ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერს ლალი ანთიას “სასმელი წყლის მილების” საქმეზე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ანთიას წინააღმდეგ პროკურატურამ 177-ე მუხლით აღძრა საქმე, რომელიც ჯგუფურ ქურდობას გულისხმობს. სასამართლო პროცესს ბრალდებული არ დასწრებია. მისი უფლებები პროცესზე სახაზინო ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ დაიცვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლალი ანთიას 5-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერს კიდევ აქვს წაყენებული ბრალდება, რომელიც თაღლითური გზით პატიმრის ოჯახისთვის ქრთამის სახით გარკვეული თანხის გამოძალვას ეხება.
შეგახსენებთ, რომ “წყლის მილების საქმესთან” დაკავშირებით ლალი ანთიასთან ერთად დაკავებულია სამი პიროვნება. ზუგდიდელებს გოგა ყალიჩავას, კახაბერ მალანიასა და რამაზ ხოჭოლავას წინააღმდეგ საქმე ასევე ჯგუფური ქურდომის მუხლით არის აღძრული. სამივე პიროვნებას დაახლოებით ერთი თვის წინ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
smo.ge-ს წყაროს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ჯერჯერობით დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატის განცხადებით ანთია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გაკეთებას არ გამორიცხავს.