ინტერპოლის ვებგვერდზე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსებულია.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერეკლე კოდუას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში ედება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ერეკლე კოდუამ უნგრეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას კოდუას ადვოკატი ოთარ კახიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება ერეკლე კოდუას შსს-ს სპეციალური ოპერატიური დეპარტამენტის უფროსად მუშაობის პერიოდს. გამოძიების ცნობით, კოდუამ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, გარკვეულ პირებს ძვირადღირებული ავტომანქანები მოსთხოვა.
მთავარმა პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე წაუყენა.