Express News

როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს


საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტების სიძვირეზე და სესხების აღების სიძნელეზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ბოლო წლებია აქტიურად მიუთითებენ. საბანკო სფეროში არსებულ ძვირ კრედიტებს ისიც ემატება, რომ ბანკები მომხმარებელს სხვადასხვა ფანდებით სესხს უძვირებენ, რაც უმეტესწილად კლიენტების საბანკო საქმის უცოდინარობიდან გამომდინარეობს. ბანკის თანამშრომლები კი კლიენტთა ურთიერთობისათვის სპეციალურ კურსებს გადადიან, სადაც ასწავლიან, თუ როგორ უნდა შეაპარონ მომხმარებელს მისთვის საფრთხის შემცველი პირობები. 

ბანკის მიერ კლიენტისთვის კრედიტის გაძვირების ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, როდესაც მომხმარებელს ბანკში მოთხოვნილ გარკვეული ოდენობის კრედიტს ერთის ნაცვლად 2–3 სხვადასხვა სახის სესხზე უყოფენ და ისე აძლევენ. მაგალითისთვის, კონკრეტული შემთხვევა განვიხილოთ. კლიენტს 15 000 დოლარის იპოთეკური სესხის აღება ესაჭიროებოდა, ამისათვის უწევდა ახლად შესაძენი ბინის იპოთეკით დატვირთვა, რომლის ღირებულება მოთხოვნილი სესხის ოდენობას ორჯერ აღემატებოდა, თუმცა ბანკმა კრედიტი მაინც არ დაამტკიცა. შექმნილი მდგომარეობიდან „გამოსავალი“ ბანკის კრედიტოფიცერმა „იპოვა“, რომლის თანახმადაც საკრედიტო ინსტიტუტი კლიენტს 12 000 დოლარის სესხს იპოთეკური კრედიტის ფარგლებში გამოუყოფდა, ხოლო დარჩენილ 3 000 დოლარზე საკრედიტო ბარათს მისცემდნენ. ესაა კონკრეტული სქემა, როდესაც კლიენტს კრედიტი თითქმის ორჯერ უძვირდება და მომხმარებელთა უმეტესობა რატომღაც ბანკისგან დახმარებად მიიჩნევს. 

იპოთეკური სესხი ერთ–ერთი ყველაზე დაბალპროცენტიანი საკრედიტო პროდუქტია, რადგან იგი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. საქართველოში იპოთეკური სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთები დოლარში 11–16%–ის ფარგლებში მერყეობს, რომლის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 25–35%–ის ფარგლებში იქნება, თუმცა საკრედიტო ბარათები, სწრაფ სესხებთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული სესხების სიაში შედის, ქართულ საბანკო ბაზარზე. გამომდინარე აქედან, როდესაც კლიენტს სურს იპოთეკური (ერთ–ერთი ყველაზე დაბალპროცენტიანი) სესხის აღება, ბანკი მთელ თანხას არ აძლევს ამ კრედიტის ფარგლებში და მოთხოვნილი თანხის 20%–ს (ამ შემთხვევაში) ბაზარზე ყველაზე მაღალ პროცენტიან სესხს აღებინებს. თუ იპოთეკური სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 25–35%–ის ფარგლებში მერყეობს, საკრედიტო ბარათების ეფექტური პროცენტის მაჩვენებელი მინიმუმ 60%–იდან იწყება და ზოგჯერ 100%–საც აჭარბებს. 

ბანკის მიერ კლიენტისადმი მსგავსი მიდგომა ლოგიკის ჩარჩოში ვერ ჯდება. თუ კლიენტს 15 000 დოლარიან სესხს იმიტომ არ აძლევს, რომ მისი ამ კრედიტის გადახდისუნარიანობა ეჭვქვეშ დგას და მხოლოდ 12 000 გადამხდელია, მაშინ რა განსხვავებაა, როდესაც დარჩენილ კრედიტს, 3 000 დოლარს, საკრედიტო ბარათის სახით აძლევს, რომელიც 2–3–ჯერ უფრო ძვირადღირებული პროდუქტია, ვიდრე იპოთეკური სესხი?! ანუ, გამოდის, რომ ბანკს კლიენტის გადახდისუნარიანობაში ეჭვი ეპარება და უფრო უმძიმებს საკრედიტო პირობებს?! 

მსგავს სიტუაციაში კლიენტის მხრიდან საუკეთესო გამოსავალი შემოთავაზებაზე უარის თქმაა. მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაუფიქსიროს ბანკის თანამშრომელს, რომ ან მთელ მოთხოვნილ თანხას იპოთეკური სესხის პირობებში მისცემენ, ან სხვა ბანკში წავა. შესაბამისად, თუ ბანკი არ დათანხმდება კლიენტის პირობებს, ის უფრო მეტი შემოსავლის ძიების პირობებში სესხს მთლიანად დაკარგავს.

გიორგი მუშკუდიანი


http://bfm.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT