Express News

რაში დახარჯა სააკაშვილმა 1 533 222 ლარი პრეზიდენტობის ბოლო წელს - ექსპრეზიდენტის გაუხმაურებელი ხარჯები



2013 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 41 ვიზიტით იმყოფებოდა. სააკაშვილის  რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია IDFI-მ გამოითხოვა.

IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, საიდანაც დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის – სულ დაახლოებით 87 500 დოლარი. 

"აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 82 200 დოლარი ყოფილმა პრეზიდენტმა აიღო სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით. როგორც მოყვანილი მონაცემებით ჩანს, მივლინებების განმავლობაში სადღეღამისო ნორმის დანამატი არც თუ ისე მცირე თანხას შეადგენს. მიუხედავად ამისა, სადღეღამისო ხარჯი არ იბეგრება და ასევე არ აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მივლინებების დროს გამოყოფილი სადღეღამისო ხარჯი დარიცხვის ნაცვლად გაიცემა ხელზე. ყოველივე აღნიშნული კითხვებს აჩენს ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი და მიზანმიმართული განკარგვის, ხოლო მეორე მხრივ, თანამდებობის პირების შემოსავლების გამჭვირვალობის კუთხით", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში. ამასთან, IDFI განმარტავს, რომ "ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/10 განკარგულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ექვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

რაც შეეხება პრეზიდენტის სასტუმროს ხარჯებს, IDFI-ის ინფორმაციით, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არა იმდენად თავად ნომრების საფასური, რამდენადაც გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი ოდენობა.

2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხებმა ჯამში დაახლოებით 362 000 დოლარი შეადგინა. მათ შორის ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი, სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის ცხრა დღიანი ვიზიტი დაუჯდა აშშ-ში.

აშშ-ს ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა, იყო სასტუმრო Peninsula New York-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3500 დოლარი გადაიხადა. სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი).

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი მეორედაც გაჩერდა იმავე სასტუმროში, 2013 წლის 2 მაისს, და ერთ ნომერში გადაიხადა 950 დოლარი. ამას გარდა Peninsula New York-ში ჯამში 2521 დოლარი იქნა გადახდილი – გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სულ სასტუმროში ორი გაჩერებისას,  28-30 აპრილსა და 2-3 მაისს, პრეზიდენტმა 15 721 დოლარი გადაიხადა. 

მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდ სასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა 950 დოლარიდან 3500 დოლარამდე მერყეობს, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2400 დოლარია. შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები მაქსიმუმ 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი რაოდენობის გამო, მთლიანობაში გადახდილია 43 804 დოლარი – თითქმის ორჯერ მეტი. 

2013 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი ხუთჯერ იმყოფებოდა ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. IDFI-იმ გამოითხოვა 
დეტალური ინფორმაცია ორი ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ, რომლებიც 26-27 მაისსა და 20-24 ივლისს შედგა. აღნიშნული ვიზიტებისას ქვეყნის ყოფილი პირველი პირი სასტუმრო "One and Only Royal Mirage Jumeira Beach"-ში გაჩერდა.

2013 წლის 26-27 მაისის ვიზიტი დუბაიში სახელმწიფო ბიუჯეტს სულ დაახლოებით 33 000 დოლარი დაუჯდა. ორი ღამის საფასურმა "One and Only Royal Mirage Jumeira Beach"-ში 7 000-მდე დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება დუბაიში 2013 წლის ივლისის ვიზიტს, მისმა მთლიანმა ხარჯმა დაახლოებით 25 000 დოლარი შეადგინა, საიდანაც სასტუმროს ხარჯები  დაახლოებით 12 500 დოლარი იყო. აღნიშნულ თანხაში 2 ღამის საფასურის გარდა შედის 4 000 დოლარი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და 2 800 დოლარი ნომრიდან გვიან გამოსვლისთვის.

დუბაიში ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირით გაემგზავრა სინგაპურში, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 41 000 დოლარი გამოიყო.

სინგაპურში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ორ სხვადასხვა სასტუმროში გაჩერდა – "Marina Bay Sands Singapore"-სა და "Mandarin Oriental Singapore"-ში. სულ სინგაპურში ყოფნისას სასტუმროში განთავსება დაახლოებით 21 300 დოლარი დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სულ ოფიციალურ ვიზიტებზე გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 857 452 ლარი დაიხარჯა. ამ თანხის 82% – 1 533 222 ლარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე მოდის.


ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT