად სწორია, რომ არ ვფიგურირებთ როგორც პიროვნებები ან ჯგუფი, რომელსაც იდეა გაუჩნდა. ჯერ ერთი, არანაირი ჯგუფი არ ვართ,  ვართ მეგობრები, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და საერთო იდეებს ვიზიარებთ.  შევთანხმდით, რომ  მოგვწონს ეს იდეა და გავაკეთეთ.
ძალიან ხშირად  როდესაც რაღაც კონცეფციაზეა საუბარი, ხშირად ფოკუსი ორგანიზატორების ჯგუფზე, მათ მოტივაციაზე, ან სულაც პირად ცხოვრებაზე გადადის. ჩვენ არ გვინდა რომ ყურადღება ჩვენზე გამახვილდეს, კონცეფცია  კი ცალკე დარჩეს. 
კონცეპტი, რომელიც პუშკინის სკვერშია გამოქვეყნებული, გასაგებია, თუმცა უფრო კონკრეტულად საზოგადოების რომელი ჯგუფია ამ პერფორმანსის ფოკუსში მოქცეული?
ეს  უხილავობის პროტესტია. მასში არ არის გამოყოფილი ერთი რომელიმე ჯგუფი. შეიძლება 17 მაისის გამო  ფოკუსში ლგბტ თემი მოექცა,  მაგრამ ეს ყველა ჯგუფს ეხება.  ეს დეფინიცია მორგებულია  ყველასა და ყველაფერზე, რისი მიღებაც საზოგადოებას არ შეუძლია.
ქვეყანაში არსებობს  არაერთი უხილავი ჯგუფი და ადამიანი, რომლებიც  სინამდვილეში ცდილობენ  ხმაც ამოიღონ, ერთმანეთს ესაუბრონ, მაგრამ ხშირად  აგრესიის, ზოგჯერ კი გულგრილობის გამო დავიწყებულები არიან.   
ლგბტ  თემი  ფაქტიურად ერთდერთი ჯგუფია,  რომელმაც ერთი წლის წინ გაბედა მსგავს უხილავობას დაპირისპირებოდა.
თუ ერთმანეთის პირისპირ არ ვდგებით, ერთმანეთის მიმართ შიშის  ვერ ვძლევთ, თუ ერთმანეთის პრობლემებს არ ვუსმენთ და არ ვამჩნევთ, ისინი თავისით არ გადაიჭრება. 
გიფიქრიათ იმაზე, თუ  რამდენად ეფექტური იქნება ეს აქცია?
რაღაც სეგმენტს, ვინც სკვერში გაიარა,  ადამიანებს, ვინც სოციალური ქსელებით გაიგო ეს ამბავი, მაინც მივწვდებით.
ეს ინსტალაცია დღეს მორჩება, მაგრამ ვაპირებთ გადავინაცვლოთ ვებზე, სადაც ისტორიები ისევ ფეხსაცმელებზე იქნება აგებული. შეიძლება  ამ კონცეფციის ფორმა განვითარდეს, ბევრი რამის დამატება შეიძლება...


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT