ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაძლიოს კრიზისი, თუკი ეს მოსალოდნელია.
როგორც ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, გზა ნატო-სკენ არ არის მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევანი, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია, რომელსაც წინ არაფერი დაუდგება.
“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქართველოში არ მოხდება. ერთი მხრივ, ხელისუფლება მზადაა, დაძლიოს ეს კრიზისი, თუ ეს არის მოსალოდნელი და მეორე მხრივ, გზა ნატო-სკენ _ ეს არ არის არჩევანი მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის და საქართველოს ხელისუფლების, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და იმედი მაქვს, რომ მას წინ არაფერი დაუდგება, ვინაიდან ეს დაადასტურა როგორც რეფერენდუმმა, ასევე ბოლო არჩევნებმა, როდესაც პრორუსულმა ძალებმა მთლიანობაში 10%-ზე მეტი ვერ დააგროვეს. შს მინისტრმა გაცილებით მეტი იცის, ვინაიდან მას აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა იმედი მაქვს, მსგავსი რამ არ განმეორდება”, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძემ განმარტა, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, ქვეყანაში აურზაური გამოიწვიონ, რაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად სჭირდებათ.